უნივერსიტეტში სწავლის დაწყება ბევრი სტუდენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. თუმცა, სწავლის პირველივე დღეებში რამდენიმე ადმინისტრაციული და აკადემიური საკითხის გადამოწმებამ პირველკურსელს შესაძლოა, მომავალში მნიშვნელოვანი პრობლემა აარიდოს.
უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ, სტუდენტს მხოლოდ ლექციებზე დასწრება არ მოეთხოვება. მას უკვე აქვს კონკრეტული უფლებები და ვალდებულებები, ხოლო სწავლის ორგანიზებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი თავად უნდა აკონტროლოს.
საქართველოს კანონმდებლობით, სტუდენტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია სასწავლო პროცესის შესახებ და გამოიყენოს სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსები. ამასთან, სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები კანონით, უნივერსიტეტის წესდებითა და შიდა რეგულაციებით განისაზღვრება.
ჩარიცხვის შესახებ ბრძანება უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პროცესის მხოლოდ ერთი ნაწილია. სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს, გავლილი აქვს თუ არა უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
საჭირო პროცედურები უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ დაწესებულებაში სტუდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა დაადასტუროს რეგისტრაცია და აირჩიოს საგნები, ზოგან კი საჭიროა დამატებითი ადმინისტრაციული პროცედურების გავლა ან დოკუმენტების წარდგენა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეულ შემთხვევებში ადმინისტრაციული ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობას შესაძლოა, სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოჰყვეს.
ამიტომ პირველივე დღეებში სტუდენტურ პორტალში გადაამოწმეთ, გაქვთ თუ არა სტუდენტის აქტიური სტატუსი და დასრულებული ყველა სავალდებულო რეგისტრაცია.
პირველკურსელების ნაწილი უნივერსიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად აღიქვამს, თუმცა სწორედ მასში შეიძლება, იყოს გაწერილი სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი პირობები.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ:
მნიშვნელოვანია, არ ივარაუდოთ, რომ ყველა უნივერსიტეტში ერთი და იგივე წესი მოქმედებს. კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები ხელშეკრულებითა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებით უნდა გადაამოწმოთ.
უნივერსიტეტში ინფორმაციის მიღება მხოლოდ დეკანატში მისვლას აღარ გულისხმობს. პირველივე კვირაში უნდა იცოდეთ, რა სისტემას იყენებს თვენი უნივერსიტეტი.
გადაამოწმეთ:
თუ უნივერსიტეტი სტუდენტურ პორტალს ან ელექტრონულ ფოსტას იყენებს, მათი რეგულარული შემოწმება მნიშვნელოვანია. ერთი გამორჩენილი შეტყობინება შეიძლება, დაკავშირებული იყოს რეგისტრაციის, გამოცდის, გადახდის ან სხვა მნიშვნელოვანი ვადის საკითხთან.
გარდა ამისა, თუ თქვენს ელექტრონულ სისტემაში ვერ შედიხართ, პაროლი დაგავიწყდათ ან ამ კუთხით რაიმე ხარვეზია, აუცილებლად გირჩევთ, პირველივე კვირაში ეს საკითხი მოაგვაროთ. ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაცია სწორედ თქვენს ელექტრონულ სისტემაში იქნება.
რა თქმა უნდა, პირველკურსელმა მხოლოდ საგნების სახელები კი არ უნდა იცოდეს, არამედ უნდა გაარკვიოს, რას და როგორ შეაფასებენ.
სასწავლო კურსის დაწყებისას სასარგებლოა, იცოდეთ:
ეს ინფორმაცია, როგორც წესი, კურსის სილაბუსში ან უნივერსიტეტის შესაბამის რეგულაციაშია მოცემული.
კურსის სილაბუსს ყურადღებით გაეცანით. ლექტორი ვალდებულია, სილაბუსში დეტალურად გაწეროს მთელი სემესტრის გეგმა.
დასწრების მოთხოვნები უნივერსიტეტებსა და კონკრეტულ საგნებს შორის განსხვავდება. ზოგ შემთხვევაში, გაცდენა აკადემიურ შედეგზე აისახება.
ამიტომ, ჯობს, პირველივე ლექციაზე ლექტორთან გადაამოწმოთ, შეფასება დასწრებაშიც იწერება თუ დასწრება-აქტიურობაში.
სტუდენტის პასუხისმგებლობა მხოლოდ დავალების ჩაბარებით არ სრულდება. მან ასევე უნდა იცოდეს, როგორ ფასდება მისი ნამუშევარი და რა შეუძლია გააკეთოს მაშინ, თუ მიიჩნევს, რომ გამოცდა ან დავალება არასწორად შეფასდა.
უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროცედურა, რომლის მიხედვითაც სტუდენტს შეფასებასთან დაკავშირებით რეაგირება შეუძლია. თუმცა, გასაჩივრების ვადები და წესი კონკრეტული უნივერსიტეტისა და მისი შიდა რეგულაციების მიხედვით უნდა გადაამოწმოთ.
