კითხვები, რომლებიც უნდა დასვათ მანამ, სანამ სკოლას აირჩევთ: "დააკვირდით არა მხოლოდ რას გპასუხობენ, არამედ - როგორ" - მშობლები

კითხვები, რომლებიც უნდა დასვათ მანამ, სანამ სკოლას აირჩევთ: "დააკვირდით არა მხოლოდ რას გპასუხობენ, არამედ - როგორ"

2026-08-13 10:45:05+04:00

თუ სკოლას პირველად ეცნობით, ადმინისტრაციასთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა იმის გასარკვევად, რეალურად როგორ მუშაობს სკოლა. კითხვები, რომლებიც ქართულ რეალობაში მშობელს ყველაზე მეტ ინფორმაციას მისცემს, რამდენიმე მნიშვნელოვან თემას ეხება. აი, რა კითხვებზე უნდა მოიპოვოთ პასუხი, როცა სკოლას არჩევთ:

აკადემიური შედეგები და მათი დინამიკა

სკოლის შეფასებისას ხშირად პირველ რიგში კითხულობენ, რამდენად კარგად სწავლობენ იქ ბავშვები. თუმცა მხოლოდ ერთი წლის შედეგი სრულ სურათს ვერ გვაძლევს. უფრო მნიშვნელოვანია, როგორ იცვლება სკოლის შედეგები წლიდან წლამდე.

1. „როგორი შედეგები აქვთ თქვენი სკოლის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ეს მაჩვენებელი?“

კარგია, თუ სკოლას შეუძლია არა მხოლოდ წარმატებული კურსდამთავრებულების ჩამოთვლა, არამედ ზოგადი სურათის ჩვენებაც.

2. „რამდენად ხშირად მონაწილეობენ მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და საგნობრივ პროექტებში და რა შედეგები აქვთ?“

აქ მხოლოდ გამარჯვებულთა რაოდენობა არ არის საინტერესო. მნიშვნელოვანია, ქმნის თუ არა სკოლა გარემოს, სადაც დაინტერესებულ ბავშვს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების განვითარება.

3. „თუ რომელიმე საგანში მოსწავლეებს შედარებით სუსტი შედეგები აქვთ, რას აკეთებს სკოლა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?“

ამ კითხვაზე პასუხი კარგად აჩვენებს, რამდენად შეუძლია ადმინისტრაციას პრობლემების დანახვა და მათზე რეაგირება.

მასწავლებლები და მათი პროფესიული განვითარება

ძლიერი სკოლა ძლიერი მასწავლებლების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ღირს იმის გარკვევაც, რამდენად სტაბილურია პედაგოგიური გუნდი.

4. „რამდენად ხშირად გადიან მასწავლებლები პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და გადამზადებას?“

5. „ხშირად იცვლებიან მასწავლებლები? საშუალოდ რამდენი წელია, რაც პედაგოგები ამ სკოლაში მუშაობენ?“

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კითხვაა დაწყებით კლასებში. ბავშვისთვის რთული შეიძლება იყოს, თუ მასწავლებლები მუდმივად იცვლებიან.

6. „როგორ ეხმარებით ახალ და ახალგაზრდა მასწავლებლებს? გყავთ სკოლაში ახალი კადრები?"

კარგ სკოლაში პროფესიული განვითარება მხოლოდ მასწავლებლის პირად ინიციატივაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

მაღალი აკადემიური შედეგები კარგია, მაგრამ ბავშვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს.

7. „რა ხდება, თუ ბავშვი სკოლაში დაშავდა, შეუძლოდ გახდა ან სხვა გადაუდებელი შემთხვევა მოხდა? ვინ უკავშირდება მშობელს და ვინ უწევს ბავშვს პირველ დახმარებას?“

ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ, არის თუ არა სკოლაში სამედიცინო კაბინეტი ან შესაბამისი პასუხისმგებელი პირი.

8. „როგორ რეაგირებს სკოლა ბულინგზე? რა ხდება მაშინ, თუ ბავშვი ამბობს, რომ თანაკლასელი ავიწროებს, დასცინის ან ფიზიკურად ეხება?“

აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტული პასუხი. მხოლოდ ფრაზები, „ჩვენთან ბულინგი არ ხდება“ ან "ბავშვები თავად გაერკვევიან" დამამშვიდებელი პასუხი ნამდვილად არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რა პროცედურა იწყება პრობლემის დაფიქსირების შემდეგ, ვინ ერთვება პროცესში და როგორ ხდება ბავშვის დაცვა.

