ჟანგ ზილონგის ისტორია ერთ ჩვეულებრივ ოჯახურ ტყუილს ჰგავს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ეს ტყუილი შვილისთვის ფულის დასამალად კი არა, მის ფულისგან დასაცავად მოიგონეს.
ჟანგ ზილონგი ჩინეთის ჰუნანის პროვინციიდან არის. მამამისი, ჟანგ იუდუნგი, ბიზნესმენია, მილიონერი, რომელიც სოფელში გაიზარდა და შემდეგ გახდა ბიზნესმენი. ის ცნობილი ცხარე სნექების ბრენდის, Mala Prince-ის, დამფუძნებელია.კომპანია 2000-იან წლებში გაიზარდა და საბოლოოდ საკმაოდ მსხვილ ბიზნესად იქცა. მაგრამ როდესაც ჟანგ ზილონგი ბავშვი იყო, მამამ გადაწყვიტა, შვილისთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ დაემალა:რამდენად მდიდარი იყო ოჯახი.
ზილონგი არ იზრდებოდა იმ გარემოში, როგორშიც ჩვეულებრივ მილიარდერების ან მილიონერების შვილები იზრდებიან ხოლმე.მისი ბავშვობის ადრეულმა წლებმა სოფელში გაიარა. შემდეგ ოჯახი ქალაქში გადავიდა და ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობდა.
მამამისი შეგნებულად ერიდებოდა ფუფუნების დემონსტრირებას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ტყუილი ფინანსებს ეხებოდა.მამა შვილს ეუბნებოდა, რომ ბიზნესი ჰქონდა, თუმცა - დიდი ვალებით.
ზილონგს სჯეროდა, რომ მისი მშობლები წლების განმავლობაში მძიმე შრომით ცდილობდნენ კომპანიის შენარჩუნებას და ვალების დაფარვას. ამიტომ არასოდეს გასჩენია განცდა, რომ განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდა.
პირიქით — მისი წარმოდგენით, ფული რაღაც ძალიან რთულად მოსაპოვებელი იყო.

ზილონგმა ნინგბოს უნივერსიტეტი 2022 წელს დაამთავრა.უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სამსახურის ძებნა დაიწყო.
მისი ამბიციები არც ისე გრანდიოზული იყო - დაახლოებით 6,000 იუანის ოდენობის ხელფასით სურდა სამსახური და ფიქრობდა, რომ მომავალში მშობლებს ვალების დაფარვაში დაეხმარებოდა. ფიქრობდა, რომ რაკი მშობლებს ფინანსური პრობლემები ჰქონდათ, თვითონაც უნდა ემუშავა მათ დასახმარებლად.
სინამდვილეში კი მამამისის კომპანია უკვე ძალიან სერიოზულ ბიზნესად იყო ქცეული...
ერთ მომენტში მამამ გადაწყვიტა, რომ დრო იყო, შვილს რეალობა სცოდნოდა.ზილონგმა მოულოდნელად გაიგო, რომ ოჯახი არათუ ღარიბი არ არის, მამას დიდი კომპანია აქვს, რომლის წლიური ბრუნვა 600 მილიონ იუანს (90 მლნ დოლარამდე) აღწევს და ოჯახი მილიონერია.
მოგვიანებით, როცა ბიჭმა სიმართლე გაიგო, ოჯახი მდიდრულ ვილაშიც გადავიდა საცხოვრებლად.

წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა: ახალგაზრდა კაცი, რომელიც სამსახურს ეძებს, ფიქრობს, როგორ დაეხმაროს მშობლებს ვალების გადახდაში — და უცებ აღმოაჩენს, რომ მისი ოჯახი სინამდვილეში საკმაოდ მდიდარია.
ზილონგისთვის ეს, ბუნებრივია, მოულოდნელი იყო.
მაგრამ მამას ამის გაკეთების მიზეზი ჰქონდა.
ჟანგ იუდუნგი თვითონ ღარიბი ოჯახიდან არის, სოფლიდან.მისი ცხოვრებისეული გამოცდილება ასეთი იყო: ფული შრომით უნდა მოიპოვო და თუ ბავშვობიდან ყველაფერს მზა სახით მიიღებ, შეიძლება საკუთარი შესაძლებლობების განვითარება აღარ მოგინდეს.
ამიტომ მან შვილს ფული კი არ მოაკლო, სიმდიდრის შეგრძნება დაუმალა. მისი მიზანი იყო, ზილონგს ბავშვობიდან არ ეფიქრა: „მე მდიდარი მამის შვილი ვარ და ამიტომ ყველაფერი მეკუთვნის.“მამას სურდა, რომ მას საკუთარი განათლება, უნარები და შრომა დაეფასებინა.
შეიძლება იფიქროთ, რომ როგორც კი ზილონგმა სიმართლე გაიგო, მამამ მაშინვე კომპანიის მმართველობა გადასცა.სინამდვილეში ასე არ მოხდა.
ჟანგ იუდუნგმა განაცხადა, რომ მისი შვილი ავტომატურად ვერ გახდებოდა კომპანიის მემკვიდრე მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილია.
თუ ოდესმე ბიზნესს გადასცემს, ზილონგმა ჯერ თანამშრომლებისა და გუნდის ნდობა და პატივისცემა უნდა დაიმსახუროს.
მამის აზრით, კომპანიის ხელმძღვანელობა მემკვიდრეობით არ უნდა გადმოგეცეს. ამისთვის ადამიანს სათანადო შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს.
მას შემდეგ, რაც სიმართლე გაიგო, ზილონგი ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო. ის ძირითადად კომპანიის ელექტრონულ კომერციას ხელმძღვანელობს და ბრენდის ონლაინ განვითარებაში მონაწილეობს.
ანუ საბოლოოდ მოხდა ზუსტად ის, რის გამოც მამამ მთელი ბავშვობა სიმდიდრე დაუმალა:ზილონგი მამის კომპანიას შეუერთდა არა როგორც „მდიდარი მემკვიდრე, რომელსაც ყველაფერი ეკუთვნის“, არამედ როგორც ახალგაზრდა, რომელმაც ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ საქმის გაკეთება შეუძლია.