თავიდანვე გაიგეთ, ვის უნდა მიმართოთ შეფასებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შემთხვევაში და რა ვადაში.
ეს ორი ცნება სტუდენტებისთვის ხშირად დამაბნეველია.
სტატუსის შეჩერება ნიშნავს, რომ სტუდენტისა და უნივერსიტეტის შესაბამისი უფლება-მოვალეობების შესრულება დროებით წყდება, თუმცა სტუდენტის სტატუსი საბოლოოდ არ წყდება. მოქმედი წესების მიხედვით, სტატუსის შეჩერებას სხვადასხვა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ფინანსური დავალიანება ან აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა - კონკრეტული შემთხვევები კი შესაბამისი წესებით განისაზღვრება.
სტატუსის შეწყვეტა უკვე სხვა სამართლებრივი მდგომარეობაა და მისი საფუძვლებიც კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შესაბამისი აქტებით განისაზღვრება.
ამიტომ, თუ ოდესმე სწავლის შეჩერება დაგჭირდება, გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად გაარკვიე, რა პროცედურა უნდა გაიაროთ და რა ფინანსური ან აკადემიური შედეგები შეიძლება, მოჰყვეს მას.
პირველკურსელს შეიძლება, ეგონოს, რომ მობილობაზე ფიქრი ჯერ ადრეა, თუმცა სწავლის გაგრძელებისას გეგმები შეიძლება, შეიცვალოს.
საქართველოს კანონმდებლობა სტუდენტის მობილობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, ხოლო კონკრეტული პროცედურები შესაბამისი წესებით რეგულირდება.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ უნივერსიტეტის შეცვლის შემთხვევაში ყველა გავლილი საგანი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მიმღები უნივერსიტეტი ყველა კრედიტს იმავე ფორმით აღიარებს. საგნების შესაბამისობასა და კრედიტების აღიარებას კონკრეტული პროცედურა განსაზღვრავს.
ამიტომ სასწავლო პროგრამა, სილაბუსები და მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტები შეინახეთ.
სტუდენტური ცხოვრება სულ უფრო მეტად ელექტრონულ სისტემებზეა დამოკიდებული, თუმცა მნიშვნელოვანი დოკუმენტების შენახვა მაინც აუცილებელია.
პირველივე წლიდან ჯობს, შეინახოთ:
ეს განსაკუთრებით გამოგადგება მაშინ, როდესაც მომავალში მობილობა, სტატუსის აღდგენა, შეფასების გასაჩივრება ან სხვა ადმინისტრაციული პროცედურა დაგჭირდება.
პირველ დღეს ზედმეტი სტრესის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ გადაამოწმეთ, რომელ კორპუსსა და აუდიტორიაში გაქვთ ლექცია, რა დროს იწყება სასწავლო პროცესი და რამდენი დრო დაგჭირდებათ უნივერსიტეტამდე მისასვლელად.
ამასთან, გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტის პირველი დღე განსაკუთრებულად ფორმალურ ჩაცმულობას არ მოითხოვს. თუ კონკრეტულ პროგრამას ან სასწავლო გარემოს სპეციალური მოთხოვნა არ აქვს, პირველკურსელს არ სჭირდება იმაზე ნერვიულობა, რა ჩაიცვას.
მთავარია, ტანსაცმელი კომფორტული და თქვენთვის მოსახერხებელი იყოს. უნივერსიტეტში პირველ დღეს არ არსებობს აუცილებელი "დრესკოდი", რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს. შეგიძლიათ, შეარჩიოთ ის სამოსი, რომელშიც თავს ბუნებრივად და თავდაჯერებულად გრძნობთ.
პირველი დღე ისედაც საკმარისად ბევრი ახალი ინფორმაციით იქნება დატვირთული - ახალი გარემო, ადამიანები, აუდიტორიები და სასწავლო პროცესი. ამიტომ ჩაცმულობის გამო დამატებითი ნერვიულობა ნამდვილად არ არის საჭირო.
უფრო მნიშვნელოვანია, წინასწარ გაიგოთ, ვის უნდა მიმართოთ, თუ პირველ დღეს რაიმე პრობლემა შეგექმნათ - იქნება ეს აუდიტორიის მოძებნა, ცხრილის გადამოწმება, სტუდენტურ პორტალზე შესვლა თუ სხვა ადმინისტრაციული საკითხი.
გახსოვდეთ, რომ თითოეულ უნივერსიტეტს აქვს ცხელი ხაზი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია. თუ რაიმეს გადამოწმება უნივერსიტეტში მისვლამდე გჭირდებათ, შეგიძლიათ, უშუალოდ იმ უნივერსიტეტთან გადაამოწმოთ, რომელშიც ჩაირიცხეთ, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, რეგისტრაციის ვადები, პროცედურები შესაძლოა, განსხვავებული იყოს.
თამარ იაკობაშვილი