რა შემთხვევაში უქმნის NAEC აბიტურიენტს სპეციალურ საგამოცდო პირობებს და როგორ ხდება საჭიროების დადგენა - 2026 წლის მაგალითები - მშობლები

რა შემთხვევაში უქმნის გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტს სპეციალურ საგამოცდო პირობებს და როგორ ხდება საჭიროების დადგენა - 2026 წლის მაგალითები

2026-09-14 10:55:56+04:00

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა აბიტურიენტი ერთნაირ პირობებში ვერ აბარებს გამოცდას. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფუნქციური სირთულის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტს ინდივიდუალურად მორგებულ საგამოცდო გარემოს უქმნის.

ამასთან, არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული დახურული სია, რომლის მიხედვითაც კონკრეტული დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანს ავტომატურად მიენიჭება სპეციალური საგამოცდო პირობა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტმა რეგისტრაციისას უნდა მიუთითოს, რომ სპეციალური პირობები ან სპეციფიკური საგამოცდო გარემო ესაჭიროება. ამის შემდეგ მას ეძლევა შესაძლებლობა, ცენტრში წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა - ფორმა №100. წარმოდგენილ დოკუმენტაციას სპეციალისტთა ჯგუფი ინდივიდუალურად განიხილავს და სწორედ ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა აბიტურიენტს სპეციალური საგამოცდო პირობები და კონკრეტულად რა პირობები უნდა შეექმნას.

ამიტომ, სპეციალურ საჭიროებაზე საუბრისას მხოლოდ დიაგნოზის დასახელება საკმარისი არ არის. მთავარი არის ის, რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობა ან ფუნქციური სირთულე გამოცდის ჩაბარებაზე და რა ადაპტაცია სჭირდება აბიტურიენტს იმისთვის, რომ გამოცდა მისთვის სათანადო პირობებში ჩატარდეს.

მაგალითად, 2026 წლის პრაქტიკა აჩვენებს, რომ სპეციალური პირობები შეიძლება უკავშირდებოდეს მხედველობასთან, სმენასთან, გადაადგილებასთან, ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ სირთულეებს ან ისეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლის გამოც აბიტურიენტს გამოცდის მიმდინარეობისას გარკვეული დამატებითი საჭიროება აქვს. თუმცა, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება.

რა პირობები შეიძლება, შეექმნას აბიტურიენტს?

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წერს, NAEC ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას. ამ მიზნით, ცენტრი ბეჭდავს ტესტებს ბრაილისა და გაზრდილი შრიფტით. ასევე გამოიყენება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელთა საჭიროებებზე მორგებული სივრცე, იზრდება საგამოცდო დრო და ხორციელდება სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები.

უცხოური ენის მოსმენის ნაწილისთვის ცენტრი აპლიკანტებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვან საგამოცდო პრაქტიკაში დანერგილ ალტერნატიულ შესაძლებლობებს. მათ შორისაა: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით), ხმის გამაძლიერებელთან ახლოს განთავსება, ყურსასმენის გამოყენება, პირადი სმენის აპარატის გამოყენება და დამატებითი დროით სარგებლობა.

გამოსაცდელთა მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება მიიღება გამოსაცდელების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის NAEC-მა სპეციალური პირობების შესახებ 39-გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც თითოეული შემთხვევისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობაა მითითებული. დოკუმენტში სულ 311 ჩანაწერია.

ყველაზე ხშირად გვხვდება დამატებითი საგამოცდო დრო. სხვადასხვა აბიტურიენტისთვის განსაზღვრულია საათზე დამატებით 5, 10, 15, 20, 30 ან 40 წუთი, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - გამოცდის დროის გაორმაგება. ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი დრო თითოეულ ნაწილზეა განსაზღვრული.

2026 წლის სიაში ასევე გვხვდება:

  • გაზრდილი შრიფტით დაბეჭდილი ტესტი - მათ შორის 16-, 20- და 40-იანი შრიფტით;
  • გაზრდილი პასუხების ფურცლები;
  • ბრაილის შრიფტით ტესტი;
  • გამოცდის კომპიუტერის საშუალებით, Word-ის ფაილის გამოყენებით ჩაბარება;
  • უცხო ენის მოსმენის დავალებისთვის ყურსასმენის გამოყენება;
  • მოსმენის დავალების წამკითხველის დახმარებით შესრულება;
  • უცხო ენის გამოცდაზე დინამიკთან ახლოს განთავსება;
  • მონიტორთან ახლოს დაჯდომა;
  • კომფორტული სკამი;
  • პოზის შეცვლისა და გამოცდის დროს სიარულის შესაძლებლობა;
  • გადაადგილებაში დახმარება და დაჯდომა-წამოდგომაში დახმარება;
  • ეტლზე მორგებული მაღალი მაგიდა;
  • საჭიროების შემთხვევაში საგამოცდო ტერიტორიაზე მანქანით შესვლა;
  • გამოცდაზე ურიგოდ შესვლა;
  • გამოცდის მიმდინარეობისას საჭიროების შემთხვევაში საკვების ან მედიკამენტის მიღება, რისთვისაც შესაბამისი დრო ემატება;
  • ცალკეულ შემთხვევებში სხვა ინდივიდუალური პირობები.

