განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო“ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ მთავარ ცვლილებებსა და სიახლეებზე საუბრობს:
- სასწავლო წლის დაწყების წინ ყოველთვის ასეთი ციებ-ცხელება გვაქვს. სრულიად ერი სასწავლო წლის დაწყებას ელოდება. არ არსებობს ოჯახი, სადაც ეს ფუსფუსი არ იყოს. ბუნებრივია, განათლების სამინისტრო ამ პროცესისთვის მზადებას უფრო ადრე იწყებს. მით უმეტეს, როგორც მოგეხსენებათ, ზოგადი განათლების დაანონსებული რეფორმა 2028 წლის სექტემბრამდე იმ რვა დიდ და მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს, რომლებიც სკოლებში გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს.
2028 წლის 15 სექტემბერს და ამ რვა დიდ პუნქტს რომ ვახსენებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მზადება მთელი რიგი მიმართულებებით ან უკვე დაწყებული უნდა იყოს, ან შუა ეტაპზე იმყოფებოდეს, ან სულაც დასრულებული იყოს, რადგან განათლების სისტემისთვის ორი და სამი წელი არაფერს ნიშნავს. შესაბამისად, ახალ სასწავლო წელს ძალიან ბევრი ცვლილებით ვხვდებით, თუმცა თქვენ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე - ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ანუ შინაარსზე გაამახვილეთ.
მთავარი შინაარსია - თუ რა შინაარსით შევხვდებით ახალ სასწავლო წელს. შეფასების სისტემაზე გადასვლამდე მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად სასწავლო პროცესის მიდგომა იცვლება. აქ აუცილებლად უნდა ვახსენო სახელმძღვანელოებიც, რადგან სწორედ სახელმძღვანელოა ის ძირითადი რესურსი, რომლითაც შემდეგ მოსწავლეც ხელმძღვანელობს და მასწავლებელიც. შინაარსი და კონტექსტი ის გახლავთ, რომ სწავლებაში კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე გადავდივართ. ეს რას ნიშნავს? მოსწავლე პასიური მსმენელი კი არ არის, არამედ ცოდნას თავად აგებს. შესაბამისად, სახელმძღვანელოში გადმოცემული მასალაც და მთლიანად სასწავლო პროცესიც, რაც შემდეგ ეროვნულ სასწავლო გეგმაში აისახა, სწორედ ამ მიმართულებას ეძღვნება. ამის საპასუხოდ შეფასების სისტემაც უფრო მოქნილი და შემოქმედებითობაზე ორიენტირებული ხდება. რაც ყველაზე მთავარია - ყველაზე წარმატებული ქვეყნების გამოცდილება რომ ვნახოთ, თუ რა მეთოდოლოგიით ასწავლიან ბავშვებს - ბავშვმა სასწავლო პროცესში არ უნდა მოიწყინოს.
თანაც, როდესაც XXI საუკუნის ბავშვებზე ვსაუბრობთ, როგორც კი სასწავლო პროცესის უინტერესობას ოდნავ მაინც იგრძნობენ, სკოლის მიმართ ეს დამოკიდებულება მთლიანად ეკარგებათ. ამიტომ, უდიდესი ამოცანის წინაშე ვიდექით. ერთის მხრივ, ჩვენი მთავარი ფუნქცია და სკოლის დაკვეთა ყველა საგნის ხარისხიანად სწავლება და სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვაა, თუმცა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით სკოლას კიდევ რა დაკვეთა აქვს? სკოლიდან საკუთარი ქვეყნის, ისტორიისა და ტრადიციის მცოდნე, პატრიოტი მოქალაქე უნდა გამოვიდეს - ეს არის მთავარი დაკვეთა. მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობები გააზრებული აქვს და ამაყობს, რომ ამ ქვეყანაში დაიბადა. ეს არის მთავარი დატვირთვა. აქედან გამომდინარე, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და პროგრამაში ეს მიმართულება ძლიერდება. ნებისმიერ საგანში - იქნება ეს მათემატიკა თუ ფიზიკა, აღარაფერს ვამბობ ქართულსა და ისტორიაზე, რომლებიც პირდაპირ ის საგნებია, რომლებმაც ჩვენი მოსწავლეები ამ გზით უნდა ატაროს - ყველგან ვცდილობთ, რომ ეს მუხტი ჩადებული იყოს. ამასთან, XXI საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში, უმნიშვნელოვანესია ბავშვები ისეთი უნარებით აღვჭურვოთ, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ.