9. „ჰყავს თუ არა სკოლას ფსიქოლოგი და რამდენად ხელმისაწვდომია ის მოსწავლეებისთვის?“

ასევე იკითხეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს თავად მიმართოს ფსიქოლოგს და რა შემთხვევაში უკავშირდება სპეციალისტი მშობელს.

როგორ ურთიერთობს სკოლა მშობლებთან

ბევრი პრობლემა სწორედ მაშინ მწვავდება, როდესაც მშობელი ბავშვის სირთულეების შესახებ ძალიან გვიან იგებს.

10. „როგორ და რამდენად ხშირად აწვდით მშობლებს ინფორმაციას ბავშვის აკადემიური პროგრესისა და პრობლემების შესახებ?“

საქართველოში სკოლების ნაწილი ელექტრონულ ჟურნალს იყენებს, ნაწილი მშობლებთან კლასის დამრიგებლის საშუალებით ურთიერთობს, ზოგან კი კომუნიკაციის ძირითადი საშუალება სხვადასხვა ონლაინჯგუფია. ამიტომ წინასწარ გაარკვიეთ, რა პრაქტიკაა კონკრეტულ სკოლაში.

11. „თუ ბავშვს გადაუდებელი პრობლემა შეექმნა, როგორ შეიძლება კლასის დამრიგებელთან, ადმინისტრაციასთან ან ფსიქოლოგთან სწრაფად დაკავშირება?“

12. „სად ქვეყნდება საშინაო დავალებები, შეფასებები და მნიშვნელოვანი შეტყობინებები?“

ეს ერთი შეხედვით ტექნიკური საკითხია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მშობლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

წრეები, დამატებითი აქტივობები და ინდივიდუალური მხარდაჭერა

ბავშვი სკოლაში მხოლოდ გაკვეთილებზე არ უნდა ვითარდებოდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა შესაძლებლობები აქვს მას საკუთარი ინტერესების აღმოსაჩენად.

13. „რა წრეები, კლუბები, სპორტული თუ შემოქმედებითი აქტივობები გაქვთ და რომელია უფასო?“

თუ სკოლა კერძოა, აუცილებლად დააზუსტეთ, შედის თუ არა ეს მომსახურებები სწავლის საფასურში.

14. „როგორ ეხმარებით როგორც მაღალი აკადემიური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, ისე მათ, ვისაც რომელიმე საგანში ჩამორჩენა აქვს?“

კარგი სკოლა მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას აკეთებს მაშინ, როდესაც ბავშვს სწავლა უჭირს.

15. „აქვთ თუ არა ბავშვებს პროექტებზე მუშაობის, პრეზენტაციების მომზადებისა და გუნდური მუშაობის შესაძლებლობა?“

ეს უნარები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება უფროს კლასებში და უნივერსიტეტისთვის მომზადებისას.

ინფრასტრუქტურა, ხარჯები და ყოველდღიური საკითხები

სკოლის დათვალიერებისას მშობლები ხშირად ყურადღებას აქცევენ გარემონტებულ კლასებსა და ლამაზ ეზოს, მაგრამ ყოველდღიური კომფორტისთვის სხვა დეტალებიც მნიშვნელოვანია.

16. „რა დამატებითი ხარჯები შეიძლება ჰქონდეს ოჯახს სასწავლო წლის განმავლობაში?“

კერძო სკოლაში დააზუსტეთ, რას მოიცავს სწავლის საფასური — კვებას, ტრანსპორტს, სახელმძღვანელოებს, ფორმას, ექსკურსიებს, წრეებს თუ სხვა მომსახურებებს.

საჯარო სკოლაში კი შეგიძლიათ პირდაპირ იკითხოთ, არსებობს თუ არა რაიმე ხარჯი, რომლის დაფარვასაც მშობლებს პრაქტიკაში სთხოვენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საჯარო სკოლაში მშობლისგან ე.წ. სავალდებულო „კლასის ფულის“ ან სკოლის საჭიროებებისთვის იძულებითი შენატანის მოთხოვნა ჩვეულებრივ გადასახადად არ უნდა იქცეს. თუ საუბარია ნებაყოფლობით შემოწირულობაზე, მშობელს უნდა შეეძლოს მასზე უარის თქმა ბავშვისთვის რაიმე უარყოფითი შედეგის გარეშე.

17. „როგორ კონტროლდება სკოლაში უცხო პირების შესვლა და როგორია უსაფრთხოების სისტემა?“

აქ შეგიძლიათ იკითხოთ მანდატურის, დაცვის, ვიდეომეთვალყურეობისა და შენობაში შესვლის წესების შესახებაც.

