რას ვერ პატიობენ შვილმკვდარ დედებს? ლულუ კახიანის გულწრფელი ინტერვიუ შვილის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ ლიკა ყაზბეგის პოდკასტში:
- ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ უთქვამთ მეგობრებს ან ასეთ ახლობლებს, ნაცნობებს, საუბარში უხსენებიათ ლენო და მერე ბოდიში მოუხდიათ, რომ „ბოდიში, რომ არ გვინდოდა, რომ რაღაც...“ ფიქრობენ, რომ ამით მახსენებენ და უფრო თავიდან განვიცდი ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ეს განცდა სულ არის, რომ არც შემახსენონ. ლენო ყოველთვის მახსოვს, ყოველ წამს და უბრალოდ წლებთან ერთად ეს ტკივილი რაღაც გადავამუშავე, შეიძლება ასე ვთქვა. და თავიდანვე არ იყო მტკივნეული ლენოზე საუბარი. პირიქით, ლენოზე რომ ვსაუბრობ, მგონია, რომ ისევ ცოცხალია ან სადღაც არის, ისევ აქ არის და მიხარია ისიც, როდესაც ახსენებენ,ლენო კიდევ ახსოვთ. ან სოციალურ ქსელში ლენოს ინსტაგრამზე შევდივარ ხოლმე. არაფერს არ ვპოსტავ, უბრალოდ ხანდახან სთორებს ვდებ ძველი ფოტოების სახით და ზოგიერთი მისი მეგობარი წერს ხოლმე უბრალოდ კომენტარებში, რომ „მოგვენატრე, ლენო“ და რაღაცნაირად მიხარია. მსიამოვნებს, რომ ლენო კიდევ ახსოვთ შვიდი წლის მერეც. თან ისეთ ასაკში წავიდა, ბავშვებმა მალე იციან დავიწყება, მოზარდებმა... და ამ შემთხვევაში ასე რომ არ ხდება, რაღაცნაირად მსიამოვნებს ეს ფაქტი, რომ ლენო ახსოვთ...
გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველა დეტალი. დრო მკურნალია — ამ შემთხვევაში არ მუშაობს ეს ფრაზა. დრო არ არის მკურნალი. უბრალოდ რაღაცას ეგუები და სხვა რეჟიმში განაგრძობ ცხოვრებას.
ძაან სოციალური, ძალიან მეგობრული, ძალიან ღია იყო ყველასთვის. არ მახსოვს, რომ ვინმე გაეკრიტიკებინოს ან ეჭორაოს. კეთილი გულის პატრონი იყო და იგივეს მოელოდა სხვებისგანაც.
ძალიან უყვარდა ხელოვნება, ხატვა. ნიჭიერი იყო რაღაც-რაღაცებში და ვცდილობდი, რომ მეტარებინა ყველგან, მისი ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. პარალელურ რეჟიმში ბევრ რამეზე არ დადიოდა, მაგრამ ივლიდა ცურვაზე ერთი-ორი წელი, მერე იტყოდა, „მომბეზდა ეს ცურვა, აღარ მინდა“, მერე წავიდოდა ხატვაზე ან ძერწვაზე. მერე ცეკვაზე დადიოდა. მერე სინქრონულ ცურვაზე დადიოდა და, ანუ, ინტერესების სფერო ჰქონდა ძალიან ფართე.და ვაცლიდი. როდესაც მეუბნებოდა, რომ „აღარ მინდა"... მაგალითად, "სინქრონულზე აღარ მინდა სიარული, იმიტომ, რომ თავი მტკივდება, რომ ვყვინთავ და დიდხანს ვჩერდები“, არ ვაძალებდი არაფერს. მეთქი, „კარგი, ახლა რამე სხვა ვცადოთ“ და ძალიან ბევრი რამე სცადა.
პრინციპში, მოასწრო ძალიან ბევრი რამე იმ 15 წელიწადში, რაც ჩემთან ერთად იყო. ერთადერთი დანაკლისი მქონდა, რომ ძალიან მინდოდა, საზღვარგარეთ წამეყვანა და ბოლოს უკვე, მაისში, უფრო აპრილის ბოლოს... 2019 წლის აპრილის ბოლოს არდადეგებიც ჰქონდათ სააღდგომო და სტამბულში წავიყვანე.