შესაბამისად, ჩვენი სახელმძღვანელოების სტილში მთელი რიგი ცვლილებები შევიდა. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს იმას, თუ რა შევა სახელმძღვანელოში ან როგორ წარმართავს მასწავლებელი პროცესს საკლასო ოთახში. სახელმძღვანელოებში ინტეგრირებულია ციფრული პლატფორმები და QR კოდები, სადაც მთელი რიგი მასალები და არქივებია განთავსებული...
თუ რამე ეროვნული ფასეულობა გვაქვს - და ძალიან ბევრი რამ გვაქვს ისეთი, რითაც ვამაყობთ ამ მასალებთან ერთად ყველაფერს QR კოდი ახლავს. შიგნით თემასთან დაკავშირებული მასალა იშლება.
პირველი კლასიდანვე, რა თქმა უნდა, თემატურად და შესაბამისად, საბუნებისმეტყველო საგნებში, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო გამოცდილებაც თუ არსებობს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, ბავშვს ამ QR კოდში გაშლილი თემატიკა იქვე ხვდება. მაგალითად, განვიხილავდით "არტეფაქტებით მოყოლილ საქართველოს ისტორიას“ - ეს დავით ლორთქიფანიძის მთელი სერიაა, ხოლო ლიტერატურულ ძიებაზე გია მურღულია ჰყვება. ყველა თემაზე კარი გახსნილი გვაქვს და მადლობა მეგობრებს მუზეუმებიდან. მათ შორის, გაიცნობთ მესტიის მუზეუმისა და სხვადასხვა მუზეუმების წარმომადგენლებს, რომლებიც თავად ჰყვებიან იმ თემასთან დაკავშირებულ ისტორიებს. ეს საოცრებაა, ნამდვილად პირველად ხდება, რომ არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის. მშობლებო, წიგნები აუცილებლად გადაშალეთ. დაინტერესდებით, რადგან იმდენ ინფორმაციას შეიტყობთ. რაც მთავარია, წიგნის ყდაზეც კი ვიზრუნეთ. ფიზიკისა თუ ქიმიის ყდაზე მხოლოდ კოლბა კი არ არის წარმოდგენილი... არა. წინა პლანზე გამოტანილია ის თემატიკა, საგანთან ბმაში, რისი მეშვეობითაც საქართველომ მსოფლიოში თავისი სათქმელი თქვა. რითაც ვამაყობთ. მარტო ყდის ინფორმაცია რომ ნახოთ - ამ ეტაპზე სახელმძღვანელოებს მხოლოდ პირველი, მეშვიდე და მეათე კლასებისთვის ვამზადებთ. ყველაფერი ასახულია იმ მიღწევებით, რითაც ვამაყობთ. ეს ცვლილება სექტემბრიდან მხოლოდ პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებში შედის. შესაბამისად, შეფასების სისტემაც ლოგიკურად მოჰყვება ამას. კიდევ ერთი სიახლე ციფრული ეპოქის ბავშვებისთვის...
ბოტები, რომლებიც სახელმძღვანელოებშია ჩაშენებული - მათბოტი, ბიოლოგიის სახელმძღვანელოში შესაბამისი ბოტი, ფიზბოტი, ქიმბოტი. ეს რას ნიშნავს? თუ ბავშვს თემა უფრო ღრმად დააინტერესებს, იგი სისტემაში შევა და ნახავს. ნუ იფიქრებთ, რომ მას პასუხისთვის თავისუფალი სივრცე ეძლევა - არა, ჩვენს პლატფორმაზე შესაბამისი ბოტების ინფორმაცია გაფილტრული და დაცულია. კონკრეტულ კითხვაზე მათ საგნის მოგზაური ბოტი უპასუხებს. თუ კითხვაზე პასუხის გაგება ან მეტი ინფორმაციის მიღება დასჭირდებათ, ყველაფერი სახელმძღვანელოშია.
