როგორ გახდა ჩვეულებრივი ჩრდილოეთის ქალაქიდან გამოსული ბიჭი საბჭოთა ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, რატომ განსხვავდებოდა ის ყველასგან და როგორ ცხოვრობს დღეს 77 წლის მომღერალი
ვალერი ლეონტიევი იმ არტისტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სუპერპოპულარულები იყვნენ საბჭოთა სცენაზე არა მხოლოდ სიმღერის ნიჭის, შესრულების მანერით, ჰიტებით, არამედ იმ სრულიად გამორჩეული სტილითაც, რომლითაც ის გამოჩნდა და დაიმკვიდრა ადგილი. ის სცენაზე შოუს ქმნიდა — ტანსაცმელს, მოძრაობას, ქორეოგრაფიას, განათებას, პერსონაჟს. სწორედ ამიტომ საბჭოთა ესტრადის საკმაოდ კონსერვატიულ სამყაროში მისი გამოჩენა თითქმის რევოლუციური მოვლენა აღმოჩნდა.
პოპულარობა არც პოსტსაბჭოთა სივრცეში დაუკარგავს და მიუხედავად იმისა, რომ შარშანწინ გამოაცხადა, კარიერას ვასრულებო, მაინც ჩნდება პერიოდულად კონცერტებზე და 77 წლის ასაკშიც სრულფასოვანი ვარსკვლავია.
ვალერი ლეონტიევი 1949 წლის 19 მარტს დაიბადა სოფელ უსტ-უსაში, კომის ასსრ-ში.მისი ოჯახი ჩვეულებრივი ქალაქური ოჯახი არ ყოფილა. მამა, იაკობ ლეონტიევი, ზოოტექნიკოსი და ვეტერინარი იყო და ჩრდილოეთში ირმებთან მუშაობდა. ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებლის შეცვლა. დედა კი უკრაინელი გახლდათ.
ბავშვობაში ვალერი ინტერესდებოდა ხატვით, ცეკვით, თეატრით და სიმღერით. სკოლის გუნდშიც მღეროდა.
თუმცა ახალგაზრდობაში მისი ოცნება სულაც არ ყოფილა სცენა. სკოლის დასრულების შემდეგ მას სურდა შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკის უნივერსიტეტში, ოკეანოლოგია ესწავლა, მაგრამ ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო ეს გეგმა ვერ განხორციელდა.
ახალგაზრდობაში ლეონტიევმა არაერთი ჩვეულებრივი სამუშაო გამოიცვალა — მუშაობდა აგურის ქარხანაში, ფოსტალიონად, მკერავად და სხვა სფეროებში.სწორედ ეს არის მისი ბიოგრაფიის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი: საბოლოო წარმატებამდე მას საკმაოდ ჩვეულებრივი და რთული ცხოვრება ჰქონდა...

ლეონტიევის პროფესიული გზა ჩრდილოეთში, ვორკუტასა და სიქტივკარის მიდამოებში დაიწყო.1970-იან წლებში ის ადგილობრივ კონკურსებსა და კონცერტებში მონაწილეობდა. 1975 წელს კი ანსამბლ „ექოს“ სოლისტი გახდა.
1976 წელს კოლექტივმა პირველი დიდი პროგრამა „კარნავალი ჩრდილოეთში“ წარმოადგინა, შემდეგ კი „ჩრდილოეთის მიწის ღიმილი“.
ლეონტიევი ამ პროგრამებით საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობდა, თავდაპირველად - ძირითადად პროვინციულ სცენებზე.
მისთვის ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო: მან სცენის, მაყურებლისა და ცოცხალი კონცერტის სპეციფიკა სწორედ იქ ისწავლა.
1979 წელი ლეონტიევის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა.იალტაში გამართულ საკავშირო კონკურსზე მან პირველი პრემია მიიღო.ერთი წლის შემდეგ კი კიდევ უფრო დიდი წარმატება მოვიდა.1980 წელს ბულგარეთში, სოპოტში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს ორფეოსი“, ლეონტიევმა პირველი პრემია მოიპოვა. ამასთან ერთად მას სპეციალური პრიზიც გადასცეს — საუკეთესო სასცენო კოსტიუმებისთვის.
და ეს შემთხვევითი არ ყოფილა. საბჭოთა ესტრადაზე არსებობდა მკაფიო წარმოდგენა, როგორი უნდა ყოფილიყო პოპულარული მომღერალი.
ლეონტიევმა ეს წარმოდგენა შეცვალა.
მისი გამოსვლა პატარა თეატრალურ წარმოდგენას ჰგავდა.რთული ქორეოგრაფია, მუდმივი მოძრაობა, განსაკუთრებული ჟესტები, მოცეკვავეები, განათება და ფერადი კოსტიუმები — ყველაფერი ერთ მთლიან შოუში ერთიანდებოდა. იმ დროისთვის ეს საბჭოთა სცენაზე საკმაოდ უჩვეულო იყო.