თან იმ პერიოდში რთული პერიოდი ჰქონდა ლენოს, მისი მეგობარი დაიღუპა ავარიაში, ნიკა, და მეორე მეგობარი კომაში იყო მაგ დროს.და ძალიან განიცადა, ძალიან ისეთ განწყობაზე იყო, არაფერი არ ახალისებდა. ეს მოგზაურობაც, გარკვეულწილად, იმიტომ წამოვიწყე, მეგონა, ცოტა გადაერთვებოდა... გადაერთო, მაგრამ სრულად მისი გუნება-განწყობის შეცვლა მაინც ვერ მოხერხდა... მაინც მოწყენილი იყო დროის უმეტესი ნაწილი.
...ეს ბიჭი, კომაში რომელიც იყო, მისი მეგობარი იყო. მანამდე მეგობრობდნენ, მერე ამბობდა, „მიყვარსო მე ეს ბიჭიო“. ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, ანუ წერდა კიდევაც რაღაც ჩანახატებს, წერდა წერილებს და... "მე მიყვარს ეს ბიჭი"... კომაში რომ იყო მაშინ, განიცადა ძალიან. და უკვე შემდეგ, რომ ჩამოვედით, ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი მაისის დასაწყისი იყო, პირველი რიცხვები, ეს ბავშვი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.კომიდან ვერც გამოვიდა ფაქტიურად და ძალიან განიცადა ეს. წერდა სულ ამ წერილებს, რომ „მე მიყვარდა ბექა".
რომ გარდაიცვალა, მერე ვნახეთ, რომ დამიტოვა თავისი ლეპტოპი, დაწერილი პაროლით, რომ შევსულიყავი. და რომ გავხსენი, იყო ფაილი, რომელსაც ერქვა „ჩემს წასვლამდე 30 დღე“ — ზუსტად არ მახსოვს სათაური... და ისე გამოდიოდა, რომ ამ დღიურის წერა დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც ეს ბიჭი გარდაიცვალა. და მაშინ უკვე ფიქრობდა იმაზე, რომ თვითონაც უნდა წასულიყო მასთან...

ყოველდღე წერდა ამ ჩანაწერებს და რომ გადავიკითხე, ძალიან სევდიანი იყო მისი ნაწერები. ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, არაფერი საინტერესო, მისი აზრით, არ ხდებოდა გარშემო. არ ჩანდა შუქი, რომელიც მას გაუნათებდა გზას ან მის რაღაც შემდგომ ცხოვრებას. არ იყო არავინ მის გვერდით, ვინც გვერდში დაუდგებოდა და დაეხმარებოდა ამის გადალახვაში. არც ჰქონდა სურვილი, რომ გადაელახა... გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ აი, ამ დღიურის წერას რომ მოვრჩები, მე შენთან მოვალ და გნახავ. ასე წერდა, მიმართავდა ამ ბავშვს...
რამდენიმე გამონათება იყო დღიურში. ორი დღე იყო. ერთი დღე იყო, ერთი, როდესაც ჩემმა მეგობარმა წაიყვანა კინოში და ერთი, როცა ერთად ვიყავით ბათუმში, ჩემი ძმიშვილის დაბადების დღეზე. და ამ ორ ფაქტზე ეწერა სიხარულით... „ძაან კარგია აქ და მომწონს აქ ყოფნა და აი, პირველი შემთხვევაა ეხლა, რომ ვფიქრობ, ხომ არ გადავიფიქრო..." მაგრამ მერე ამბობდა, რომ „მაგრამ მე პირობა მაქვს შენზე მოცემული და მაგ პირობას ვერ დავარღვევო“.
მერე ისე იყო დაგეგმილი, რომ მე ჩემს მეგობართან ერთად მივდიოდი საზღვარგარეთ და ლენომ, რა თქმა უნდა, იცოდა ამის შესახებ. და ჩანაწერებში ესეც ჰქონდა დაწერილი, რომ „ბოდიშს გიხდიო ახლაო“ — ანუ ამ ბიჭს მიმართავდა — „და ახლა, დედაო, დასასვენებლად უნდა წავიდესო ივნისშიო და არ მინდაო, რომ გავუფუჭო დასვენებაო. და რომ ჩამოვა, მერე ვიზამ მაგასო... იქამდე არ მინდა, იმიტომ რომ ჩაეშლებაო და ვერ წავაო და არ მინდაო. მინდა, რომ წავიდესო და დაისვენოს თავის მეგობართან ერთადო“. არც წავსულვარ, იმიტომ რომ ეს მოხდა მანამდე.
