ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მამამისს, ხორხე მესის, მიუძღვნა. ის 7 აგვისტოს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა და საფეხბურთო სამყაროში და მის გარეთაც ბევრისთვის ცნობილია, რამხელა როლი ითამაშა მან ფებურთის გენიოსის ცხოვრებაში და კარიერაში.
„მამა, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ წახვედი. ეს წარმოუდგენელია, უფრო სწორად, არ მინდა ამის გაგება. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ აღარასდროს გნახავ, აღარასდროს დაგელაპარაკები“, - დაწერა არგენტინელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ხორხე მესი მთელი კარიერის განმავლობაში შვილის მთავარი აგენტი იყო. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო პირველი ასეთი მასშტაბის ტურნირი, სადაც ხორხე ჯანმრთელობის პრობლემების გამო შვილის გვერდზე არ ყოფილა.
„როგორ გინდოდა, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა და მის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე საშინლად ცუდად იყავი...
ფინალში გავედით და შენ იქ არ იყავი.... მინდოდა მოგება, ეს თასი სახლში წამომეღო და მეჩვენებინა. მაგრამ არ შემეძლო, ფეხები უბრალოდ არ მემორჩილებოდა. ვცადე, რომ ყველაფერი ბოლომდე მიმეყვანა, მაგრამ ვერ შევძელი. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი“.
მესიმ თქვა, რომ არ იცის, როგორ გააგრძელოს ფეხბურთის თამაში მამის გარეშე და ნანობს, რომ მამის გარდაცვალებამდე არ დაანება თავი სპორტულ კარიერას: „არ ვიცი, რას ვიზამ შენ გარეშე... არ ვიცი, როგორ გავაგრძელო. უბრალოდ ვთამაშობდი ფეხბურთს და ახლა სერიოზულად მეეჭვება, რომ კიდევ დიდხანს შევძლებ ამის გაგრძელებას. თავიდანვე ჩემ გვერდით იყავი და ბოლომდე ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. ნეტავ გაგეძლო კიდევ ცოტა ხანს, რომ ერთად დაგვესრულებინა...
შენ ყოველთვის სწორი ადამიანი იყავი ყველა სიტუაციაში და არასდროს არაფერში ცდებოდი. უთანხმოებებისა და კამათის მიუხედავად, ყოველთვის მართალი იყავი. საბოლოოდ, ყველაფერი ყოველთვის ისე გამოდიოდა, როგორც შენ ამბობდი“, - წერს ფეხბურთელი.
ხორხე მესისთვის მხოლოდ მამა არ ყოფილა — ის იყო მისი მეგობარი და აგენტი, რომელიც ბავშვობიდან თან ახლდა ვარჯიშებზე და კარიერის ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.
ლიონელ მესის ბევრმა კოლეგამ, მათ შორის ნეიმარმა, ლუკა მოდრიჩმა და კარლოს ალკარასმა, სამძიმარი გამოუცხადეს მას. „გეხუტებით შენ და შენს ახლობლებს ამ რთულ დროს, ლეო. გისურვებ დიდ ძალას“, - წერს კრიშტიანუ რონალდუ მესის წერილის საპასუხოდ.