რა შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები პირადობის მოწმობაზე "სტუდენტის" სტატუსის აღნიშვნით, ვის შეუძლია სარგებლობა და როგორ უნდა გაიაქტიუროთ? - დეტალები - მშობლები

რა შეღავათებით სარგებლობენ სტუდენტები პირადობის მოწმობაზე "სტუდენტის" სტატუსის აღნიშვნით, ვის შეუძლია სარგებლობა და როგორ უნდა გაიაქტიუროთ? - დეტალები

2026-09-14 13:26:58+04:00

სტუდენტებს უკვე შეუძლიათ, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე არსებული QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეძლონ. ამისთვის სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აისახება, მისი გადამოწმება კი ID ბარათზე დატანილი QR კოდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტის სტატუსი თავად პირადობის მოწმობაზე ცალკე არ იბეჭდება. ინფორმაცია სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ინახება, ხოლო QR კოდი ამ ინფორმაციის სწრაფად გადამოწმების საშუალებას წარმოადგენს.

ვის შეუძლია სტუდენტის სტატუსის QR კოდზე ასახვა?

ამის შესაძლებლობა აქვს პირს, რომელიც განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში რეგისტრირებულია როგორც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს.

სერვისი ვრცელდება სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ:

  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • ბაკალავრიატის პროგრამაზე;
  • მაგისტრატურის პროგრამაზე;
  • დიპლომირებული მედიკოსის ან სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
  • დოქტორანტურის პროგრამაზე.

ანუ შესაძლებლობა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებით არ შემოიფარგლება და, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ის სხვა საფეხურის სტუდენტებსაც ეხებათ.

უკვე არსებული ID ბარათის შეცვლა საჭირო არ არის

თუ სტუდენტს უკვე აქვს პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელზეც QR კოდია დატანილი, სტუდენტის სტატუსის QR კოდით ხელმისაწვდომობისთვის ახალი პირადობის მოწმობის აღება აუცილებელი არ არის.

სტუდენტს შეუძლია შესაბამისი მოთხოვნით მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან მობილურ იუსტიციის სახლს.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ახალი პირადობის მოწმობის აღების დროს, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზეც.

თუ პირადობის მოწმობა უკვე გაცემულია, სააგენტო სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვისა და QR კოდით მისი გადამოწმების ხელმისაწვდომობის საკითხზე გადაწყვეტილებას განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს.

რაში შეიძლება დასჭირდეს სტუდენტს QR კოდზე სტატუსის ასახვა?

სტუდენტის სტატუსის QR კოდით სწრაფად გადამოწმება განსაკუთრებით პრაქტიკულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც სტუდენტმა შესაბამისი შეღავათით სარგებლობისთვის საკუთარი სტატუსი უნდა დაადასტუროს.

სტუდენტის სტატუსის QR კოდით დადასტურება შეიძლება გამოყენებული იყოს, მათ შორის, საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას, ასევე მუზეუმებსა და ბოტანიკურ ბაღებში ვიზიტისას და სხვა შემთხვევებში, როდესაც სტუდენტებისთვის მოქმედი ფასდაკლების ან შეღავათის მისაღებად სტუდენტის სტატუსის დადასტურებაა საჭირო.

ამ შემთხვევაში სტუდენტს სტატუსის დასადასტურებლად ცალკე ცნობის ან სხვა დოკუმენტის წარდგენა შესაძლოა, აღარ დასჭირდეს - შესაბამისი ინფორმაცია QR კოდის საშუალებით ელექტრონულად გადამოწმდება.

მომსახურება უფასოა

ID ბარათზე დატანილ QR კოდზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ასახვა უფასოა.

ეს ნიშნავს, რომ სტუდენტს მხოლოდ ამ მომსახურების მისაღებად ახალი პირადობის მოწმობის დამზადების საფასურის გადახდა არ სჭირდება, თუ მას უკვე აქვს შესაბამისი ელექტრონული პირადობის მოწმობა QR კოდით.

რამდენ ხანს იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი?

სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის QR კოდით გადამოწმება შესაძლებელია პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების პერიოდში, იმ პირობით, რომ სტუდენტს სტატუსი არ აქვს შეჩერებული ან შეწყვეტილი.

თუ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა, შესაბამისი ინფორმაცია QR კოდის საშუალებით ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

რა შემთხვევაში შეიძლება სტუდენტს უარი ეთქვას?

სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის QR კოდით ხელმისაწვდომობა არ განთავსდება, თუ:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება;
  • პირი რეესტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტად არ არის რეგისტრირებული;
  • რეესტრის მონაცემებით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს;
  • შეჩერებულია თავად პირადობის ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოქმედება.

ამასთან, სტუდენტს შეუძლია, თავადაც მოითხოვოს, რომ მისი სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია QR კოდის საშუალებით აღარ იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სტატუსის გადამოწმება QR კოდით შეიზღუდება.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში - 10 ლარით, განმეორებით - 10 % (6 ლარით), ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;

ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.

თამარ იაკობაშვილი

ვრცელდება თუ არა სტუდენტური შეღავათები პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებზე - დეტალები
როდის შეძლებენ პირველკურსელები სტუდენტური ბარათის აღებას და სად რა შეღავათით ისარგებლებენ - რა უნდა იცოდნენ პირველკურსელებმა