ინდოელი მსახიობისა და მოდელის, ტვიშა შარმას, სიკვდილის საქმე ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა. ახალგაზრდა ქალი 2026 წლის 12 მაისს ბჰოპალში, მეუღლის ოჯახის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ საქმე შესაძლოა მკვლელობას ეხებოდა. ტვიშას ოჯახი დღემდე ამტკიცებს, რომ ქალი მოკლეს.
თუმცა გამოძიების უახლესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე სხვა სურათს აჩვენებს: ინდოეთის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს — CBI-ის — მიერ 17 აგვისტოს სასამართლოში შეტანილი 636-გვერდიანი ბრალდების დასკვნის მიხედვით, ტვიშამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო მისი მეუღლე და დედამთილი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ იმის გამო, რომ, გამოძიების ვერსიით, ხანგრძლივმა ფსიქოლოგიურმა ძალადობამ და ოჯახურმა ზეწოლამ ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საქმის საბოლოო პასუხი — რადგან ტვიშას ოჯახი CBI-ის ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება.
ტვიშა შარმა ინდოეთში ცნობილი იყო როგორც მოდელი და მსახიობი. იგი მონაწილეობდა რამდენიმე კინოპროექტში და მოდის სფეროშიც მუშაობდა. ტვიშა „Miss Pune“-ის ტიტულის მფლობელიც გახდა, მოგვიანებით კი სამსახიობო კარიერის პარალელურად განათლებაც მიიღო.


2025 წლის 9 დეკემბერს ტვიშა დაქორწინდა სამართ სინგჰზე.



ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, როდესაც მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.
მისი სიკვდილი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა იმიტომ, რომ გარგნულად ახალგაზრდა ქალის ცხოვრება თითქოს ჩვეულებრივად ვითარდებოდა, მაგრამ გამოძიების მასალების მიხედვით, ქორწინების შემდეგ ოჯახში ურთიერთობები თანდათან დაიძაბა.
2026 წლის 12 მაისს ტვიშა ბჰოპალში, მეუღლის ოჯახის სახლში,გარდაცვლილი იპოვეს.
თავდაპირველად გამოძიებას რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გაუჩნდა. სხეულზე აღმოჩენილმა დაზიანებებმა და ოჯახის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ტვიშას სიკვდილამდე ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა. ტვიშას ოჯახმა თავიდანვე განაცხადა, რომ ქალს მეუღლის მხრიდან პრობლემები ჰქონდა და მისი სიკვდილი თვითმკვლელობად არ უნდა ჩათვლილიყო.
სწორედ ამ წინააღმდეგობამ აქცია საქმე მკვლელობის შესაძლო ვერსიის გამოძიებად.
საქმეში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო სხვადასხვა სამედიცინო და საგამოძიებო მასალის ერთმანეთთან შეუსაბამობა.
პირველად გავრცელებულ ცნობებში სხეულზე რამდენიმე დაზიანება იყო აღწერილი. ტვიშას ოჯახის აზრით, ეს დაზიანებები შესაძლოა მიუთითებდეს ძალადობაზე ან წინააღმდეგობაზე.ოჯახი ასევე ამბობდა, რომ ტვიშას სიკვდილის გარემოებები საკმარისად არ იყო გამოკვლეული.
ამიტომ საბოლოოდ საქმე CBI-მ გადაიბარა და დაიწყო ციფრული მტკიცებულებების, ტელეფონების, CCTV-ის ჩანაწერების, შეტყობინებების, ფინანსური დოკუმენტებისა და სამედიცინო მასალის დეტალური შესწავლა.
საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩატარებული მეორე ექსპერტიზა.სამედიცინო საბჭომ ტვიშას ცხედარი ხელახლა შეისწავლა. საბჭოს დასკვნით, სიკვდილის მიზეზი იყო ჩამოხრჩობით გამოწვეული ასფიქსია, ხოლო სიკვდილის ხასიათი შეფასდა როგორც თვითმკვლელობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სამედიცინო საბჭომ ვერ აღმოაჩინა ისეთი დაზიანებები, რომლებიც თავდასხმას ან ფიზიკურ ბრძოლას დაადასტურებდა.
ამ დასკვნამ მკვლელობის ვერსიას სერიოზული დარტყმა მიაყენა.მაგრამ ტვიშას ოჯახისთვის ეს პასუხი საკმარისი არ აღმოჩნდა.
ტვიშას მამამ CBI-ის მიერ მომზადებული ბრალდების დასკვნა ნაწილობრივად და არასაკმარისად შეაფასა. ოჯახი კვლავ ამტკიცებს, რომ ტვიშას სიკვდილის რეალური გარემოებები ბოლომდე არ არის დადგენილი და მესამე სამედიცინო მოსაზრებასაც ითხოვს.ოჯახის მთავარი არგუმენტი სწორედ სხეულზე აღწერილი დაზიანებების საკითხია.