...ბათუმიდან ჩამოვედით. რაღაცა კამათი მოუვიდათ მამამისს და ლენოს. საერთოდ არ მქონდა მოლოდინი იმის, რომ რაღაცა სერიოზულ სახეს მიიღებდა, იმიტომ რომ ასეთი კამათები მანამდეც ყოფილა.
მაღაზიაში ჩავიდა და აღარ ამოვიდა არასოდეს და გვიანი იყო უკვე, 11 საათი, ტელეფონი ჰქონდა გათიშული, დაუჯდა. მაგაზე დაიწყო კამათი, „ტელეფონი რომ ხედავ, რომ გიჯდება, უნდა ამოხვიდე სახლში და გამაფრთხილო, რომ ტელეფონი მიჯდება, იმიტომ რომ გირეკავ და არ პასუხობ, სახლში არ მოხვედი, რა უნდა ვიფიქროთ, ვნერვიულობ“.
მეორე ფაქტორი იყო ის, რომ ბოლო პერიოდში, მაშინ მეცხრე კლასში იყო ელენო და ძაან ისე დადიოდა სკოლაში, ჩათვლებზე მიდიოდა, გამოცდებზე, წერა რომ ჰქონდათ რაღაც ჩასაბარებელი, მაგ დროს მიდიოდა და ზოგადად აპროტესტებდა სკოლაში სიარულს. ამაზეც იყო კამათი, რომ „ხვალიდან სკოლაში წახვალ და ჩადგები რეჟიმში“. არადა, პრინციპში, უკვე წლის ბოლო იყო, 10 დღე რჩებოდა სემესტრის დამთავრებამდე...
ასე კამათში რაღაცა დაიძაბა. უბრალოდ ამან აღარ დაუთმო საუბარი მამამისს და წამოუხტა, დაუყვირა, გაიწია... მე ამ დროს, ახალი ჩამოსული რომ ხარ, ხომ იცი, იქ რაღაცა ბარგი, სარეცხი, ყოფით ამბებში ვარ და ვერ მივხვდი უცებ, რატომ გაცხარდა ეს კამათი, რაღაც სხვა დონეზე გადავიდა...
და რაღაცა უთხრა ლენომ, აღარ მახსოვს ზუსტად რა უთხრა, ცოტა უხეშად უთხრა მამამისს და მამამისმა ხელი კრა. გაბრაზდა ძაან ლენო და „გეყოფათ ჩხუბი, დამშვიდდით-თქო“.
გვაჯი მიდიოდა მაშინ სტუდიაში, სამუშაო ჰქონდა, რაღაცას ახმოვანებდა მეორე დღეს, აღარ მახსოვს, თუ წერდა. და, „მე წავედიო სტუდიაშიოდა შენ ბავშვს მიხედეო...
და რაღაცა მომენტი იყო მანამდე, რომ გამოვიდა და ლენო არ არის ოთახში და ორივემ გავიხედეთ აივნისკენ რატომღაც.
„სად არისო ლენო?“ — გვაჯიმ დაიყვირა და გავიგე მერე ონკანის ხმა აბაზანიდან და მეთქი, „აბაზანაში არის“.
ანუ უკვე იმ მომენტში წინასწარ, რამდენიმე საათით ადრე, ელვასავით რომ გაიელვებს, გონებაში ეგ ფაქტი დაფიქსირდა....
და წაეშალა სახე გვაჯის, „მე ახლა გავდივარო და შენ მიხედე ბავშვსო“.
მერე ლენო იჯდა დივანზე და ველაპარაკე. მივუჯექი, დავამშვიდე და ვთხოვე, „ნუ აჰყვები-მეთქი მამაშენს. ხომ იცი, როგორი ხასიათი აქვს, შენ თუ ჯიბრში ჩაუდგები, ისიც არ დაგითმობს და ვიღაცამ უნდა დაუთმოს-მეთქი ამ დროს. შენ იყავი-მეთქი ის ვიღაცა".
