ტელეწამყვანი და მსახიობი ზურა გორგაძე ბავშვობის განსაცდელს იხსენებს და მშობლების ბრძოლას მისი ჯანმრთელობისთვის:
- ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც შემექმნა გულის პრობლემა. მსოფლიოშიც ახალი იყო რეალურად ეს სინდრომი, რომელიც შემდეგ დაადგინეს. შესაბამისად, ჩემი მშობლებისთვისაც უცხო იყო. განსაკუთრებით დედა იყო ამ ქარტეხილებში ჩართული ყოველთვის და უწევდათ იმის გარკვევა, თუ რა მჭირდა საერთოდ, ნუ, მემართებოდა რაღაც ასეთი გულის აჩქარება, შეუჩერებელი და შემდეგ გვიწევდა ყოველ ჯერზე საავადმყოფოში გადაყვანა ჩემი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
მახსოვს დედაჩემის ბრძოლები და დედაჩემის შეუძლებელი ჩადენილი საქმეები და შეძლებული. იყო 90-იანი წლები, ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად ჩამონგრეული, არაფერი არ არსებობდა და ყველაფერი შენი ძალებით უნდა გექნა. აუცილებელი იყო ჩემი საზღვარგარეთ გადაყვანა და ეს კიდევ ერთი შეუძლებელი, ყოველლად წარმოუდგენელი რამ გახლდათ იმ დროს, ჩვენი შეძლების ოჯახისთვის მით უმეტეს და მე მახსოვს, დედა რას არ აკეთებდა. ჩამოვიდოდა თბილისში, თან ჩვენ ზესტაფონში ვცხოვრობდით და დღესაც ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ... ჩამოვიდოდა თბილისში, სამინისტრო-სამინისტრო დადიოდა, იპარებოდა მინისტრების კაბინეტებში, დღეებს და ღამეებს ათენებდა იმისთვის, რომ მოეპოვებინა დაფინანსება და რაღაცა გაეკეთებინა, რომ მე ქვეყნიდან გავეყვანე როგორმე და გადავერჩინე, ამ სიტყვას მნიშვნელობით.
მახსოვს მისი გაფთრებული სახე, როდესაც შეუძლებელი იყო მინისტრთან შესვლა, მაგრამ ის მაინც ცდილობდა, დაცვის კორიდორი გაურღვევია და მაინც მისულა იქამდე... მე არასდროს არ დამავიწყდება ის თვალები, როდესაც მე სკოლაში მიშვებდა ხოლმე ან სკოლიდან ვბრუნდებოდი. პირჯვარი, რომელსაც დღემდე გადამწერს ხოლმე, სადაც არ უნდა მივდიოდე, რასაც არ უნდა ვაკეთებდე და თვალები, რომელიც მაცილებდა შიშით, რომ არაფერი დამემართოს და თვალები, რომელიც რომ დამინახავდა სადღაც ჰორიზონტზე, რომ გამოვჩნდი, არ მავსულიყავი ამბით, რომ ან ცუდად ვარ ან რაღაც...
დედა ბავშვობიდანვე იყო ჩემსპროფესიულ განვითარებაში ჩართული თავიდან ბოლომდე. ის იყო ჩემი ყველაზე კარგი და დიდი შემფასებელიც, ჩემი ყველაზე კარგი და დიდი კრიტიკოსიცაა და დღემდე ესეა. ყველაზე აქტიურია სოციალურ ქსელშიც, იმიტომ, რომ მაინც ასეთი დისტანციური და სოციალური ქსელით ურთიერთობები გვიწევს ხოლმე და სულ მაქვს იმის ფიქრები, რომ მარტო არიან, ვენატრებით, ვაკლივართ... რასაც დედა აკეთებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში და როგორი განწყობით და დამოკიდებულებითაც იყო ჩემ მიმართ და ჩვენს მიმართ, ახლა უკვე ჩემში წამოვიდა ძალიან დიდი დოზებით... არ ვიცი, მე მაინც ვფიქრობ, რომ მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ვაკეთებთ დღემდე ერთმანეთისთვის, მაინც ძალიან ბევრ რაღაცას ვაკლებ, თუნდაც შეგვიძლია, რომ მინიმუმი გავაკეთოთ, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ აიღო ტელეფონი და უთხრა, თუ როგორ გიყვარს და უთხრა მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც შენთვის გააკეთა...