სპეციალურ პირობებში შედის გაორმაგებული დრო და წერითი დავალებების შესრულებაში დამხმარე პირის დანიშვნა. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს უფლება აქვს გამოცდაზე კომპიუტერის საშუალებით, Word-ის ფაილის გამოყენებით ჩააბაროს.

განსაკუთრებული პირობები მხოლოდ დამატებითი დროით ან ადაპტირებული ტესტით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში აბიტურიენტს განესაზღვრა ტერიტორიაზე მანქანით შესვლა, გამოცდაზე ურიგოდ შესვლა, გადაადგილებაში დახმარება, ეტლზე მორგებული მაღალი მაგიდა და დამატებითი საგამოცდო დრო.

სპეციალური პირობების მიზანი კონკრეტული დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანისთვის ერთი და იმავე შეღავათის ავტომატურად მინიჭება არ არის. ორი აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს და შესაბამისად განსხვავებული ადაპტაცია დასჭირდეთ.

მაგალითად, მხედველობის დარღვევის მქონე ერთ აბიტურიენტს შეიძლება, სჭირდებოდეს გაზრდილი შრიფტი, მეორეს - ბრაილის შრიფტი, ხოლო სხვა შემთხვევაში შესაძლოა, დამატებითი ტექნიკური საშუალება გახდეს საჭირო. ანალოგიურად, გადაადგილების სირთულის მქონე აბიტურიენტს შეიძლება, დასჭირდეს სპეციალური მაგიდა, გადაადგილებაში დახმარება ან გამოცდაზე ურიგოდ შესვლა.

სწორედ ამიტომ სპეციალური პირობების საკითხი ინდივიდუალურად განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღება.

სპეციალური პირობა ავტომატურად არ ნიშნავს დამატებით ქულას

მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპეციალური საგამოცდო პირობა გამოცდის შინაარსის გამარტივებას ან დამატებითი ქულების მიღებას არ ნიშნავს. მისი მიზანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ფუნქციური სირთულის გამო აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარებაში არსებული ბარიერი შეუმცირდეს და მან დავალებების შესრულება მისთვის საჭირო ადაპტირებულ პირობებში შეძლოს.

2026 წლის NAEC-ის გამოქვეყნებული სია სწორედ ამ ინდივიდუალურ მიდგომას აჩვენებს - სხვადასხვა აბიტურიენტისთვის განსაზღვრული პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება და მოიცავს როგორც რამდენიმე წუთის დამატებას, ისე დროის გაორმაგებას, სპეციალურ ტესტს, ტექნიკურ დახმარებას, გადაადგილების მხარდაჭერას და სხვა საჭირო ადაპტაციებს.

ამიტომ, თუ აბიტურიენტს მიაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ფუნქციური სირთულის გამო გამოცდის ჩვეულებრივ პირობებში ჩაბარება გაუჭირდება, მნიშვნელოვანია, რეგისტრაციისას სპეციალური საჭიროება სწორად მიუთითოს და ცენტრის მიერ მოთხოვნილ ვადაში შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია წარადგინოს. საბოლოოდ კი სწორედ სპეციალისტთა შეფასება განსაზღვრავს, ესაჭიროება თუ არა მას სპეციალური საგამოცდო გარემო და რა სახით უნდა შეიქმნას იგი.

მონაცემები, სწორედ ინდივიდუალური მიდგომის გამო ყოველწლიურად იცვლება.

მაგალითისთვის კი, 2026 წლის გამოცდებზე სპეციალური პირობების უფლებით მოსარგებლე გამოსაცდელთა სია შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.

თამარ იაკობაშვილი

აქვთ თუ არა მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობის მიღების უფლება იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახეს - დეტალები
შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ქულების შენახვა თუ რამდენიმე გამოცდა წარმატებით ჩააბარა, მაგრამ ერთ ძირითად საგანში ჩაიჭრა - დეტალები