ლენო ძაან ნაწყენი იყო. „მამა როგორც მელაპარაკაო და როგორც მომექცა ახლაო, ამას ვერ ვაპატიებ ვერასოდესო“.
და მე ვცდილობდი, რომ რაღაცა...
დღემდე ბოლომდე არ მაქვს ეს გადახარშული თვითონ ეს მომენტი, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ შეასრულა, ანუ სისრულეში მოიყვანა თავისი გადაწყვეტილება... იმიტომ, რომ იქ ტანსაცმელი დატოვა დაკეცილი, მაგიდაზე, ფეხსაცმელი, იქ რაღაცეები. მიაკრა ფანჯრებზე წარწერები. ჩემს საძინებლის კარებთან დამიწერა: „Mom, I love you the most. I will be fine. Don’t worry.“ მერე „Angels can fly“ — რაღაც წარწერები — მიაკრა უკვე ამ აივნის შუშებზე...
იმ დღეს არ აპირებდა არაფერს, მაგრამ ალბათ სცენარი უკვე დალაგებული ჰქონდა თავში.
მესმის, რომ რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ იმედი მქონდა რომ გადალახავდა იმ პერიოდს, ამ რთულ ერთ, ორ-სამ წელს, რაღაცნაირად გადალახავდა თავის თავს. ყოველთვის ვეუბნებოდი მაგას, რომ აი, ცოტაც მოითმინე... ძაან უნდოდა, რომ დიდი ყოფილიყო, გაზრდა უნდოდა და მეთქი, მოითმინე ერთი სამი წელი... კლუბში არ მიშვებენო, წუწუნებდა...
გვაჯი არ დამეთანხმება ამ სიტყვაში, მაგრამ გვაჯი ჩემ თავზე მეტად მეცოდებოდა მაშინ. როგორ არ განვიცდი.... ზოგი ამბობს, რომ მე არ განვიცდი ან ისე არ ვტიროდი, ან რაღაცა... მაგრამ გვაჯი ამას გამოხატავდა უფრო ექსპრესიულად და ყოველთვის ცრემლი მერეოდა თვალზე, როცა ვუყურებდი გვაჯის მაგ ამბების მერე და ძალიან რთული იყო მის გვერდში ყოფნა...ამ შემთხვევაში რაღაც სხვა ეტაპზეა, მედიტაციაშია და იქ საერთოდ ეს სიტყვა - „მებრალება“, „მეცოდება“ - დაუშვებელია, იმიტომ რომ უარყოფითი ენერგეტიკაა, ასე ვთქვათ, და არ უნდა თქვა არავიზე, რომ „მეცოდება“, „მებრალება“.
მაგრამ იმ მომენტში მქონდა ეს გრძნობა გვაჯის მიმართ... ჩემ თავზე მეტს იმას დავტიროდი...
და ყველა რაც მაშინ ვიდეო იყო თუ ჩანაწერი იყო, ცრემლის გარეშე, ტირილის გარეშე ვერ ვუყურებდი...და მე ვიყავი რაღაც სხვანაირი. ახლა ჩემი მეგობრები რომ ყვებიან, „შენ რაღაც რობოტივით იყავიო“... ჩემმა ფსიქიკამ დაბლოკა იმ მომენტში რაღაცეები.
როგორც კი კაკუნი გავიგე კარზე, ღამის თერთმეტზე... ბრახუნი, უფრო სწორედ...უკვე მივხვდი, რაც მოხდა. და რომ გავაღე და დამხვდნენ ეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები... უკვე მივხვდი, რაც მოხდა და აი, რაღაცნაირად ჩემმა ფსიქიკამ დაბლოკა ემოცია.იმიტომ, რომ ნინი იყო სახლში, მაშინ იყო 11 წლის და ეძინა. და მე უბრალოდ გავიფიქრე, რომ ახლა ნინიმ არ უნდა გაიღვიძოს და ეს ყველაფერი ნინიმ არ უნდა ნახოს, იმიტომ, რომ ეს დარჩება ტრავმად...
