"გვინდა, პროფორიენტაციის მიმართულება მე-9-მე-10 კლასებში პილოტურად დავნერგოთ... გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამების კრედიტები აღიარდეს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებში" - გივი მიქანაძე - მშობლები

"გვინდა, პროფორიენტაციის მიმართულება მე-9-მე-10 კლასებში პილოტურად დავნერგოთ... გვინდა, პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამების კრედიტები აღიარდეს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებში" - გივი მიქანაძე

2026-09-14 13:02:35+04:00

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, გადაცემაში "ღია ეთერი" პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

- პროფესიულ მიმართულებაში რამდენიმე ასპექტია გამოსაყოფი: პირველი ის, რომ რეფორმის ფარგლებში ცალსახად აღვნიშნეთ, რომ პროფორიენტაციის მიმართულება სკოლებში არ არის. ანუ მრჩეველი იმისა, ბავშვმა თავისი შესაძლებლობებით, უნარით, ცოდნით რა მიმართულება შეიძლება, აირჩიოს. ამიტომ, წლევანდელ სასწავლო წელს ვაპირებთ, რომ პროფორიენტაციის მიმართულება მე-9-მე-10 კლასებში უკვე პილოტურად დავნერგოთ და ვნახოთ, როგორ იმუშავებს და შემდეგში უკვე განვავითაროთ.

რა თქმა უნდა, ეს სავალდებულო არ იქნება. ეს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. აქაც ხელოვნური ინტელექტის კომპონენტია იმიტომ, რომ გარკვეული ანკეტებია შესავსები, რომლებიც შესაბამისი მეთოდოლოგიით დამუშავდება და ინდივიდუალურ რეკომენდაციებამდე განზოგადდება.

რაც შეეხება პროფესიულ სწავლებას, უკვე მესამე წელი იწყება, სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში, ინტეგრირებული პროგრამა გვაქვს შემოტანილი. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის 83 სკოლაში ინტეგრირებული პროგრამა დანერგილია. წლევანდელი სასწავლო წლიდან კიდევ 6 სკოლა დაემატება და ჯამში 89 სკოლა იქნება. პირველი გამოშვება წელს, მაისში, გვქონდა, როდესაც მე-12 კლასის დასრულების შემდეგ, მიიღეს როგორც სკოლის ატესტატი, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი.

ამასთანავე, ჩვენთვის პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პირდაპირ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც პარლამენტში ამირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ, პირველი, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, იყო ის, რომ ვებრძვი "უდიპლომო სასიძოს" სინდრომს. დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც, პირველ რიგში, ადამიანობა, შემდგომში პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს. არანაირად არ შეიძლება, დავაკნინოთ ან მეორე ან მეათე ხარისხოვნად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით, წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს. უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, რომ გარკვეული პროფესია შეიძინოს. ეს კონკრეტული პროფესიები ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისია. იმასაც გეტყვით, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადში, კერძო სექტორთან გააქტიურებული მუშაობით, 24% თუ იყო დასაქმების მაჩვენებელი, 74%-ზე ვართ ახლა ასული და სწორედ კერძო სექტორს ვეკითხებით, რა მიმართულებით, რა სპეციალისტები სჭირდებათ და ამ მიმართულებით ვდებთ ინვესტიციას. ამ ადამიანების სწორი და მოთხოვნასთან შესაბამისი გადამზადებით მივაღწიეთ ასეთ მაღალ მაჩვენებელს. ამასთანავე, თავად პროფესიულ სასწავლებლებში გვაქვს ინტეგრირებული პროგრამები, სადაც მოსწავლეები ადგილზე მიდიან და სასწავლო პროცესს გადიან.

ამ შემოდგომაზე პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც ჩვენ გვინდა, რომ პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამების კრედიტები აღიარდეს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებში. ამით ჩვენ პროფესიული სასწავლებლის იმიჯის წამოწევა გვინდა. ცალსახად მინდა, განვაცხადო, რომ პროფესიული განათლების მქონე ადამიანი როგორ შეიძლება, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანზე რაღაცით დაბალხარისხოვანი იყოს... ეს წარმოუდგენელია. არსებობს ეს სტერეოტიპი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ აქტიურად ვიბრძვით.

არაერთი შემთხვევაა, როდესაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერად მოიქცა... ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, ეს პროცესი წინ წავიდეს... ზოგ სოფელში, სანამ სკოლა აშენდება, გამოვიყენებთ ე.წ. კონტეინერულ სკოლებს... - გივი მიქანაძე
შემდეგ წელს ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდეს პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ - მე-8 კლასის ჩათვლით და ა.შ. - გივი მიქანაძე