როგორც ცნობილია, თბილისის მერს კახა კალაძეს ცოტა ხნის წინ - 7 სექტემბერს, გარდაეცვალა დედა - მედეა შენგელია. ამ საკითხზე დღეს მერმა მცირე ემოციური განცხადება გააკეთა:
- დედის სიყვარული, ყველამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც დედა განსაკუთრებული იყო... და მინდა ყველას გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული მართლაც განსაკუთრებულია... და კიდევ ერთხელ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას დაფასებისთვის, როგორც ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის.
მედეა შენგელია 7 სექტემბრის ღამეს თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა. კახა კალაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მშობლებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს მის ცხოვრებაში და წარმატებაში. კახას მამა კარლო კალაძე, რომელიც ამჟამად სამტრედიაში ცხოვრობს,იყო სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ ამავე კლუბის პრეზიდენტი. დედა, მედეა შენგელია კი დიასახლისი იყო, სამტრედიაში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

წლების წინ, ნოე სულაბარიძესთან ინტერვიუში კალაძემ მშობლებზე ისაუბრა:
“როგორც დედა, ასევე მამა საკმაოდ მკაცრები იყვნენ. ეს სიმკაცრე გამოწვეული იყო იმით, რომ მე ვყოფილიყავი წარმატებული. მაშინ, ბავშვობაში შეიძლება რაღაცები მწყინდა, არ მინდოდა სწავლა… იგივე, როცა უკვე მოზარდობის ასაკში ხარ… ყველაფერი რომ გინდა… – სხვადასხვა ადგილას, კაფეში, კლუბში წასვლა… თუმცა, მამა მეუბნებოდა, შვილო, თუ გინდა წარმატებული იყო, რაღაცებზე უარი უნდა თქვა, თორემ, ასე არაფერი გამოგივაო. დღეს, გულწრფელად, ადამიანურად ამ ორი ადამიანის ძალიან მადლობელი ვარ, რადგან თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე სპორტში, ცხოვრებაში, ეს ამ ადამიანების გვერდით დგომით და მხარდაჭერით მოხდა. ვერასდროს გადავიხდი დედის და მამის როლს, რაც მათ ჩემთვის აქვთ გაკეთებული, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს გავუკეთო იგივე, ანალოგიური დამოკიდებულება მქონდეს მათდამი და გავზარდო ისე, როგორც ჩემს ქვეყანას გამოადგება”...