უძილობა, მუცლის ტკივილი, გაღიზიანება, ბავშვის შფოთვები სწავლის დაწყებამდე და შეცდომები, რომლებსაც მშობლები სექტემბერში უშვებენ - ფსიქოთერაპევტის რჩევები, როგორ დავიწყოთ სასწავლო წელი სტრესის და ცრემლების გარეშე - მშობლები

უძილობა, მუცლის ტკივილი, გაღიზიანება, ბავშვის შფოთვები სწავლის დაწყებამდე და შეცდომები, რომლებსაც მშობლები სექტემბერში უშვებენ - ფსიქოთერაპევტის რჩევები, როგორ დავიწყოთ სასწავლო წელი სტრესის და ცრემლების გარეშე

2026-08-15 15:58:26+04:00

რა იმალება ფრაზის უკან - „სკოლაში დაბრუნება არ მინდა“ - ფსიქოთერაპევტის გაფრთხილება მშობლებს

სექტემბრის მოახლოებასთან ერთად, ოჯახების უმეტესობაში ჩვეული რიტმი იცვლება: ახალი სასწავლო წლისთვის მზადება ხშირად არა მხოლოდ წიგნების, საკანცელარიო ნივთებისა და ტანსაცმლის შეძენასთან, არამედ მალულ შფოთვასთან, დარღვეულ ძილსა და ემოციურ დაძაბულობასთან ასოცირდება. რეჟიმის მკვეთრი ცვლილება, აკადემიური მოთხოვნები და სოციალურ გარემოში დაბრუნება თანაბრად დიდ გამოწვევად იქცევა როგორც პირველკლასელებისთვის, ისე მოზარდებისა და თავად მშობლებისთვის.

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის შფოთვის ფარული ნიშნები, როდის ხდება სტრესი საყურადღებო და რა პრაქტიკული ნაბიჯებით არის შესაძლებელი სასწავლო წლის დაწყება პოზიტიურ რიტუალად ვაქციოთ? სკოლის დაწყებასთან დაკავშირებულ მთავარ კითხვებს ფსიქოთერაპევტი და „კრიტიკული აზროვნების სკოლის“ დამფუძნებელი ნინი ჭაჭია პასუხობს

- ქალბატონო ნინი, რა არის ის მთავარი ნიშნები, რომლებიც გვაუწყებს, რომ ბავშვი სკოლაში დაბრუნების გამო სტრესს ან შფოთვას განიცდის?

- სასწავლო წლის დაწყება ბავშვისთვის მხოლოდ ახალი წიგნების, ტანსაცმლისა და გაკვეთილების დაბრუნებას არ ნიშნავს. ეს არის რეჟიმის, სოციალური გარემოს, პასუხისმგებლობებისა და მოლოდინების ერთდროული ცვლილება. ამიტომ ზომიერი მღელვარება ბუნებრივია. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ შეხვდება ოჯახი ამ ცვლილებას - როგორც საფრთხესა და გამოცდას თუ როგორც ეტაპს, რომელსაც ბავშვი მხარდაჭერით, თანდათანობით გაივლის.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული შფოთვა ყოველთვის სიტყვებით არ გამოიხატება, განსაკუთრებით მცირე ასაკში. ბავშვი შეიძლება არ ამბობდეს - „მეშინია“, მაგრამ უჭირდეს დაძინება, ხშირად სტკიოდეს მუცელი ან თავი, შეეცვალოს მადა, გახდეს გაღიზიანებული, ტირილისკენ მიდრეკილი ან მშობელზე მეტად მიჯაჭვული.

საყურადღებო ნიშნები სამ ძირითად სფეროში ვლინდება:

სხეულებრივი ნიშნები- ძილისა და მადის ცვლილება, მუცლის ან თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება;

ემოციური ნიშნები- შფოთვითი კითხვების გამეორება, ტირილი, უარყოფითი სცენარების წარმოდგენა;

ქცევითი ნიშნები- გაღიზიანება, აგრესიულობა, საკუთარ თავში ჩაკეტვა, სკოლის თემისთვის თავის არიდება ან ასაკით უფრო პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელ ქცევებთან დროებითი დაბრუნება.

თუმცა ერთი ცალკეული სიმპტომი ავტომატურად შფოთვით პრობლემას არ ნიშნავს. ზომიერი მღელვარება ცვლილების წინ ბუნებრივი ადაპტაციური რეაქციაა. მნიშვნელოვანია სიმპტომების ინტენსივობა, ხანგრძლივობა და ის, რამდენად უშლის ისინი ხელს ბავშვს ძილში, კვებაში, სწავლასა და ურთიერთობებში.

კრიტიკული აზროვნების სკოლაში ბავშვებთან საუბრისას ხშირად ვხედავთ, რომ ერთი შეხედვით ერთნაირი ფრაზის - „სკოლაში დაბრუნება არ მინდა“ - უკან სრულიად განსხვავებული მიზეზები დგას: ერთს აკადემიური მოთხოვნების ეშინია, მეორეს - მასწავლებლის შეფასების, მესამეს კი - თანაკლასელებთან ურთიერთობის. ამიტომ ქცევის შეფასებამდე უნდა გავარკვიოთ, კონკრეტულად რას განიცდის ბავშვი.

