11 სექტემბერს 25 წელი გადის იმ საზარელი ამბიდან, რომელმაც 2001 წელს მსოფლიო შეძრა - ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე...
2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა გაიტაცა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, სხვა მრავალი კი ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად სულ 2 977 ადამიანი დაიღუპა (ტერორისტების გარდა).

ტერორისტული აქტი ავღანეთში, ისლამური ექსტრემისტული ქსელური ორგანიზაციის "ალ ქაიდას" მიერ დაიგეგმა. ავღანეთს მაშინ თალიბები აკონტროლებდნენ. "ალ ქაიდა" საუდელი ოსამა ბინ ლადენის მეთაურობით, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ისლამურ სამყაროში კონფლიქტების გაღვივებაში ადანაშაულებდა.
ტერაქტებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუში უმცროსის ინიციატივით, დაიწყეს ავღანეთში შესვლა. მათი უპირველესი მიზანი იყო "ალ ქაიდას“ განადგურება და ოსამა ბინ ლადენის დაკავება.თუმცა ბინ ლადენი იპოვეს და მოკლეს მხოლოდ 2011 წელს და არა ავღანეთში, არამედ პაკისტანში.ქუვეითელი ჰალიდ შეიხ მუჰამედი, რომელსაც აშშ ადანაშაულებს 11 სექტემბრის ტერაქტების უშუალო დაგეგმვაში, დააკავეს პაკისტანში 2003 წელს და მას შემდეგ ის კუბაში, გუანტანამოს ციხეში იმყოფება...
11 სექტემბრის შემდეგ გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები ავიატრანსპორტში.
ტყუპი ცათამბჯენის ნანგრევები ტერიტორიიდან რვა თვის განმავლობაში გაჰქონდათ. უკვე 2006-2013 წელბში ამ ადგილზე ააშენეს ახალი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კოშკი. ის ტყუპებისგან ოდნავ მაღალია (541-მეტრის სიმაღლის, ტყუპების სიმაღლე 415 მეტრი იყო) და ის ამჟამად აშშ-ში ყველაზე მაღალი შენობაა.ამის გარდა, ამ ადგილზე ააგეს მემორიალი და მუზეუმი...

ალ-ქაიდა დღესაც არსებობს და აქტიურია, თუმცა ბინ ლადენის დროინდელი ცენტრალიზებული ალ-ქაიდა მნიშვნელოვნად დასუსტდა და უფრო დეცენტრალიზებულ ქსელად გადაიქცა. მისი სახელით მოქმედი ან მასთან დაკავშირებული რეგიონული დაჯგუფებები კი კვლავ საკმაოდ აქტიურია. 2026 წლის გაეროს ანგარიშიც ალ-ქაიდასა და მის დაკავშირებულ ჯგუფებს მოქმედ საფრთხედ განიხილავს...
ოსამა ბინ ლადენს დაახლოებით 20-ზე მეტი შვილი ჰყავდა სხვადასხვა მეუღლისგან. მათი უმრავლესობა საჯარო ცხოვრებას გაურბის და მათ შესახებ ძალიან ცოტა სანდო ინფორმაცია არსებობს. ყველაზე ცნობილი მათ შორის მაინც ომარ ბინ ლადენია, რომელიც საჯარო სივრცეშიც ხშირად ჩნდება...
ბავშვობაში ის მამის მებრძოლებთან ერთად ცხოვრობდა და ალ-ქაიდას ბანაკშიც გადიოდა წვრთნას. მოგვიანებით კი იმ სამყაროს გაერიდა, მხატვრობა აირჩია და წლების განმავლობაში საფრანგეთის ნორმანდიაში, ცხენებთან და ნახატებთან ერთად, შედარებით მშვიდ ცხოვრებას ეწეოდა. თუმცა მამის გვარმა ბოლომდე ვერ გაათავისუფლა — 2023 წელს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ საფრანგეთის დატოვება მოუწია. დღეს ომარ ბინ ლადენი ყატარში ცხოვრობს...
ომარ ბინ ლადენი საუდის არაბეთში დაიბადა და ბავშვობისა და მოზარდობის ნაწილი სუდანსა და ავღანეთში გაატარა. თავად ომარი 2008 წელს CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ დაახლოებით 14 წლის ასაკში ალ-ქაიდას სამხედრო მომზადებას გადიოდა.მისი თქმით, დროთა განმავლობაში ხედავდა, როგორ იზრდებოდა კონფლიქტი და ძალადობა და მიხვდა, რომ ამ სამყაროში დარჩენა აღარ სურდა. დაახლოებით 2000 წელს, 19 წლის ასაკში, მან ალ-ქაიდას გარემო დატოვა...ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ომარმა მამის გზას 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ კი არა, მანამდეც გამოეცალა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ პერიოდში მას უკვე სრულად ჰქონდა ჩამოყალიბებული დღევანდელი შეხედულებები. მაგალითად, 2008 წელს CNN-თან საუბრისას ომარი ჯერ კიდევ ამბობდა, რომ მამას „ტერორისტად“ არ მიიჩნევდა, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ აკრიტიკებდა ადამიანების მკვლელობას და მამისგან სხვა გზის არჩევას ითხოვდა.„ბომბებისა და იარაღის გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ კარგი არ არის“, — სწორედ ასეთი პოზიცია ჰქონდა მას მამის მეთოდების მიმართ...
ომარ ბინ ლადენის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მომენტი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები აღმოჩნდა.იმ დროისთვის ის უკვე მამისგან განცალკევებით ცხოვრობდა. CNN-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ თავდასხმების შესახებ საუდის არაბეთში შეიტყო და თავდასხმების შედეგად ადამიანების დაღუპვამ მასზე მძიმე გავლენა მოახდინა. მოგვიანებით ომარს მამასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია და მისი ადგილსამყოფელიც არ იცოდა.

