მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით სკოლებისთვის არჩევითი საგნების განახლებული და მრავალფეროვანი ნუსხა განისაზღვრა. კონკრეტულად როგორ იქნება ეს კურსები ორგანიზებული სკოლაში, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განისაზღვროს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის №116/ნ ბრძანებით, ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ მოქმედ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებით ეროვნული სასწავლო გეგმის სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში არჩევითი საგნების ახალი ჩამონათვალი განისაზღვრა.
ახალ ნუსხაშია: მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ასევე კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკის საფუძვლები, მეწარმეობის საფუძვლები, კომპიუტერული მეცნიერება, მსოფლიო კულტურა, მულტიმედია და დიზაინი, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება.
არჩევით საგნებს შორისაა ასევე თეატრალური ხელოვნება, ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, კინოხელოვნება, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკული და პრაქტიკული კურსები.
საბუნებისმეტყველო მიმართულებით ნუსხაშია სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ასტრონომია, ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები და რობოტექნიკა, ხოლო ტექნოლოგიების მიმართულებით - კოდირება, რობოტექნიკა და კომპიუტერული მეცნიერება.
არჩევითი საგნების ძირითადი ნაწილი X-XII კლასებისთვისაა განსაზღვრული.
მაგალითად, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი X, XI და XII კლასებშია მითითებული. ამავე კლასებისთვისაა განსაზღვრული ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, თეატრალური ხელოვნება, მეწარმეობის საფუძვლები, კომპიუტერული მეცნიერება, მსოფლიო კულტურა, მულტიმედია და დიზაინი, ხელოვნების ისტორია, საქართველოს ეთნოგრაფია და სხვა კურსები.
ზოგიერთი არჩევითი საგანი XI-XII კლასებისთვისაა გათვალისწინებული. მათ შორისაა ეკონომიკის საფუძვლები, სახელმწიფო და სამართალი, ქიმიური ტექნოლოგიები და ასტრონომია.
ცალკე არის მითითებული მესამე უცხოური ენა, რომელიც X-XII კლასებში შეიძლება ისწავლებოდეს, ასევე ჭადრაკი სპეციალური ელექტრონული პროგრამით II-III კლასებისთვის.
კურსების ხანგრძლივობა განსხვავებულია.
ბრძანებით განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, მედიაწიგნიერებისა და ფინანსური წიგნიერების ერთი მოდულის ხანგრძლივობა შეიძლება, იყოს ერთი ან ორი სემესტრი, ხოლო ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი ერთსემესტრიან მოდულადაა მითითებული.
მეწარმეობის საფუძვლები, კომპიუტერული მეცნიერება, მსოფლიო კულტურა, მულტიმედია და დიზაინი, თეატრალური ხელოვნება, ფოლკლორი და მითოლოგია და სხვა კურსები ორსემესტრიან მოდულადაა განსაზღვრული.
ზოგიერთი კურსი კი ერთსემესტრიან მოდულებადაა დაყოფილი. მაგალითად, კინოხელოვნება, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები და ასტრონომია.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლა საკუთარი კონტექსტისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას. ამ გეგმის ნაწილი სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებას, კურიკულუმების დანერგვას, შეფასებასა და რევიზიასაც მოიცავს.
მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ახალ ჩამონათვალში რომელიმე საგნის არსებობა არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად იქნება ბავშვის სკოლის ცხრილში. მაგალითად, თუ ეროვნული სასწავლო გეგმის ნუსხაში მედიაწიგნიერებაა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა X კლასის მოსწავლე აუცილებლად მედიაწიგნიერებას ისწავლის. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია, შესთავაზებს თუ არა სკოლა ამ კურსს საკუთარ მოსწავლეებს. თუ შესთავაზებს, შემდეგ უკვე მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს მისთვის ხელმისაწვდომ ვარიანტებს შორის.
ამასთან, არჩევითი საგნის არსებობა სავალდებულო საგნის ავტომატურ ჩანაცვლებას არ ნიშნავს. შესაბამისად, არჩევითი საგნის დამატება თავისთავად არ გულისხმობს რომელიმე სხვა საგნის ამოღებას სასწავლო პროცესიდან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ არჩევითი საგნები ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია და ბრძანებაში ცალკე, ოფიციალურ ნუსხადაა განსაზღვრული. შესაბამისად, ისინი უბრალოდ კლასგარეშე წრეების ჩამონათვალს არ წარმოადგენს.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება. დეტალურად ინფორმაციას, შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გაეცნოთ.