ლეონტიევის სცენური მანერა იმდენად ენერგიული და ექსპრესიული იყო, რომ 1981 წლის „ერევანი-81“-ის ფესტივალზე ამერიკელმა ჟურნალისტებმა ის მიკ ჯაგერს შეადარეს. შედარებამ საბჭოთა ესტრადის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილება გამოიწვია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლეონტიევი ფაქტობრივად არასასურველ არტისტადაც იქცა.
ლეონტიევის ჩაცმულობა მისი იმიჯის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო.
საინტერესოა, რომ ბევრი სასცენო კოსტიუმი თავად მოიფიქრა და თავადაც კერავდა. საბჭოთა კავშირში საჭირო ქსოვილისა და აქსესუარების პოვნა ხშირად რთული იყო, ამიტომ მას იმპროვიზაცია უწევდა.დღეს ეს შეიძლება ჩვეულებრივად მოგვეჩვენოს, მაგრამ 1980-იანი წლების საბჭოთა ესტრადისთვის საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო.ლეონტიევმა ფაქტობრივად შექმნა „არტისტი-შოუ“, რომლის მთავარი გმირიც თავად იყო.
მისი პოპულარობა თავიდანვე მარტივი არ ყოფილა.ლეონტიევის გარეგნობა, მოძრაობა და კოსტიუმები ბევრ ოფიციალურ პირს ზედმეტად ექსტრავაგანტულად ეჩვენებოდა.
1980-იანი წლების დასაწყისში მოსკოვში მის კონცერტებზე გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდა. მისი განსხვავებული იმიჯი საბჭოთა ესტრადის ოფიციალურ სტანდარტებში ყოველთვის არ ჯდებოდა.
თუმცა სწორედ ეს განსხვავებულობა აღმოჩნდა საბოლოოდ მისი ყველაზე დიდი ძალა.როდესაც 1980-იანი წლების მეორე ნახევარში კულტურულმა გარემომ ცვლილება დაიწყო, ლეონტიევის სტილი უკვე იმდენად ცნობადი იყო, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი გახდა.

1982 წელს ლეონტიევს ყელიდან სიმსივნე ამოუღეს.ოპერაციის შემდეგ არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ის ვეღარ იმღერებდა.
ამ პერიოდში მან პროფესიის შეცვლაზეც კი იფიქრა და ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში მასობრივი სანახაობების რეჟისორის სპეციალობაზე ჩაირიცხა.მაგრამ სიმღერას დაუბრუნდა.
1983 წელს ლენინგრადში მან ახალი პროგრამით 18 კონცერტი გამართა.ეს მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია — ადამიანი, რომელსაც შესაძლოა აღარ ემღერა, სცენაზე დაბრუნდა და ისევ სავსე დარბაზების წინაშე აღმოჩნდა.
ლეონტიევის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ცნობილმა კომპოზიტორებმა: რაიმონდ პაულსმა, იგორ კრუტოიმ და სხვებმა. თუმცა მისი მთავარი ხიბლი მაინც ყოველთვის მისი სტილი იყო.
1980-იანი წლების მეორე ნახევარში ლეონტიევი უკვე საკავშირო მასშტაბის ვარსკვლავი იყო.მისი კონცერტები აღარ იყო უბრალოდ სიმღერების შესრულება — ეს იყო დიდი შოუები.მის რეპერტუარში გაჩნდა სიმღერები, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც ცნობადია: „დელტაპლანი“, „კაზანოვა“, „მარგარიტა“...მისი კონცერტები უზარმაზარ დარბაზებსა და სტადიონებზე ტარდებოდა.

სხვათა შორის, ლეონტიევის საცხოვრებელი ბინაც ყოველთვის გამორჩეული იყო და იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. მას რამდენიმე სახლი და ვილა აქვს მსოფლიოში, თუმცა მოსკოვში მისი ბინა ყველაზე "ცნობილია".




ლეონტიევის პირადი ცხოვრება ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო. მასზე ბევრი ჭორი ვრცელდებოდა და ახლაც ბევრ ჭორაობენ იმაზე, რომ მას ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. თუმცა თავად ამას არ ადასტურებს.
მისი მეუღლე ლუდმილა ისაკოვიჩია, მუსიკოსი და ბას-გიტარისტი.

ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ 1970 წელს შეხვდნენ, ხოლო 1972 წლიდან ერთად იყვნენ. ოფიციალურად ქორწინება მხოლოდ 1998 წელს გააფორმეს, აშშ-ში.
მათი ურთიერთობა საკმაოდ უჩვეულო იყო.ორივეს საკუთარი ცხოვრება და სამუშაო ჰქონდა, ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ.ლუდმილა წლების განმავლობაში ძირითადად აშშ-ში ცხოვრობდა.
წყვილს შვილები არ ჰყავს.მათი ურთიერთობის შესახებ წლების განმავლობაში უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, თუმცა თავად ლეონტიევი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის ერიდებოდა.
ლეონტიევმა 2024 წლის 19 მარტს, 75 წლის იუბილეზე, ოფიციალურად განაცხადა, რომ საკონცერტო საქმიანობას ასრულებდა. მისი დირექტორის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა დიდი გასტროლებისა და რეგულარული კონცერტების დასრულებას.
მაგრამ სცენასთან საბოლოო დამშვიდობება მაინც არ გამოვიდა. იგი რამდენჯერმე გამოჩნდა სცენაზე.

დღეს ლეონტიევი ბევრად უფრო ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, ვიდრე მისი კარიერის პიკში. ძირითადად აშშ-სა და რუსეთს შორის ცხოვრებას აგრძელებს, თუმცა საჯარო სივრცეში ძალიან იშვიათად ჩნდება. მისი მეუღლე ლუდმილა ისაკოვიჩი მაიამიში ცხოვრობს.ლეონტიევი თითქმის აღარ იძლევა ინტერვიუებს და არ ცდილობს მუდმივად იყოს მედიის ყურადღების ცენტრში.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ადრე პუტინის მომხრედ მიიჩნეოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ასეთი მდგომარეობა და რომ ეს ყველაფერი ახდენს გავლენას იმაზეც, რომ თავად აღარ სურს სცენაზე აქტიურად დგომა.