ძალიან ჩუმად, ტონისთვისაც კი არ ამიწევია, ისე ველაპარაკე... ძალიან გაუგებარი იქნებოდა მათთვის. ისინი მიხვდნენ ალბათ, რომ შოკური მომენტი იყო... მე უბრალოდ ვუთხარი, რომ „ბავშვს სძინავს“, და მოვუხურე ნინის საძინებლის კარი.და მთხოვეს, რომ ფოტო მეჩვენებინა ლენოსი, იდენტიფიცირებისთვის... ისე ვნერვიულობდი, გალერეა გავხსენი ტელეფონში და ვერ ვპოულობდი ლენოს ფოტოს... ძლივს ვიპოვე და ვაჩვენე. და არაფერი არ თქვეს... ვერც მეუბნებოდნენ, ცოცხალია, არ არის ცოცხალი...და მე ვკითხე ისევ, „გარდაიცვალა-თქო?“ და უბრალოდ თავი დამიქნიეს.
სხვა ადამიანი შეიძლებოდა ასე მოქცეულიყო, რომ „გამიშვით, მაჩვენეთ, ჩემი შვილი...“ ჩავარდებოდა ისტერიკაში ალბათ, უმეტესობა ტირილს დაიწყებდა, მოითხოვდა ქვევით ჩასვლას. შეიძლებოდა თვითონ გაქცეულიყო ფეხით...მე რატომღაც ისე დავბლოკე, რომ არ ვიღებდი ამ ფაქტს. ვერ ვხსნი დღემდე...
მერე თვითონ ჩამიყვანეს ლიფტით და აღარ გამიყვანეს გარეთ... მე გავყევი ჩვეულებრივად. და ამომიყვანეს უკან. არ ვიცი, რატომ. გადაიფიქრეს ან უთხრეს, შეიძლება... არ ვიცი, რატომ ამომიყვანეს უკან... მეც არ გამიპროტესტებია. რასაც მეუბნებოდნენ, იმას ვაკეთებდი. აი, რობოტი ვიყავი. იმ მომენტში გავხდი რობოტი... ტვინი ამ შემთხვევაში, ალბათ, რაღაც თავდაცვის ფუნქციას რთავს.
ალბათ ფსიქოლოგები უფრო მიხვდებიან, როგორ მუშაობს ეგ სისტემა, მაგრამ, მე ასე ვხსნი ამას, რომ თვითონ ტვინმა შექმნა ბარიერი, რომ შოკი ბოლომდე არ გაღვივდეს, ეს ემოციები შეაჩერა....
რომ მეუბნებოდნენ ან რომ მესმოდა, მაგალითად, რომ რაღაცა ასე იჯდა ან ისე იჯდა, ან მერე თუნდაც რომ იცინოდა, პომადა ესვა, ღია ფერის ტანსაცმელი ესვა... ეგ ჩემთვის არ არის არაფრის მანიშნებელი. გარეგანი სახე თუ გამოსახულება, გამომეტყველება არასოდეს არ არის შინაგანის ანარეკლი.
ვცდილობ, რომ აღარ ვიყო ნაწყენი... გვაჯიმ მითხრა ერთხელ, „გაუშვიო, უნდა გაუშვაო ეს წყენაო... შენო არ გინდაო, რომ გაუშვაო, იმიტომ რომ მერე დანაშაულის გრძნობა გექნებაო“.
სხვათა შორის, რაღაც წიგნს ვკითხულობდი, იქ ახალგაზრდა ქალს გარდაეცვალა, თუ არ ვცდები, სამი თვის ბავშვი. მერე გლოვობდა ძაან დიდხანს და შეხვდა ვიღაცა კაცს, რომელმაც უთხრა, რომარ შეიძლებაო დიდხანს გლოვაო. რატომო? იმიტომ, რომ შენი შვილი ფიქრობს ახლაო, შენ რომ გლოვობო, რომ მისი ის სამი თვე, თუ რამდენიც იცოცხლა, არ იყო მნიშვნელოვანი, არ იყო სიხარულის მომტანი შენთვისო. ანუ შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება იმაზე ფიქრით, რა სიხარული და ბედნიერება მოგანიჭა ბავშვმა, ამ შემთხვევაში გარდაცვლილმა... და არ უნდა იგლოვო დიდხანს.
მე არ ვთვლი, რომ ვგლოვობ. უბრალოდ იმდენს აღარ ვტირი, როგორც თავიდან ვტიროდი, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე... მაგრამ რაღაცა დღეები მაქვს, რაღაც პერიოდები მაქვს... მისი დაბადების დღე, მისი გარდაცვალების, ახალი წელი, სკოლის დაწყება ან რაღაც.
