მუცლის შებერილობა, იგივე მეტეორიზმი, თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და შემაწუხებელ ჩივილად იქცა. უმეტესობას გვიჩნდება განცდა, რომ ეს სერიოზული კუჭ-ნაწლავის დაავადების ბრალია და გამოსავალს „ჯადოსნურ აბებში“, ფერმენტებსა თუ უსისტემო თვითმკურნალობაში ვეძებთ.
რეალობა კი სულ სხვაგვარია: შემთხვევათა 80-85%-ში შებერილობა ჩვენი ცხოვრების წესის, სტრესისა და კვებითი ჩვევების სარკეა. რატომ უჩივიან ქალები ამ პრობლემას ორჯერ უფრო ხშირად? რა კავშირშია „მეორე ტვინი“ და სტრესი ნაწლავის მოტორიკასთან და როდის ხდება ჩვეულებრივი დისკომფორტი საგანგაშო სიმპტომი? - ამ და სხვა აქტუალურ შეკითხვებს გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე პასუხობს
- ქალბატონო თამარ, მუცლის შებერილობა დღეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გასტროენტეროლოგიურ ჩივილად იქცა. რამდენად ხშირად წარმოადგენს ის რეალურ დაავადებას და როდის არის უბრალოდ ცხოვრების წესის ან კვებითი ჩვევების შედეგი?
- მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი) შემთხვევათა უმრავლესობაში, დაახლოებით 80-85%-ში, კვებითი ჩვევების ან ცხოვრების წესის შედეგია, მხოლოდ 15-20%-ში უკავშირდება რეალურ სტრუქტურულ ან ორგანულ დაავადებებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ფუნქციური დარღვევებიც, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS), რომელიც დაავადებად კლასიფიცირდება და ქრონიკული შებერილობის მქონე პაციენტების უმეტესობას აწუხებს.
- არსებობს სტერეოტიპი, რომ შებერილობა ძირითადად ქალების პრობლემაა. რამდენად მართალია ეს და რა განსხვავებაა მუცლის შებერილობის გამომწვევ მიზეზებსა და გამოვლინებებში ქალებსა და მამაკაცებს შორის?
- სტერეოტიპი ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება: ქალები მამაკაცებთან შედარებით ორჯერ უფრო ხშირად უჩივიან მუცლის შებერილობას . თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცებს ეს პრობლემა არ აწუხებთ უბრალოდ, სქესებს შორის არსებობს მკაფიო ბიოლოგიური, ჰორმონალური და ანატომიური განსხვავებები როგორც გამომწვევ მიზეზებში, ისე სიმპტომების გამოვლინებაში.
მთავარი განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის შემდეგ ფაქტორებია.
ქალებში:შებერილობა პირდაპირ კავშირშია მენსტრუალურ ციკლთან, ორსულობასთან და მენოპაუზასთან. პროგესტერონისა და ესტროგენის დონის ცვალებადობა (განსაკუთრებით პრემენსტრუალურ პერიოდში - PMS) ანელებს ნაწლავების მოძრაობას. პროგესტერონი ადუნებს გლუვ კუნთებს, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის „ზარმაც“ მუშაობას და აირების დაგროვებას. ასევე, ესტროგენი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას.
მამაკაცებში: ჰორმონალური ფონი სტაბილურია. მამაკაცებში ჰორმონები პრაქტიკულად არასდროს ხდება შებერილობის პირველადი მიზეზი, თუ საქმე არ გვაქვს ტესტოსტერონის მკვეთრ ასაკობრივ კლებასთან, რაც ირიბად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.
- რა როლს თამაშობს ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი და სწრაფი ჭამის კულტურა (ასევე საღეჭი რეზინი, გაზიანი სასმელები) ამ პრობლემის განვითარებაში? რომელი პროდუქტებია ყველაზე ხშირად მთავარი „პროვოკატორები“?
- ყოველდღიური რაციონი და ჭამის მანერა მუცლის შებერილობის შემთხვევათა 80%-ზე მეტში მთავარი გამომწვევი ფაქტორია. თანამედროვე, აჩქარებული ცხოვრების სტილი ორგანიზმს აიძულებს, გადაამუშაოს იმაზე მეტი აირი და რთული ნახშირწყალი, ვიდრე მას ფიზიოლოგიურად შეუძლია. აეროფაგია ჰაერის ყლაპვა სწრაფად ჭამის შემთხვევაში ან კვების დროს საუბრის დროს ხშირად დიდი რაოდენობით ხდება ჰაერი პირის ღრუში შემდეგ ნაწლავებში, რაც შებერილობის მიზეზი ხდება. განაგრძეთ კითხვა