ახლა მივყვეთ ეროვნულ სასწავლო გეგმას (ესეგ) და ვნახოთ, რა ცვლილებები შევიდა საგნების მიხედვით. ჩვენ დავინახეთ არსებული გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სიახლე დაანონსდა PISA-ს კვლევასთან დაკავშირებით - თუ რამხელა წარმატება გვაქვს, მეგობრებო. PISA-ს კვლევაში ჩვენმა ბავშვებმა იმხელა ნახტომი აჩვენეს, რომ ეს სწორი პოლიტიკის შედეგია. განათლებაში ჩადებული თანხა და რესურსი აუცილებლად წინ დაგხვდება, თუმცა არა იმავე დღეს, ამას წლები სჭირდება. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასეთი ცვლილებებია:
პირველ კლასში ქართულის სწავლება გავაძლიერეთ და მათემატიკის საათებიც გავზარდეთ. ქიმიას მერვე კლასიდან ვიწყებდით, მაშინ როდესაც ფიზიკა და ბიოლოგია მეშვიდე კლასიდან იწყებოდა. ეს საგნებს შორის კავშირის წყვეტას ნიშნავდა. საბუნებისმეტყველო საგნებს შორის კავშირის დეფიციტი რომ დავინახეთ, ქიმია მეშვიდე კლასში გადმოვიტანეთ. ქართულ ენასა და ლიტერატურაში, წერა-კითხვასა და ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების საპასუხოდ, მეშვიდე კლასიდან ქართული ენა და ლიტერატურა ცალ-ცალკე საგნებად გამოეყო. ასევე ცალკეა საქართველოს ისტორია და მსოფლიო ისტორია. მეათე კლასში საქართველოს ისტორიას თემატურად ვასწავლით. ეს რას ნიშნავს? მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში ქრონოლოგიურად ნასწავლ მასალას მეათე კლასში ვაჯამებთ - ოღონდ არა ქრონოლოგიურად ჩაყრილი ინფორმაციით, არამედ თემებით: როგორი მოწყობის იყო საზოგადოება უძველესი პერიოდიდან დღემდე, სავაჭრო და საერთაშორისო ურთიერთობები - მსოფლიო კონტექსტში.
ეს არის შემოქმედებითი, კრეატიული სასწავლო პროცესი, სადაც ბავშვმა არც ერთი წუთი არ უნდა მოიწყინოს. მთავარი ხაზი უნდა იყოს: ვინ ვარ მე, რომელი ქვეყნის შვილი ვარ, რა გზა გამოვიარეთ, რა მივეცით მსოფლიოს, როგორც ქართველებმა და რით უნდა ვიამაყოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ხაზი.
- არაქართულენოვანი სკოლებისთვის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბრისას, ყველა სკოლას ვგულისხმობთ. არაქართულენოვანი სკოლების ნაწილში მთავარი ღერძი ის გახლავთ, რომ სახელმწიფო ენის სწავლების დონე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობა ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება. ისინი თავად გვეუბნებიან, რომ ქართული ენის სასწავლად მეტი რესურსი და შესაძლებლობაა საჭირო. მათ ესმით, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და კარგად გააზრებული აქვთ სახელმწიფო ენის სწავლის მნიშვნელობა. გარდა იმისა, რომ სკოლებში ბილინგვური სწავლებით შევდივართ - სადაც სომხური, აზერბაიჯანული და ქართული ენები ისწავლება - ქართულის გაძლიერებისთვის ბილინგვური სასწავლო პროცესები შევთავაზეთ. გარდა ამისა, წელს პირველად, 21 არაქართულენოვან სკოლაში ცალკე ქართული სექტორი გაიხსნა.
მიდგომა ისეთია, რომ ქართულის სწავლებას - განსაკუთრებით იქ, სადაც ქართული საბავშვო ბაღებია - პირდაპირ შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, სომხურისა და აზერბაიჯანული ენების სწავლებას უდიდეს მნიშვნელობას ვაჭერთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ხარისხიანად მიმდინარეობდეს. შესაბამისი მემორანდუმებითა და კავშირებით მთელი რიგი მიმართულებები გავხსენით, იმისათვის, რომ სწავლის ხარისხი ამაღლდეს. მთავარი ისაა, რომ მათ სომხური და აზერბაიჯანული ენები მაღალ დონეზე ისწავლონ, ხოლო ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა სახელმწიფო ენა შესაბამის დონეზე იცოდეს. ამისთვის ყველაფერი კეთდება. ეთნიკურ უმცირესობებს ეს საკითხი არა მხოლოდ ესმით, არამედ თავად გვთავაზობენ გზებს, თუ რა გავაკეთოთ მეტი ქართული ენის შესასწავლად.
- მთავარი ის არის, რომ კონსტიტუციით საბაზო საფეხურის გავლა ყველა ბავშვისთვის სავალდებულოა. საშუალო საფეხურზე კი აქამდე XI და XII კლასები გვქონდა. როგორც იცით, 2027 წლიდან სასწავლო პროცესი 11-წლიანი ხდება. ცვლილება მხოლოდ ეს არ არის - მე-11 კლასი რეპეტიტორიუმად ყალიბდება. ეს რას ნიშნავს: 9 წელში საბაზო საფეხურს ვასრულებთ, მე-10 კლასში საშუალო საფეხურის მთელ ცოდნას ყველას თანაბრად ვაძლევთ, ხოლო მე-11 კლასში მოსწავლე თავისი ინტერესის მიხედვით 4 ძირითად საგანს ირჩევს. სკოლა რეპეტიტორობს.