მაგალითად, როცა ლენოს უწევდა სკოლის დამთავრება და ჩაბარება, ძაან რთულად გავიარე ეს... ვხედავდი, რომ მისი ტოლები, ყველა აბარებდა უნივერსიტეტში, და ვფიქრობდი, რომ ახლა ლენოც ასე უნდა ყოფილიყო, ლენოს უნდა დაემთავრებინა...რაღაცა დღეები მაქვს და პერიოდები, როცა ეს მიმძაფრდება, მაგრამ ჩემთვის ვინახავ.
მაგასაც მეუბნებიან, რომ არ უნდა შეინახო შენს თავში და არ უნდა ჩაიკლა, მაგრამ როცა ვლაპარაკობ, ესეც მშველის... არ მივლია სპეციალისტთან,მაგრამ ვიცი, რასაც მეტყვის ფსიქოლოგი. ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს... რომ არ ვილაპარაკო საერთოდ მაგ თემაზე და ეს თემა იყოს ტაბუდადებული, მაშინ ალბათ უფრო დამჭირდებოდა სპეციალისტის დახმარება.
...ყველას თავისი ცხოვრება გვაქვს და ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად და როგორც გვინდა და როგორც ვფიქრობთ, რომ ეს გვშველის. შეიძლება ეს ერთადერთი გზაა გადარჩენის, რომ ასე ვიცხოვროთ.რა უფლება აქვს ვიღაცას, რომ განმსაჯოს და მიკარნახოს, რა არის სწორი და რა არ არის სწორი? სად წერია, რომ ასე უნდა იყოს?
შეიძლება ჩვენში რაღაც მოდელია, ჩვენ უბრალოდ ასე ჩადებული გვაქვს, ჩვენ ასე გაგვზარდეს, გავიზარდეთ ამ გარემოში, ამ საზოგადოებაში.
რა დოგმებიც არსებობდა 50 წლის წინ და 100 წლის წინ, ის დოგმები არსებობს დღესაც. რა ტაბუც იყო, დღესაც ტაბუდ რჩება. ცდილობენ ღიად ისაუბრონ, მაგრამ ყოველთვის არსებობენ ის ადამიანები, რომლებიც ამას გმობენ და ამბობენ, რომ ამაზე პირდაპირ არ შეიძლება...
ჩემი ცხოვრება გრძელდება...ანუ შვიდი წლის წინ ლულუს რაღაც ნაწილი მოკვდა ლენოსთან ერთად, მაგრამ ნინის ნაწილი ლულუში კიდევ გრძელდება, და ლულუც ცოცხლობს.ამიტომ ყველას თავისი არჩევანი აქვს. მოდი, ასე ვიტყვი: ზოგს ურჩევნია და კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც გლოვობს დიდხანს ან შავი აცვია, ზოგს საერთოდ არ აცვია შავები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ განიცდის.
მე უბრალოდ ვთვლი, რომ ყველა აკეთებს თავის დამოუკიდებელ არჩევანს და სხვამ, თუ მე არ ვნებ სხვას, არ უნდა განსაჯოს.
...მახსოვს, პირველი ინტერვიუ იყო ლენოს გარდაცვალების შემდეგ, ალბათ სამი-ოთხი თვის შემდეგ ჩაწერილი. ივნისში გარდაიცვალა ლენო და ალბათ სექტემბერი იყო... ღია ატმისფერი პერანგი მეცვა და პომადა მესვა. და ვიღაცამ დაწერა, ჯერ რომ ყვება, ისე ყვება, ვითომ მეზობლის ბავშვი მოკვდაო და არა მაგისიო, რა ეტყობაო... პომადა რომ წაისვაო... რა უნდა უთხრა ასეთ ადამიანებს? ვერავის ვერ უსურვებ იგივეს, რა თქმა უნდა... ანუ არავინ არ იცის ამ მომენტში, ამ სიტუაციაში კონკრეტულად როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს.
ვერ ვიტყვი, რომ მე რელიგიური ვარ, არ ვარ ეკლესიური. არ ვიცავ რაღაც წესებს... ღმერთის მწამს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეკლესია და მღვდელი არის დამაკავშირებელი ჩემი და ღმერთის.
