თურქეთის ვანის პროვინციაში მდიდრული ქორწილის გამო დაწყებული გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა. სამართალდამცველებმა დააკავეს არა მხოლოდ საქმრო, მეჰმეთ ფათიჰ ტანჩალანი, არამედ მისი მეუღლე, ჩაღლი ო..
წყვილის ქორწილი 6 სექტემბერს, ვანის თუშბას რაიონში, „Parla Deluxe“-ის საქორწილო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებამ სამართალდამცველების ყურადღება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოქროსა და ფულადი საჩუქრების გამო მიიპყრო. არსებული ინფორმაციით, ქორწილზე მიტანილი სამკაულების საერთო ღირებულება დაახლოებით 44 მილიონ თურქულ ლირას (დაახლოებით მილიონ დოლარს) შეადგენდა.





ქორწილის ფოტოებსა და ვიდეოებში პატარძალს დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული ეკეთა — მათ შორის მასიური ოქროს ყელსაბამები, არაერთი სამაჯური, დიდი საყურეები და გვირგვინის მსგავსი ძვირფასი აქსესუარი. ახალდაქორწინებულებს სტუმრებმა უცხოურ ვალუტასა და თურქულ ლირაშიც მნიშვნელოვანი თანხები აჩუქეს.

სწორედ ამ მასშტაბურმა ქონებამ გამოძიების ინტერესი გამოიწვია. სამართალდამცველებმა ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭოს — MASAK-ის — ექსპერტიზა მოითხოვეს, რათა დადგინდეს, საიდან იყო მიღებული ქორწილზე წარმოდგენილი ოქრო, სამკაულები, უცხოური ვალუტა და თურქული ლირა.
გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქმროს, მეჰმეთ ფათიჰ ტანჩალანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზების ეჭვით დააკავეს.
ახლა გამოძიება მის მეუღლეზეც გავრცელდა. ჩაღლი ო.-ს დაკავების გარემოებები ამ ეტაპზე დამატებით მოწმდება. სამართალდამცველების ყურადღების ცენტრშია როგორც ქორწილის ვიდეომასალა, ასევე წყვილის ტანსაცმელი და ძვირადღირებული სამკაულები.
საქმეზე საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს. ამ ეტაპზე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის ეკუთვნოდა ოქრო და სხვა ძვირფასეულობა, რა წყაროდან იყო მიღებული თანხები და არსებობდა თუ არა მათი უკანონო წარმომავლობა.