18. „როგორია კვების სისტემა და სად ატარებენ ბავშვები შესვენებებს?“

თუ ბავშვი სკოლაში დღის დიდ ნაწილს ატარებს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, არის თუ არა ბუფეტი ან სასადილო, შეუძლია თუ არა ბავშვს სახლიდან წაღებული საკვების ჭამა და როგორია დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცე.

სკოლის კულტურა და ღირებულებები

შესაძლოა სკოლას კარგი აკადემიური შედეგები ჰქონდეს, მაგრამ მისი მიდგომა თქვენს ოჯახს საერთოდ არ შეესაბამებოდეს. ამიტომ ადმინისტრაციასთან შეხვედრისას მხოლოდ ნიშნებსა და გამოცდებზე ნუ ისაუბრებთ.

19. „რა არის თქვენი სკოლის მთავარი პრინციპი — როგორი მოსწავლის აღზრდას ცდილობთ?“

ამ კითხვაზე პასუხით ხშირად ბევრად მეტს გაიგებთ სკოლის შესახებ, ვიდრე სარეკლამო ტექსტიდან.

20. „რა ტრადიციული ღონისძიებები, პროექტები, ექსკურსიები, სპორტული თუ საქველმოქმედო აქტივობები ტარდება წლის განმავლობაში?“

21. „რამდენად არიან მშობლები ჩართული სკოლის ცხოვრებაში და არსებობს თუ არა მშობელთა წარმომადგენლობითი ორგანო ან სხვა ფორმა, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება?“

როგორ გამოიყენოთ ეს კითხვები პრაქტიკაში

საჭირო არ არის დირექტორთან შეხვედრაზე ტელეფონი გახსნათ და ოცდაერთივე კითხვა ერთმანეთის მიყოლებით წაიკითხოთ. წინასწარ მონიშნეთ ის საკითხები, რომლებიც კონკრეტულად თქვენი ბავშვისთვისაა მნიშვნელოვანი. თუ მას უჭირს ახალ გარემოსთან შეგუება, მეტი ყურადღება ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ბულინგის მართვას დაუთმეთ. თუ ბავშვი კონკრეტული საგნით, სპორტით ან ხელოვნებითაა დაინტერესებული, დამატებითი შესაძლებლობები გამოიკვლიეთ.

თუ რამდენიმე სკოლას არჩევთ, სასარგებლოა პასუხების ჩანიშნვაც. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ დეტალები ადვილად ირევა, ხოლო კონკრეტული ინფორმაცია — რა წრეებია, როგორ ხდება მშობელთან კომუნიკაცია, რამდენად ხშირად იცვლებიან მასწავლებლები, როგორ რეაგირებენ კონფლიქტზე — სკოლების შედარებას გაცილებით გაგიადვილებთ.

დააკვირდით არა მხოლოდ რას გპასუხობენ, არამედ როგორ. თუ ადმინისტრაცია კონკრეტულ კითხვებს მშვიდად პასუხობს, პრობლემების არსებობას არ უარყოფს და გიხსნით, როგორ აგვარებს მათ, ეს კარგი ნიშანია. თუ თითქმის ყველა პასუხი შემოიფარგლება ფრაზებით — „ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება“, „ყველაფერი ძალიან კარგადაა“ ან „ამაზე ნუ ინერვიულებთ“ — დამატებითი ინფორმაციის მოძიება ნამდვილად ღირს.

საბოლოოდ, კარგი სკოლის არჩევა მხოლოდ რეიტინგის ან სახლთან სიახლოვის მიხედვით არ ხდება. ბავშვს სჭირდება ადგილი, სადაც ხარისხიან განათლებასთან ერთად უსაფრთხოდ იგრძნობს თავს, ექნება მხარდაჭერა და მშობელსაც ეცოდინება, ვის მიმართოს პრობლემის შემთხვევაში. რაც მეტ კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ სკოლაში ჩარიცხვამდე, მით ნაკლებია ალბათობა, რომ რამდენიმე თვის ან ერთი წლის შემდეგ ბავშვისთვის სკოლის შეცვლის სტრესული პროცესის გავლა ისევ მოგიწიოთ.

“სკოლის მთავარი მისიაა, აღმოაჩინოს თითოეულ ბავშვში უნიკალური შესაძლებლობები და დაეხმაროს მას საკუთარი გზის პოვნაში“ - ინტერვიუ ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ დირექტორთან, ქალბატონ ეკა ჩიქობავასთან
როგორ უნდა გაატაროს ბავშვმა ზაფხული, რომ სკოლაში გონებაგაფანტული და კალაპოტიდან ამოვარდნილი არ დაბრუნდეს