ამიტომ დღეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია არსებობს:
CBI-ისა და AIIMS-ის ვერსია: ტვიშამ თავი მოიკლა, მაგრამ ოჯახური სისასტიკე და ფსიქოლოგიური ზეწოლა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
ტვიშას ოჯახის ვერსია: ქალი მოკლეს და გამოძიებამ მკვლელობის შესაძლებლობა სათანადოდ არ გამოიკვლია.
გამომძიებლებმა სცადეს დაედგინათ, როგორი იყო ტვიშას ცხოვრება სიკვდილამდე რამდენიმე თვის განმავლობაში.
გამოძიების მიხედვით, ტვიშასა და სამართს შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა. ბრალდების მხარე საუბრობს ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დამცირებასა და ოჯახურ კონფლიქტებზე.
CBI-ის დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს დოუერთან — ქორწინებასთან დაკავშირებულ ფინანსურ მოთხოვნებთან — დაკავშირებული ბრალდებები. სწორედ ამიტომ მეუღლესა და დედამთილს შესაბამისი მუხლებით წაუყენეს ბრალი.
უახლესმა ცნობებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გამოავლინა.CBI-ის chargesheet-ის მიხედვით, ტვიშას ჰქონდა დაახლოებით 2 მილიონი რუპიის ღირებულების საინვესტიციო პორტფელი.გამოძიების ვერსიით, სამართმა და მისმა დედამ, გირიბალა სინგჰმა, ტვიშას ფინანსური აქტივების შესახებ შეიტყვეს და მისგან თანხის გადაცემას ითხოვდნენ.CBI-ის მიხედვით, 2026 წლის 7 აპრილს ტვიშასა და სამართის სახელზე ერთობლივი საბანკო ანგარიშიც გაიხსნა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ ანგარიშის გამოყენება თანხის გადასატანად იგეგმებოდა.
ტვიშა, როგორც ჩანს, თანხის გადაცემაზე უარს ამბობდა და ამბობდა, რომ ეს ფული მამამისს ეკუთვნოდა.ამ ფინანსურმა დაპირისპირებამ, CBI-ის ვერსიით, ოჯახში კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა.
საქმის უახლეს მასალებში კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გამოჩნდა.
CBI-ის chargesheet-ის მიხედვით, სამართს ტვიშას საინვესტიციო თანხის ჩინეთის საფონდო ბაზარზე გამოყენება სურდა.ტვიშა ამის წინააღმდეგი იყო.
გამოძიების მიხედვით, სწორედ ამ საკითხზე დაპირისპირება ტვიშას სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე განსაკუთრებით გამწვავდა. CBI-ის მიერ აღწერილი მოვლენების თანახმად, კამათი ემოციურ და აგრესიულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ეს ფინანსური საკითხი დღეს გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხაზად რჩება.
საქმის ყველაზე ემოციური მტკიცებულება ტვიშას ბოლო შეტყობინებებს უკავშირდება.
CBI-ის chargesheet-ის მიხედვით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ტვიშამ თავისი ოჯახის წევრისთვის შეტყობინება გაგზავნა.
მისი შინაარსი, გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, ასეთი იყო:
„უთხარით, ხვალ მისი ცოლის ნარჩენების წასაღებად მოვიდეს. ახლა მშვიდად სიკვდილის ნება დამრთეთ.“
ეს შეტყობინება CBI-მ ტვიშას მძიმე ემოციური მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნია.
საქმის გამომძიებლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ შეტყობინებას წინ უძღოდა დაძაბული სატელეფონო საუბრები და ოჯახური კონფლიქტი.სწორედ ამ მასალების საფუძველზე CBI მივიდა დასკვნამდე, რომ ტვიშას სიკვდილი თვითმკვლელობა იყო, მაგრამ მასზე განხორციელებულმა ხანგრძლივმა ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ შესაძლოა მისი თვითმკვლელობა გამოიწვია.
2026 წლის 17 აგვისტოს CBI-მ ბჰოპალის სპეციალურ სასამართლოში 636-გვერდიანი ბრალდების დასკვნა შეიტანა.ბრალდებულებად დასახელდნენ: სამართ სინგჰი — ტვიშას მეუღლე;გირიბალა სინგჰი — ტვიშას დედამთილი და ყოფილი რაიონული მოსამართლე.
მათ ბრალი ედებათ ინდოეთის Bharatiya Nyaya Sanhita-ს შესაბამისი მუხლებით, მათ შორის სისასტიკეში, თვითმკვლელობის წაქეზებასა და საერთო განზრახვასთან დაკავშირებულ დანაშაულში.
CBI-ის მიერ წარმოდგენილი სურათი ასეთია:ტვიშას ქორწინების შემდეგ ოჯახში ურთიერთობები დაიძაბა;შემდგომ პერიოდში გაჩნდა ფინანსური უთანხმოებები. ტვიშა თანხის გადაცემაზე უარს ამბობდა და ამ თემაზე დაპირისპირება ტვიშას სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე განსაკუთრებით გამწვავდა.