"ათასობით დოლარის გადახდა უწევს მშობელს იმ საგნებში მომზადებაში, რომელთაც 12 წელია, სწავლობს ბავშვი, ეს ნორმალურია?.. რას აკეთებს სკოლა იმისთვის, რომ მომავალი თაობის მენტალიტეტი გასცდეს ქუჩურ გარჩევებს?" - განათლების ფსიქოლოგი სკოლებში არსებულ მთავარ გამოწვევებზე - მშობლები

"ათასობით დოლარის გადახდა უწევს მშობელს იმ საგნებში მომზადებაში, რომელთაც 12 წელია, სწავლობს ბავშვი, ეს ნორმალურია?.. რას აკეთებს სკოლა იმისთვის, რომ მომავალი თაობის მენტალიტეტი გასცდეს ქუჩურ გარჩევებს?" - განათლების ფსიქოლოგი სკოლებში არსებულ მთავარ გამოწვევებზე

2026-09-09 21:38:20+04:00

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სკოლებში კვლავ აქტუალური ხდება ის საკითხები, რომლებიც ბავშვების ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებასა და განათლების ხარისხს უკავშირდება. სასკოლო ფორმა ამ საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია, მაშინ, როცა მშობლები და მასწავლებლები სკოლებში არაერთ უფრო მნიშვნელოვან გამოწვევაზე საუბრობენ - დაწყებული ინფრასტრუქტურითა და პედაგოგების როლით, დასრულებული ბულინგით, რთული ქცევით, ბავშვების ემოციური მდგომარეობითა და მშობლებსა და სკოლას შორის რთული თანამშრომლობით.

განათლების ფსიქოლოგი, სალომე ჩარკვიანი, მიიჩნევს, რომ ცვლილებები, პირველ რიგში, განათლების სისტემის რეალურ პრობლემებს უნდა ეხებოდეს. მასთან ინტერვიუში ვსაუბრობთ იმაზე, რა გავლენას ახდენს ბავშვებზე სასწავლო გარემო, რატომ უქრებათ მოსწავლეებს სწავლის მოტივაცია, რა დგას რთული ქცევის უკან და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ამ პროცესში სკოლასა და მშობელს.

- თვითონ მოსწავლეთა მშობლებმა უნდა გაიაზრონ, რომელიმე საფეხურზე მოწესრიგებულია მათი შვილების მომავალზე პასუხისმგებელი სისტემა? დავიწყოთ დარეგისტრირებიდან.

თბილისში არის უბნები, სადაც ულიმიტო მშენებლობების გამო, ბავშვს ფიზიკურად ვერ მიიყვან იმავე უბნის სკოლაში, თუ სამინისტროში ნაცნობი არ გყავს.

ვთქვათ, გაგიმართლათ და მიიყვანეთ სასურველ სკოლაში. დახვდება იქ მასწავლებელი, რომელიც შეაყვარებს სწავლას, სკოლას, მეგობრებს? თუ მხოლოდ სტრესი მოიტანა მოსწავლედ ყოფნამ? თუ არ ჰყავს კარგი მასწავლებელი, მაშინ რა დააკლო სახელმწიფომ მცდელობას, რომ კვალიფიციური, თანამედროვე, ბავშვების მოყვარული ადამიანები მიეზიდა სკოლაში? თუ კარგი მასწავლებელი ჰყავს, აქვს ამ ადამიანს ადმინისტრაციისგან დაფასება? მზარდი ხელფასი, რომ არ გაიქცეს სკოლიდან? პირობები, რომ ხარისხიანი განათლება მისცეს ბავშვებს?

არსებობს კლასში გამართული ინფრასტრუქტურა? ტექნიკურად აღჭურვილია ოთახი, რომ გაკვეთილზე თანამედროვე რესურსები გამოიყენოს მასწავლებელმა? სკოლაში კანალიზაციის სუნი დგას, თუ სისუფთავის? ტუალეტში შესვლა ეზიზღება ბავშვს თუ მშვიდად იცავს ჰიგიენას? შესვენებაზე აქვს სრულყოფილად წახემსების საშუალება თუ მშიერ კუჭზე უნდა შეძლოს მასწავლებელმა მისი ყურადღების მიპყრობა? შესვენებებზე ახერხებს კლასელებთან, სკოლელებთან დამეგობრებას, თუ ჩანთის ამოლაგებისთვისაც არაა საკმარისი ეს დრო?

