პირადობის ელექტრონული მოწმობა საქართველოს მოქალაქის ვინაობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია. თუმცა, როგორც ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტს, მასაც აქვს მოქმედების კონკრეტული ვადა. მისი გასვლის შემდეგ მოქალაქემ პირადობის მოწმობა უნდა შეცვალოს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირადობის მოწმობა 18 წლამდე ასაკის პირზე ოთხი წლის ვადით, ხოლო 18 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეზე 10 წლის ვადით გაიცემა. მოქმედების ვადის გასვლა კი ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როდესაც დოკუმენტის შეცვლა სავალდებულოა.
ვადის გასვლის შემდეგ ძველი ბარათი აღარ წარმოადგენს მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, იქ, სადაც მოქალაქის იდენტიფიცირებისთვის მოქმედი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, შესაძლოა მომსახურების მიღება შეფერხდეს ან მოქალაქეს მოქმედი დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვონ.
ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქე ავტომატურად კარგავს ყველა მომსახურებაზე წვდომას ან მისი საბანკო ანგარიში, მაგალითად, ავტომატურად იბლოკება. შეზღუდვა დამოკიდებულია კონკრეტულ მომსახურებასა და იმ ორგანიზაციის მოთხოვნებზე, სადაც პირადობის დადასტურებაა საჭირო.
საბანკო მომსახურება - ბანკში ისეთი ოპერაციების შესრულებისას, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიცირებას ან მონაცემების განახლებას მოითხოვს, შესაძლოა, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გახდეს საჭირო. ამიტომ ვადაგასული ID-ის შემთხვევაში კონკრეტული მომსახურება შეიძლება შეფერხდეს.
ნოტარიული მომსახურება და ხელშეკრულებები - იმ შემთხვევაში, როდესაც ნოტარიუსთან ან სხვა ორგანიზაციაში კონკრეტული სამართლებრივი მოქმედების შესასრულებლად მოქალაქის ვინაობის დადასტურებაა საჭირო, ვადაგასული მოწმობა შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. იგივე შეიძლება შეეხოს სხვადასხვა ხელშეკრულების გაფორმებას, თუ მომსახურების მიმწოდებელი მოქმედ საიდენტიფიკაციო დოკუმენტს ითხოვს.
სახელმწიფო და სხვა ადმინისტრაციული მომსახურებები - სხვადასხვა მომსახურების მიღებისას მოქალაქის იდენტიფიცირება შეიძლება პირადობის მოქმედი მოწმობით ან სხვა კანონით დაშვებული დოკუმენტით ხდებოდეს. ამიტომ ვადაგასული ID-ის გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა მოქმედი დოკუმენტის წარდგენა.
ელექტრონული ფუნქციები - ელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ ფიზიკური საიდენტიფიკაციო ბარათი არ არის. მას აქვს ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის ფუნქციებიც. სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონული ფუნქციები მოწმობაზე განთავსებული შესაბამისი სერტიფიკატების საშუალებით ხორციელდება.
ამიტომ მოქმედი მოწმობის არსებობა მნიშვნელოვანია იმ ელექტრონული სერვისებისთვისაც, რომლებიც ID ბარათის ელექტრონულ ფუნქციებს ეყრდნობა.
თუ მოქალაქეს მოქმედი საქართველოს პასპორტი აქვს, კონკრეტულ მომსახურებაში შესაძლოა, სწორედ ის გამოიყენოს პირადობის დასადასტურებლად, თუ შესაბამისი პროცედურა პასპორტის წარდგენას ითვალისწინებს.
თუმცა, უმჯობესია, კონკრეტულ მომსახურებამდე წინასწარ გაირკვეს, რომელი დოკუმენტი მიიღება.
მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში პირადობის მოწმობა უნდა შეიცვალოს. ამისთვის მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან გამოიყენოს სააგენტოს მიერ შეთავაზებული დისტანციური მომსახურება.
ახალი პირადობის მოწმობის მისაღებად, როგორც წესი, საჭიროა შესაცვლელი მოწმობის წარდგენაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი დაკარგულია. სააგენტოს ამჟამინდელი ინფორმაციით, პირადობის მოწმობის დამზადება შესაძლებელია სხვადასხვა ვადაში: მე-10 სამუშაო დღეს - 60 ლარად, მე-5 სამუშაო დღეს - 80 ლარად, მე-3 სამუშაო დღეს - 100 ლარად, მე-2 სამუშაო დღეს - 120 ლარად, ხოლო იმავე დღეს - 150 ლარად.
იგივე წესები მოწმედებს პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაშიც.
თუ მოქალაქე პირადობის მოწმობას დაკარგავს, მან დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ახალი მოწმობის მისაღებად განაცხადი შეიტანოს. დაკარგული ელექტრონული მოწმობის სერტიფიკატები იბლოკება, ხოლო ახალი ბარათის დამზადება მოქმედი ტარიფის შესაბამისად ხდება.
საქართველოში პირადობის მოწმობის აღება 14 წლამდე ასაკში სავალდებულო არ არის - ამ ასაკამდე ბავშვისთვის დოკუმენტის აღება სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი. 14 წლის შესრულების შემდეგ კი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, პირადობის მოწმობა ექვსი თვის ვადაში აიღოს.
თუ ბავშვს უკვე აქვს პირადობის მოწმობა და ის დაკარგა, ახალი დოკუმენტის მისაღებად საჭიროა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, იუსტიციის სახლში ან სააგენტოს დისტანციური მომსახურების საშუალებით მიმართვა.
არასრულწლოვნის შემთხვევაში განაცხადის წარდგენის წესი მის ასაკზეა დამოკიდებული. 14 წლამდე ბავშვისთვის პირადობის მოწმობის მისაღებად განცხადებას მისი კანონიერი წარმომადგენელი წარადგენს. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს კი პირადობის მოწმობის მიღება შეუძლია როგორც საკუთარი, ისე კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
ახალი მოწმობის დამზადებისას საჭიროა ორი ფოტოსურათის წარდგენა. ფოტოს გადაღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. საფასური 5 ლარია. დაკარგული დოკუმენტის შემთხვევაში დაკარგული პირადობის მოწმობის წარდგენა არ მოითხოვება.
ახალი პირადობის მოწმობის დამზადების საფასური მომსახურების ვადის მიხედვით განისაზღვრება:
თუ დაკარგული მოწმობა ელექტრონული პირადობის მოწმობაა, დაკარგვის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, რათა დოკუმენტთან დაკავშირებული ელექტრონული ფუნქციების გამოყენება აღარ იყოს შესაძლებელი.
ამასთან, მოქმედი წესით, 14 წლამდე ასაკის ბავშვისთვის პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითია, ამიტომ ამ ასაკში ბავშვის მიერ მოწმობის დაკარგვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია, ახალი დოკუმენტი დაუყოვნებლივ აიღოს. თუმცა, თუ ბავშვს კვლავ სჭირდება პირადობის მოწმობა, ახალი ბარათის დამზადება ზემოთ აღნიშნული წესით შესაძლებელია. 14 წლის შესრულების შემდეგ კი დოკუმენტის ქონა უკვე სავალდებულოა და მისი დაკარგვის შემთხვევაში ახალი მოწმობის აღება აუცილებელია.
შეღავათებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდს მიმართოთ.
თამარ იაკობაშვილი