მისი ცხოვრება, ფაქტობრივად, მუდმივ ბრძოლად იქცა ერთი პრობლემის წინააღმდეგ — როგორ ეცხოვრა საკუთარი სახელით, როდესაც მისი გვარი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტერორისტთან იყო დაკავშირებული.
მას ყოველთვის აინტერესებდა ხატვა, თუმცა თავად ამბობდა, რომ მამამისი ხელოვნებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მოგვიანებით ომარმა მხატვრობა ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად აქცია.2020 წლის კორონავირუსის პანდემიის დროს, საფრანგეთში ჩაკეტვის პერიოდში, მან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო ხატვა. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო უდაბნოებთან, მთებთან, ცხენებთან და იმ ადგილებთან, რომლებიც მის ბავშვობას ახსენებდა.
მის ნახატებში განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ზოგიერთ მათგანში სწორედ ის პეიზაჟებია ასახული, რომლებიც მის რთულ ბავშვობას უკავშირდება. ერთ-ერთ ნამუშევარში მან თორა-ბორას მთებიც კი გამოსახა — ადგილი, სადაც მისი მამა 2001 წლის შემდეგ იმალებოდა. სხვა ნახატები კი სრულიად განსხვავებულ სამყაროს წარმოადგენდა: მშვიდი უდაბნო, ამერიკის დასავლეთის პეიზაჟები, ცხენები და ბუნება.
2022 წელს საფრანგეთში მისი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.იმ პერიოდში ომარი ნორმანდიაში ცხოვრობდა მეუღლესთან, ზაინასთან, და ცხენებთან ერთად. ადგილობრივ გარემოში ის უკვე უფრო მხატვრად იყო ცნობილი, ვიდრე ტერორისტის შვილად.

2022 წელს მის შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Point-თან საუბრისას ომარმა თქვა, რომ ბავშვობიდანვე უყვარდა ხატვა და საფრანგეთში სწორედ ხელოვნებაში იპოვა გზა, რომელიც მას წარსულისგან დამოუკიდებელი ცხოვრების შექმნაში დაეხმარა.
მისი ცხოვრება ნორმანდიაში გარედან მართლაც სრულიად განსხვავდებოდა მამის სამყაროსგან — პატარა სოფელი, ცხენები, ბუნება და ფერწერა.
მაგრამ 2023 წელს ეს სიმშვიდე დაირღვა.
2023 წელს ომარ ბინ ლადენის სოციალურ ქსელთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. ხელისუფლების განცხადებით, მის ანგარიშზე გამოქვეყნებული იყო შინაარსი, რომელიც ტერორიზმის გამართლებად ან ალ-ქაიდასთან დაკავშირებული მამის ხსოვნის განდიდებად შეფასდა.ომარი ამტკიცებდა, რომ კონკრეტული პოსტი თავად არ დაუწერია და მისი გამოქვეყნება სხვას უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, ფრანგულმა ხელისუფლებამ მისი ყოფნა ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემურად მიიჩნია.