თუ დასვენების დროები არ ექნებათ ბავშვებს, როდის უნდა მოხდეს მათი სოციალიზაცია? ზრუნავს ვინმე იმაზე, რომ არ იგრძნონ თავი გარიყულად, დაჩაგრულად? რას აკეთებს სკოლა იმისთვის, რომ მომავალი თაობის მენტალიტეტი გასცდეს ქუჩურ გარჩევებს და სუსტის დაჩაგვრას?

ფიზიკურ სიჯანსაღეზე როგორ ზრუნავს სკოლა? აქვს ბავშვს კვირაში სამჯერ მაინც საშუალება, აქტიურ სპორტში ჩაერთოს სუფთა ჰაერზე თუ ჯერ კიდევ გვგონია, რომ 24 საათი ბავშვის სკამზე ჯდომა კატასტროფა არაა მისი ორგანიზმისთვის?

ბოლოს, რომ ისწავლა ავად თუ კარგად და ამის შემდეგ ათასობით დოლარის გადახდა უწევს მშობელს იმ საგნებში მომზადებაში, რომელთაც 12 წელია, სწავლობს ბავშვი, ეს ნორმალურია? თუ არ არის ნორმალური, მაშინ როგორია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც "კაცი კაცია და ქალი ქალიას" ყვირილის ნაცვლად საკუთარი მომავლის განათლებაზე ზრუნავს?

წასულია ის დრო, როცა სკოლის ფორმებით იქმნებოდა შეხედულება განათლების სისტემაზე. კი, სადაც ეს ტრადიციაა, შეიძლება ზოგან დღემდე გრძელდება და რატომაც არა, შეიძლება ვიღაცის თვალში ლამაზია, მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ განვითარებულ საზოგადოებაში არავინ იკადრებს, ხალხის ფულიდან 45 მილიონი დახარჯოს უბრალო სილამაზეში და ამას დამატებული, სილამაზეც ვერ უზრუნველყოს არასწორი ზომებითა და თარგებით. სრულიად საკმარისი იქნებოდა, სკოლებს აერჩიათ სასურველი ფერები და გაეცათ რეკომენდაცია, სკოლის ფერების შესაბამისად ეყიდათ მშობლებს ტანსაცმელი.

სკანდინავია არის თანასწორობის მეტრი, ალბათ, ყველა სფეროში და არც ერთ ქვეყანაში სკოლაში ბავშვებს არ აცვიათ ფორმები. იქ ითვლება, რომ ტანსაცმელი უნდა მოერგოს ბავშვის ლაღ, ენერგიულ, მოქნილ ქცევებს და არა - ბავშვი მოერგოს შეზღუდულ პიჯაკებს.

- ხშირად ამბობენ, რომ სასკოლო ფორმის არსებობა ბულინგის ერთგვარი პრევენციაა. რამდენად დიდი გამოწვევაა ბულინგი სკოლებში და ვის ეკისრება ამ პრობლემასთან ბრძოლის პასუხისმგებლობა?

- სასკოლო საზოგადოება უფრო და უფრო მეტს საუბრობს იმაზე, რომ სკოლაში დაბრუნდა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ამოძირკვული ქუჩური მენტალიტეტი. შესაბამისად, სკოლებში გამეფებული ჩაგვრა აღარაა მხოლოდ თითო-ოროლა სკოლის პრობლემა. სისტემამ უღალატა ამ ბავშვებს, როცა აჩვენა, რომ კრიმინალს ვეკიდებით გაგებით, ხოლო იმ ხალხს, რომელსაც დასავლური განათლება უნდა, ვავიწროვებთ.

- კიდევ ერთი საკითხი რომ განვიხილოთ, რამდენად აზიანებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და მის აკადემიურ მოსწრებას ის ფაქტი, რომ მე-2 ან მე-3 ცვლაში უწევთ სწავლა და სკოლას გვიან ასრულებენ?

- ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება განათლების სისტემამ ჩაიდინოს მოსწავლის წინაშე. ბავშვს დარღვეული აქვს ნორმალური ძილის გრაფიკი, რის ვალსაც მომავალში საკუთარი ნერვული სისტემით გადაიხდის. წართმეული აქვს ოჯახთან და მეგობრებთან გასატარებელი დროის მონაკვეთი, შეზღუდული აქვს განმავითარებელ წრეებზე სიარული.

გარდა ამისა, ვიცი ოჯახები, სადაც მშობელმა მუშაობას დაანება თავი, იმის გამო, რომ ორი შვილი სხვადასხვა ცვლაში მოხვდა და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა სხვაგვარად ორივესთვის დროის დათმობას. მკითხველმა განსაჯოს, ფინანსურად მარტივი გასაძლები თუა ამგვარი გადაწყვეტილება მათი ოჯახებისთვის, თორემ ამ სისტემის შემოქმედებისთვის რომ ერთი ადამიანის მინიმალური ხელფასი ყოველდღიური ჯიბის ფულია და არც მათი შვილები არიან მეორე ცვლაში, ვიცით.

- სკოლაში ბავშვის ქცევასთან დაკავშირებული პრობლემების დროს პასუხისმგებლობა ხშირად თავად მოსწავლეზე გადადის - "ცუდად იქცევა", "არ სწავლობს", "დისციპლინას არღვევს". რა შეცდომას უშვებენ ამ დროს მასწავლებლები და მშობლები და რა შეიძლება, იდგეს ბავშვის ასეთი ქცევის უკან?

- რთული ქცევა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, როგორც რაოდენობრივად, ისე თვისებრივად. სამწუხაროდ, აქ ერთი ცვლადი არ გვაქვს. დანგრეულია სოციალურ მუშაკთა სამუშაო არეალი, ოჯახებთან წვდომა მხოლოდ მათ ჰქონდათ. ფაქტობრივად, არ არსებობს მსგავსი ოჯახების მხარდაჭერის სოციალური პოლიტიკა. ამას დამატებული, მასწავლებელთა და დირექტორთა დიდ ნაწილს არ აქვს არც შესაბამისი გარემო და არც კომპეტენცია, რომ ინტერვენცია ჰგავდეს ბავშვის სოციალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და არა - შრომა-გასწორების კოლონიას.

მანდატურის სამსახურში არსებობს პროფესიონალთა მხარდაჭერის სერვისი, მაგრამ, ალბათ, საჭიროების 1 პროცენტს ფარავს.

- მშობლების მხრიდან რა შეცდომებს ხედავთ ყველაზე ხშირად, რომლებიც ბავშვის მდგომარეობას ან სკოლასთან მის ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს? მაგალითად, ზედმეტი აკადემიური წნეხი, სხვა ბავშვებთან შედარება, მასწავლებლის წინაშე ბავშვის დაცვა ნებისმიერ ფასად ან, პირიქით, ბავშვის პრობლემების უგულებელყოფა - რომელი მიდგომებია განსაკუთრებით საზიანო?

- თქვენ მიერ ჩამოთვლილი პრობლემების გაერთიანება შეიძლება იმ ერთი ქოლგის ქვეშ, რომელსაც ერქმევა მშობლისა და სკოლის თანამშრომლობის პრობლემა. ვერც ერთი მექანიზმი ვერ ამუშავდება სწორად იქამდე, სანამ სკოლა და მშობელი არ დაიწყებს საერთო ძალებით ბავშვზე ზრუნვას. როგორ გამოვასწოროთ ეს საკითხი? ამ კითხვაზე მასწავლებლების პასუხია ცხვირის აბზუება, რომ "აი, მშობლებს საკუთარი შვილი არც კი აინტერესებთ," ხოლო მშობლების პასუხია - "რაზე დავხარჯო ძვირფასი დრო, როცა სკოლა ჩემი შვილის კარგად ყოფნაზე საერთოდ არ ზრუნავს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების გასატარებლად ვჭირდები."