„რატომ ნერვიულობ?“ ზოგჯერ ზედმეტად ზოგადი კითხვაა, რადგან ბავშვს თავადაც უჭირს მიზეზის დასახელება. უკეთესია ვკითხოთ: „სკოლაში დაბრუნებისას ყველაზე მეტად რა გაწუხებს/გაღელვებს - გაკვეთილები, მასწავლებელი, თანაკლასელები თუ სხვა რამ?“

როდესაც ბავშვის განცდას ვაღიარებთ და არ ვპასუხობთ ფრაზებით - „რა გაქვს სანერვიულო“ ან „ყველა ბავშვი დადის სკოლაში“ - მას ემოციის გააზრება და მართვა უადვილდება.

თუ შფოთვა ძლიერია, ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად აფერხებს ან დროთა განმავლობაში არ მცირდება, სასურველია სპეციალისტთან კონსულტაცია.

- რით განსხვავდება პირველკლასელისა და უფრო მოზრდილის სკოლისწინა შფოთვა და როგორ უნდა მივუდგეთ თითოეულ მათგანს?

- პირველკლასელის შფოთვა ძირითადად მშობელთან განშორებას, უცნობ გარემოსა და პროგნოზირებადობის ნაკლებობას უკავშირდება. მას აინტერესებს: ვინ მიიყვანს, ვინ წამოიყვანს, სად უნდა შევიდეს, ვის მიმართოს დახმარებისთვის და რა მოხდება, თუ დედა ან მამა მის გვერდით არ იქნება.

ამ ასაკში ეფექტურია კონკრეტულობა: წინასწარ ვაჩვენოთ სკოლის შენობა და გზა, მარტივად აღვუწეროთ დღის თანმიმდევრობა და მკაფიოდ ვუთხრათ, ვინ და როდის წამოიყვანს. შეგვიძლია თამაშითაც გავათამაშოთ სასკოლო დღე ან მივცეთ პატარა ნივთი, რომელიც სახლსა და უსაფრთხოებას შეახსენებს.

მოზარდის შფოთვა უფრო ხშირად უკავშირდება სოციალურ შეფასებას, თანატოლებთან შედარებას, გარეგნობას, ჯგუფში საკუთარ ადგილს, აკადემიურ მოთხოვნებსა და ავტონომიის დაცვას. ამ ასაკში მნიშვნელოვანი ხდება სოციალური ქსელების გავლენაც, სადაც მოზარდი საკუთარ გარეგნობას, მიღწევებსა და ცხოვრების წესს სხვებს ადარებს.

მოზარდი შეიძლება პირდაპირ არ ამბობდეს, რომ ღელავს. ზოგჯერ თემას თავს არიდებს, ირონიით უპასუხებს ან გაღიზიანებით რეაგირებს. ეს ყოველთვის გულგრილობა არ არის - შესაძლოა საკუთარი მოწყვლადობის დაცვის მცდელობა იყოს.

მოზარდთან საჭიროა პარტნიორული საუბარი, დაკითხვისა და ჭკუის სწავლების გარეშე. ფრაზის - „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება“ - ნაცვლად უკეთესია ვუთხრათ: „ვხედავ, რომ ეს გაწუხებს. გინდა, უბრალოდ მოგისმინო თუ ერთად ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეიძლება?“

ორივე ასაკში მიზანი შფოთვის სრულად გაქრობა არ არის. ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს განცდა: „შეიძლება ვინერვიულო და მაინც გავუმკლავდე“.

- ზაფხულის შემდეგ სოციალურ გარემოში დაბრუნება ზოგ ბავშვში უხერხულობას ან შიშს იწვევს. როგორ დავეხმაროთ ბავშვს კლასელებთან კონტაქტის აღდგენაში?

- ზაფხულის განმავლობაში მეგობრული კავშირები შეიძლება შეიცვალოს. ბავშვს შესაძლოა ეშინოდეს, რომ კლასში ძველი ადგილი აღარ დახვდება, მეგობრები სხვა ჯგუფში გაერთიანდნენ ან მასთან ურთიერთობა აღარ მოუნდებათ.

სოციალური კონტაქტის აღდგენა მცირე ნაბიჯებით ჯობს. შეგვიძლია ბავშვს ვკითხოთ, რომელ თანაკლასელთან გაუხარდებოდა შეხვედრა და, მისი თანხმობის შემთხვევაში, სასწავლო წლის დაწყებამდე მოვაწყოთ ერთი ან ორი ბავშვის არაფორმალური შეხვედრა. დიდი შეკრების ნაცვლად მშვიდი და ნაკლებად დამძაბველი გარემო ხშირად უფრო კომფორტულია.

ამავე დროს, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა მართოს მისი სოციალური ცხოვრება. არც მეგობრების რაოდენობაა წარმატების საზომი - ზოგ ბავშვს ერთი სანდო მეგობარი სჭირდება, სხვას კი უფრო ფართო ჯგუფი.

არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვს: „ხვალვე ყველას დაუმეგობრდი“. მცირე ნაბიჯიც წარმატებაა. თუ სოციალური შიში ინტენსიურია და ბავშვს კლასში შესვლაში, საუბარსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში მნიშვნელოვნად უშლის ხელს, სასურველია სპეციალისტის დახმარება. განაგრძეთ კითხვა

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის ზაფხულის ბოლო კვირებში – მეცადინეობის გარეშე
მზად არის თუ არა თქვენი შვილი სკოლისთვის? - ტესტი
4 უნარი, რომლებიც მომავალმა პირველკლასელმა სწავლის დაწყებამდე უნდა განივითაროს - როგორ გამოვიყენოთ ზაფხული, რომ ბავშვი სკოლაში მომზადებულიც წავიდეს და სწავლის პროცესიც არ შეიძულოს