აბიტურიენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, შეუძლიათ თუ არა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგების მომდევნო წლისთვის შენარჩუნება. მაგალითად, თუ წელს რამდენიმე გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, თუმცა ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახეს, ან საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ უნივერსიტეტში სწავლას ერთი წლით გადადებენ, შეძლებენ თუ არა უკვე მიღებული ქულების "შენახვას" და მომავალ წელს გამოყენებას.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების მომდევნო წლისთვის შენახვის შესაძლებლობა არ არსებობს. თუ აბიტურიენტი მომდევნო წელს კვლავ მოისურვებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარებას, მას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხელახლა დარეგისტრირება და იმ წლისთვის განსაზღვრული გამოცდების ჩაბარება მოუწევს.
ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, თუ აბიტურიენტმა 2026 წელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენასა და ისტორიის გამოცდებზე სასურველი შედეგები მიიღო, მაგრამ უნივერსიტეტში ჩარიცხვა აღარ სურს, 2027 წელს ამ შედეგების ავტომატურად გამოყენებას ვერ შეძლებს. მას კონკურსში მონაწილეობისთვის 2027 წლის გამოცდების შედეგები დასჭირდება.
იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აბიტურიენტი ერთ-ერთ საგანში მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს. მიღებული დადებითი შედეგების „დატოვება“ და მხოლოდ ჩაჭრილი გამოცდის ხელახლა ჩაბარება მომდევნო წელს, შესაძლებელი არ არის - მომდევნო წლის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისას შედეგები კვლავ იმ წლის გამოცდებიდან განისაზღვრება.
თამარ იაკობაშვილი