ამ 4 საგნის მიღმა, რა თქმა უნდა, არის არჩევითი კურსებიც - მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება და სხვა გამჭოლი დისციპლინები, რომლებითაც ცოდნის შევსება შესაძლებელია. მოსწავლე ყველა საგანს კი აღარ სწავლობს, არამედ იმაზე კონცენტრირდება, რაც აინტერესებს. ეს უზარმაზარ მოსამზადებელ სამუშაოს მოითხოვს. სამ თვეში სახელმწიფო საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლების მომზადებას იწყებს საგანთა გაძლიერებული სწავლებისთვის, რაც შესაბამისი სერტიფიკატით დასრულდება. მასწავლებელი შეიძლება ძალიან კარგი იყოს, თუმცა გაძლიერებული სწავლებისთვის დამატებითი მომზადება სჭირდებოდეს.
- ეს ჯერ 2027 წლის პერსპექტივაა. გარდა ამისა, საგნების შეცვლისთვის კონკრეტული ვადები დაწესდება. რეპეტიტორიუმში ერთი რამ უნდა აღინიშნოს: რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიოს მოსწავლემ, ქართული ენა სავალდებულოა. ამიტომ ქართულ ენასა და ლიტერატურაზე საუბრისას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი გზაა. დიახ, ქართული ენა ყველა შემთხვევაში შესაბამის დონეზე უნდა იცოდე. რეპეტიტორიუმშიც ასეა: საგნის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ამას თავისი ვადა ექნება, რადგან წლის ბოლოს საგანს ვეღარ შეცვლი.
- რაზედაც გესაუბრეთ, ეს ყველაფერი მხარდაჭერაა. მოსწავლე მაშინ არ არის მხარდაჭერილი, როდესაც სახელმძღვანელოში მშრალი ტექსტებია და განცდა აქვს, რომ მასალას ვერ იგებს. მეთოდოლოგია, რომელსაც ვცვლით, საშუალო მოსწრების მოსწავლესაც კი საკლასო ოთახში კომფორტულად აგრძნობინებს თავს. სახელმძღვანელოს რუბრიკები, სიახლეები, თემატიკა და თავად მასალის მოცულობა ისეა სტრუქტურირებული - ავტორთა ჯგუფში ფსიქოლოგებიც გვყავდა ჩართული - რომ ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს. გარდა ამისა, უდიდესი ძალისხმევა ჩავდეთ მასწავლებლის სახელმძღვანელოების შექმნაში, რადგან მთავარი იარაღი და მხარდაჭერა ის მეთოდოლოგიაა, თუ როგორ წარმართავს მასწავლებელი სასწავლო პროცესს საინტერესოდ...
მასწავლებლების მიმართულებით უდიდესი მხარდამჭერი მექანიზმები გვაქვს ამუშავებული - კომპეტენციის დადასტურებიდან და ტრენინგებიდან დაწყებული, წლის განმავლობაში გამოცდების ორჯერ ჩაბარების შესაძლებლობით დამთავრებული. ბოლოს მაინც ამის თქმა მინდა: ჩვენ ხაზი იდენტობას გავუსვით - ეს არის მთავარი. სკოლის დაკვეთა ის არის, რომ კარგი სასწავლო პროცესი შევთავაზოთ მოსწავლეებს და ამაზე არ გავჩერდეთ. თუმცა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და სკოლის დაკვეთას რაც შეეხება, ვფიქრობ, ამას ქართული ენის ახალი სახელმძღვანელოს ერთი გვერდი პასუხობს. ამ სახელმძღვანელოს რომ გადაშლით, ჩვენი გზა, მიზანი და დაკვეთა პირდაპირ ჩანს: ერთ მხარეს ილია ჭავჭავაძის ფოტოა წარწერით - "მამული, ენა, სარწმუნოება“, ხოლო გვერდით ილია მეორის ფოტო - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. აი, ეს არის ის გზა, რომელზედაც ჩვენი შვილები უნდა გავატაროთ.
ამ გზის მიღმა ჩვენს ერს საუკუნეების განმავლობაში სხვა გზა არც ჰქონია, არც აქვს და არც ექნება. ამიტომ ძირითადი ღირებულებების ეს ღერძი ჩვენი ქვეყნისთვის განუმეორებელი, ერთადერთი და საუკუნოა. შესაბამისად, ჩვენს სახელმძღვანელოებსა და სასწავლო პროცესში, სადაც მოქალაქეები ყალიბდებიან, პირველ რიგში, ამ გზას უნდა გავყვეთ.