2023 წლის ოქტომბერში მას საფრანგეთის დატოვება დაევალა და მან ქვეყანა დატოვა.შემდეგ, 2024 წლის ოქტომბერში, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა, რომ ომარ ბინ ლადენს საფრანგეთში დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა. ფრანგულმა სასამართლომ მანამდე მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ბოლო სანდო საჯარო ცნობებით, ომარ ბინ ლადენი ყატარში ცხოვრობს.Associated Press 2024 წელს წერდა, რომ საფრანგეთიდან წასვლის შემდეგ ის ყატარში გადავიდა. იგივე ინფორმაცია გაავრცელეს ფრანგულმა მედიამაც.
მისი დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრება, ფინანსური მდგომარეობა ან ზუსტი საცხოვრებელი ადგილი საჯაროდ დეტალურად ცნობილი არ არის...
ომარის გარდა, საყოველთაოდ გაითქვა სახელი ბინ ლადენის კიდევ ერთმა შვილმა - ჰამზამ.
ჰამზა ბინ ლადენი ოსამას ერთ-ერთი უმცროსი ვაჟი იყო და ახალგაზრდობიდანვე მამის საყვარელ შვილად მიიჩნეოდა. განსხვავებით ომარისგან, ჰამზა რადიკალურ იდეოლოგიასთან და ალ-ქაიდასთან დაახლოებულად დარჩა.2010-იანი წლების შუა პერიოდში ის ალ-ქაიდას პროპაგანდაში აქტიურად გამოჩნდა და ჯგუფი მას ფაქტობრივად „ბინ ლადენის დინასტიის“ მემკვიდრედ წარმოაჩენდა. West Point-ის ტერორიზმის კვლევის ცენტრი ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა, რომ ჰამზას ალ-ქაიდაში ლიდერის როლისთვის ამზადებდნენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჰამზა იყენებდა მამის სახელსა და ავტორიტეტს ახალი თაობის მიმდევრების მოსაზიდად. გაეროს უშიშროების საბჭოს დოკუმენტშიც ის აღწერილი იყო როგორც ფიგურა, რომელსაც შეეძლო ალ-ქაიდას ქსელის გაფართოება და ჯგუფისთვის ახალი თაობის ლიდერობის მოპოვება. ჰამზა ალ-ქაიდას პროპაგანდაში მამის იდეებს აგრძელებდა და დასავლეთის წინააღმდეგ ძალადობისკენ მოუწოდებდა. სწორედ ამიტომ აშშ-მ ის 2017 წელს ტერორისტად ოფიციალურადაც დაასანქცირა.
2018 წელს გავრცელდა ცნობაც, რომ ჰამზა დაქორწინდა მოჰამედ ატას ქალიშვილზე — ატა 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი გამტაცებელი და ოპერატიული ხელმძღვანელი იყო. ამ ქორწინებამ კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ ჰამზა ალ-ქაიდას ძველ ქსელთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
...2019 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰამზა ბინ ლადენი კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლეს. თეთრმა სახლმა მისი დაღუპვა დაადასტურა.თუმცა მისი სიკვდილის ზუსტი დეტალები დღემდე ბოლომდე საჯაროდ გარკვეული არ არის.
2024 წელს, გავრცელდა საპირისპირო ცნობები — თითქოს ჰამზა შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო და ავღანეთში ალ-ქაიდას აღდგენაში მონაწილეობდა. ასეთი ცნობები მედიაში გაჩნდა, მაგრამ არ არის დადასტურებული.
საად ბინ ლადენი ასევე ჩართული იყო ალ-ქაიდას გარემოში.2000-იან წლებში მასზე გარკვეული დროით დიდი ყურადღება იყო მიპყრობილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის პაკისტანში გადავიდა.

2009 წელს საადი აშშ-ის დრონული დარტყმის შედეგად დაიღუპა. მისი სიკვდილი მოგვიანებით ალ-ქაიდას ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმაც დაადასტურა.აქაც მნიშვნელოვანია ერთი რამ: საადს ზოგიერთ ტერაქტთან აკავშირებდნენ, თუმცა მისი რეალური როლი ბევრად უფრო შეზღუდული და ბუნდოვანი იყო, ვიდრე მოგვიანებით მედიაში ხანდახან წარმოჩინდებოდა.
კიდევ ერთი "ცნობილი" ვაჟი იყო ხალიდ ბინ ლადენი.ის ოსამასთან ერთად ცხოვრობდა პაკისტანში, აბოტაბადში, იმ სახლში, სადაც 2011 წლის მაისში აშშ-ის სპეცოპერაცია ჩატარდა.ხალიდიც იმ ოპერაციის დროს დაიღუპა.
ამიტომ ოსამას შვილებიდან რამდენიმე სწორედ ტერორისტულ სამყაროსთან დაკავშირებული ცხოვრების გამო დაიღუპა.
აბდულა ბინ ლადენი, ოსამას უფროსი ვაჟი, კიდევ ერთი საინტერესო შემთხვევაა.ის ბავშვობაში მამასთან ერთად ავღანეთშიც იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდა და საუდის არაბეთში ცხოვრობდა.
არსებული ცნობებით, აბდულა მამას ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაშორდა და მასთან ურთიერთობა აღარ ჰქონდა. მოგვიანებით მას საკუთარი სარეკლამო ბიზნესი ჰქონდა ჯედაში.
დღეს მისი ბედი უცნობია...