ეს ჰგავს დაახლოებით გაყრილი მშობლების მიერ შვილის გაზრდას. თუ მშობლები ერთმანეთს პატივს სცემენ და ბავშვის ინტერესებია მათთვის პრიორიტეტი, ბავშვიც ჯანსაღად იზრდება, ხოლო თუ ორივეგან ხედავს უპატივცემულობას, ზიზღსა და გულგრილობას, ასეთი იზრდება თავადაც. ასე რომ, ნუ მოელით ზრდილობასა და გულისხმიერებას ბავშვისგან, რომელსაც გამუდმებით ქიშპობას აყურებინებთ სკოლასა და ოჯახს შორის.

- ყოველ წელს, როდესაც სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება, სოციალურ ქსელებში (განსაკუთრებით, ტიკ-ტოკის პლატფორმაზე) ბავშვები განიცდიან, ტვირთავენ ვიდეოებს და აღნიშნავენ, რომ სკოლა მათთვის არის ადგილი, რომელიც ტანჯვასა და ნეგატიურ გამოცდილებასთან ასოცირდება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ყოველი წინ არგადადგმული ნაბიჯი არის არა ადგილზე დარჩენა, არამედ უკან წასვლა. თაობიდან თაობამდე რადიკალურად იცვლება თაობათა მენტალიტეტი, განათლების რაობა, ცოდნის მიღების ინსტრუმენტები, ცოდნის წარმოების გზები და ამ რბოლაში ჩვენ დარჩენილი ვართ საუკუნის წინანდელ სისტემაში, სადაც მასწავლებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმას ეჯიბრება ერთმანეთს, ვინ რამდენ ხანში გაატარებს კლასს სემესტრულ პროგრამას. ხოლო დირექტორების მთავარი საზრუნავი - მასწავლებელთა პოლიტიკური კომენტარების დევნაა.

- ბევრი ბავშვი, განსაკუთრებით, დამამთავრებელ კლასებში, სკოლაში საერთოდ აღარ დადის - რატომ შეიძლება, მათ სწავლის მოტივაცია გაუქრეთ?

- რა უნდათ სკოლაში, როცა მათ მშობლებს ათასობით დოლარის გადახდა უწევთ დამატებით მომზადებაში? როცა აბიტურიენტი გავხდი, ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა დაიბარა კლასის მშობლები და უთხრა, თუ თქვენი შვილები გაკვეთილებზე ივლიან, საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილების შემდეგ დარჩებიან, გარანტიას გაძლევთ, რომ მომზადება არ დაგჭირდებათო. და ასე ჩავაბარეთ უმრავლესობამ, კარგი ქულებით.

რამდენი ასეთი მასწავლებელი გეგულებათ? ახალისებს მათ სისტემა თუ დაუფასებლობით უკლავს ენთუზიაზმს? გამოიხატება მათი პროფესიონალიზმი მათ ანაზღაურებაში, თუ ის მეტს შოულობს, ვინც სკოლაში ქულას არ უწერს ბავშვს, თუ მასთან არ დადის მოსამზადებლად?

- ახალი სასწავლო წელი რამდენიმე დღეში დაიწყება - რა რჩევები გექნებათ როგორც მშობლების, ისე სასკოლო საზოგადოების მიმართ?

- მშობლებო და მასწავლებლებო, სისტემას აწყობს თქვენი დაპირისპირება და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა. სინამდვილეში კი, თქვენ ერთი მხარე ხართ. შევიწროებულნი, დაუფასებელნი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმით დატვირთულნი. სინამდვილეში, ორივე თქვენგანის წარმატება ერთი რამით იზომება, უყვარს თუ არა ერთ კონკრეტულ ბავშვს რაიმეს სწავლა.

თამარ იაკობაშვილი

როგორ შეიცვალა ქართველი მოსწავლეების დონე წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - რა გავაუმჯობესეთ და რა რჩება ყველაზე დიდ პრობლემად
სკოლის გაცდენისა და დაგვიანებების მაჩვენებლით ქართველი მოსწავლეები 88 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე არიან - PISA-ის შედეგები