2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა საგნებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას აჩვენებს. წელსაც, წინა წლის მსგავსად, ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი ფიზიკაში დაფიქსირდა. ფიზიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 31.69%-მა ვერ გადალახა. თითქმის იგივე სურათია ბიოლოგიაში - 31.42%.
ფიზიკის გამოცდაზე 994 აბიტურიენტი გავიდა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 679-მა გადალახა, 315-მა კი ვერ შეძლო. შედეგად, ზღვარს მიღმა დარჩა აბიტურიენტთა 31.69%.
ფიზიკაში საშუალო ქულა 27.71 იყო 63-დან, ხოლო გამოცდაზე მაქსიმალური - 63 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო.
მეორე ადგილზეა ბიოლოგია. 3 825 აბიტურიენტიდან ზღვარი 2 623-მა გადალახა, 1 202-მა კი ვერ შეძლო. ჩაჭრის მაჩვენებელმა 31.42% შეადგინა. ბიოლოგიაში საშუალო შედეგი 30.54 ქულა იყო 70-დან, ხოლო სრული ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.
საკმაოდ მაღალია ჩაჭრის მაჩვენებელი ქიმიაშიც - მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 26.36%-მა. გამოცდაზე 2 337 ადამიანი გავიდა, ზღვარი კი 1 721-მა გადალახა. საშუალო შედეგმა 29.85 ქულა შეადგინა 63-დან. ამ საგანში მაქსიმალური - 63 ქულა შვიდმა აბიტურიენტმა მიიღო.
შემდეგ მოდის გეოგრაფია. აღნიშნულ საგანში ზღვარი ვერ გადალახა 23.3%-მა. 2 206 აბიტურიენტიდან გამოცდის მინიმალური მოთხოვნა 1 692-მა დააკმაყოფილა. საშუალო შედეგი 22.74 ქულა იყო 59-დან.
მათემატიკაში ჩაჭრის მაჩვენებელმა 17.48% შეადგინა. ორ ძირითად ვარიანტში გამოცდაზე 14 ათასზე მეტი აბიტურიენტი გავიდა. პირველ ვარიანტში საშუალო ქულა 20.30, მეორეში კი 19.09 იყო 51-დან. მთლიანობაში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 82.52%-მა გადალახა.
თუ მხოლოდ ჩაჭრის მაჩვენებლებს შევადარებთ, 2026 წლის ყველაზე პრობლემურ ხუთეულს ასე გამოიყურება:
ქართული ენა და ლიტერატურა იმ საგნებს შორისაა, რომლებშიც აბიტურიენტთა უდიდესმა ნაწილმა მინიმალური ზღვარი გადალახა.
2026 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 96.77%-მა.
ოთხ ძირითად ვარიანტში საშუალო შედეგი 38.01-დან 40.72 ქულამდე მერყეობდა. ყველაზე მაღალი საშუალო შედეგი - 40.72 ქულა მეორე ვარიანტში დაფიქსირდა.
განსაკუთრებით საინტერესოა მაქსიმალური შედეგის მაჩვენებელი: 60-დან 60 ქულა სულ 125-მა აბიტურიენტმა მიიღო.
მათგან 22-მა პირველი ვარიანტის, 51-მა - მეორე, 19-მა - მესამე, ხოლო 33-მა მეოთხე ვარიანტის გამოცდაში აიღო სრული ქულა.
ეს ნიშნავს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში სრული ქულის მიღება არც ისე ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის მინიმალურ ბარიერს აბიტურიენტთა 96%-ზე მეტი წარმატებით გადალახავს.
თუ ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგებს ინგლისურის გამოცდის შევადარებთ, განსხვავება მაქსიმალური ქულის მიმღებთა რაოდენობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება.
ინგლისური ენის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 96.68%-მა გადალახა.
ოთხ ძირითად ვარიანტში მაქსიმალური - 70 ქულა 260, 300, 304 და 350 აბიტურიენტმა მიიღო. ჯამში ეს 1 214 აბიტურიენტია.
ინგლისურში ყველაზე მაღალი საშუალო შედეგიც მეოთხე ვარიანტში დაფიქსირდა - 51.06 ქულა 70-დან.
ისტორიაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 95.76%-მა გადალახა.
ოთხ ძირითად ვარიანტში საშუალო ქულა დაახლოებით 30 ქულის ფარგლებში იყო. პირველი ვარიანტის მაქსიმალური შედეგი - 60 ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო, მეორე ვარიანტში ასეთი შედეგი 8 აბიტურიენტს ჰქონდა, მესამეში კი - 6.
ამ მონაცემით ისტორია კიდევ ერთ საინტერესო განსხვავებას აჩვენებს: საგნის ბარიერს აბიტურიენტთა უდიდესი ნაწილი გადალახავს, თუმცა უმაღლესი შედეგის მიღება გაცილებით იშვიათია.
2026 წლის სტატისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგი ლიტერატურაში დაფიქსირდა.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 98.55%-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებელი მხოლოდ 1.45% იყო.
1 590 აბიტურიენტიდან ზღვარი 1 567-მა გადალახა. საშუალო შედეგმა 44.4 ქულა შეადგინა 70-დან.
2026 წლის შედეგებში ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებლები საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებთან დაკავშირებულ საგნებში დაფიქსირდა, მაშინ როდესაც ჰუმანიტარულ და უცხოურ ენებთან დაკავშირებულ საგნებში ბარიერის გადალახვის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
სრულად 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.