გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, ბიძინა კულუმბეგოვი, პოდკასტში "ჯანმრთელობის დღიურები" საუბრობს, რა გავლენა აქვს მთის ჰაერს სასუნთქი სისტემების ალერგიულ დაავადებებზე:
- ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ზღვის დონიდან მაღალ სიმაღლეზე არსებული ჰაერის დადებითი გავლენა სასუნთქი სისტემის ალერგიულ დაავადებებზე დადასტურებული ფენომენია. ამ მოვლენას ალპური ჰაერის გავლენა ეწოდება.
ბავშვთა ასაკიდან დაწყებული ასთმისა და ალერგიული დაავადებების დროს, იმ გეოგრაფიულ სივრცეში, სადაც პაციენტი ხვდება, ალერგენების კონცენტრაცია თუ დაბალია, დაავადების მიმდინარეობა, რა თქმა უნდა, ცალსახად უმჯობესდება. ამ საკითხზე ორი აზრი არ არსებობს.
აქ ორი მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გამოვყოთ: პაციენტი აუცილებლად კონკრეტულ, ნიშანდებულ კურორტზე უნდა წავიდეს, თუ ზოგადად სიმაღლეა სასარგებლო და ადგილს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს?
ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები, რომ თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი სახლის მტვერია (როგორც რინიტისა და ასთმის ალერგიული ფენოტიპის ყველაზე გავრცელებული რესპირაციული ალერგენი), ზღვის დონიდან 1200-დან 1600 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარე ნებისმიერი დასახლებული ტერიტორია იდეალურ გარემოს წარმოადგენს. დაბალი ტენიანობა, დღე-ღამურ ტემპერატურას შორის მკვეთრი სხვაობა და ჰაერში ჟანგბადის კუთრი წონა მტვრის ტკიპების ცხოველქმედებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის.
დადგენილია, რომ თუ, მაგალითად, ქუთაისის, ზუგდიდის, ხონის ან ბათუმის პირობებში საწოლის ლეიბის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე 10 000 მტვრის ტკიპა ბინადრობს, 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში ეს მაჩვენებელი 50-დან 100 ერთეულამდე მცირდება. ასეთი სხვაობა იქნება.
ჩვენი მიზანი მაინცდამაინც ძვირად ღირებული კურორტების შერჩევა კი არ უნდა იყოს, არამედ მაღალმთიანი ადგილის სწორად შერჩევა, სადაც ზომიერების დაცვაა საჭირო. ძალიან მაღალ, ალპურ ზონაში - 1800-2000 მეტრზე და უფრო ზემოთ, სადაც ირგვლივ წიწვოვანი ტყის მასივიც კი არ გვხვდება (განსხვავებით ბახმაროსგან, რომელიც თითქმის 2000 მეტრზე მდებარეობს, თუმცა წიწვოვანი ხეებით არის გარშემორტყმული), პაციენტის გაგზავნა, მაგალითად გუდაურში, შესაძლოა, არ მოუხდეს ჩვენს პაციენტს. იქ ტყის მასივი არ არის და ცალსახად ალპური ზონაა. ამიტომ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, სად უნდა წავიდეთ.
ზედმეტად მაღალ სიმაღლეზე ასვლას შესაძლოა, მეორადი რისკების განვითარება მოჰყვეს - წნევის ცვალებადობიდან დაწყებული, ასთმის შეტევის პროვოცირებით დასრულებული. ამიტომ, უნდა ვთქვათ, რომ მთის ჰაერის პოზიტიური გავლენა დადასტურებულია. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამდენ ხანს ნარჩუნდება და ხანგრძლივდება ის დადებითი ეფექტი, რომელსაც პაციენტი კონკრეტულ ლოკაციაზე ყოფნისას აღწევს.