მაგრამ ლენოს გარდაცვალების შემდეგ მინდოდა ეს წესის აგება...ალბათ ეგეც ჩადებულია, რომ უნდა აუგო წესი და შენი სულის რაღაც ნაწილს აკმაყოფილებ, ამშვიდებ იმით, რომ აი, ყველაფერი სწორად გაკეთდა, როგორც წესი და რიგია.
ლენოს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უარი იყო წესის აგებაზე, რადგანაც იყო სუიციდი.და შემდეგ ასე შემატყობინეს, რომ თუ ფსიქოლოგთან დადიოდა ან რაღაცა სესიებს თუ ესწრებოდა, თერაპიას, რამე სახის ცნობა ან რაღაცა თუ არსებობს, მაგ შემთხვევაში შეიძლება დაუშვან.
მქონდა ეს ცნობა, იმიტომ რომ დამყავდა ლენო ხან ერთ ფსიქოლოგთან ბავშვობაში, ხან მეორესთან. რაღაც ცნობა მქონდა.
და მაშინ ნიკა რაჭველი ძალიან მომეხმარა, იმიტომ რომ საპატრიარქოში ნიკამ წაიღო ეს ცნობა...
გასვენება იყო უკვე მეორე დღეს და დროც აღარ იყო... და წინა საღამოს, გვიან, ეს ცნობა წაიღო საპატრიარქოში და იქიდან მომწერა, რომ „ხვალ აუგებენ წესს“.
ნინის ნათლია მამაო იყო, მამა კახაბერი. მოვიდა და დილით აუგო წესი.
...უბრალოდ მე ძალიან მეტკინა გული მაგ ფაქტზე თვითონ, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ეკლესია უნდა დაუდგეს გვერდში, ვინც განსაცდელშია და გაჭირვებაში. გასაგებია, რომ წერია, რომ ცოდვაა, უბრალოდ ვერ მოასწრო მონანიება ამ ცოდვის... მკვლელები, რა ვიცი, ძაან ბევრი ცოდვა ვისაც აქვს ჩადენილი, რაღაც მომენტში მოინანიებენ ამ ცოდვას და მათ წესს უგებენ უპრობლემოდ. და ამ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანი ვერ ასწრებს ამ ცოდვის მონანიებას.
თორემ არა, მგონია, ვინც ამ ნაბიჯს დგამს, ის ბედნიერია ამით ან არ არის გამოუვალ მდგომარეობაში და ამ შემთხვევაში, უჭირს ადამიანსდა ამ დროს ვინ უნდა დაუდგეს გვერდზე, თუ არა ეკლესია?
ძაან ბევრი ცოდვა არსებობს კიდევ, მე რატომღაც არ ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა. სხვა ადამიანის მოკვლა უფრო დიდი ცოდვაა...
ნინისთან მიმართებაში ვცდილობ, რომ რაღაცები შევცვალო. უფრო დამთბობი ვიყო. ნინი ახლა 18 წლის ხდება.ნინის თინეიჯერობა ისეთი არ ყოფილა, როგორც ელენოსი, ეგეთი რთული... სხვანაირი ტიპია ზოგადად... ვცდილობ, რომ რაღაცები ნინისთან დავაბალანსო უფრო, ვიდრე ლენოსთან მქონდა დაბალანსებული.
ლენოსთან მომდიოდა ხოლმე კამათი ხშირად, იმიტომ რომ არ ემორჩილებოდა რაღაც წესებს. ნინი არ არის ეგეთი.და რაღაცა თუ არის, რა თქმა უნდა, რაზეც შეიძლება გავღიზიანდე, ვცდილობ მოვთოკო, სხვანაირი ფორმით ვუთხრა ან მივაწოდო.არა უხეშად და არა ყვირილით.
კომუნიკაცია ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა მოუსმინოს მშობელმა შვილს.მშობლებმა იციან, გადადიან ხოლმე შეტევაზე, მიაყრიან ბავშვებს თავიანთ შეხედულებას, აზრს და უნდათ, რომ გადმოიბირონ, მოახვიონ თავზე...არ არის სწორი. ალბათ ჯობია, რომ მოუსმინო, რა უნდა. უბრალოდ მოუსმინო.შეიძლება იმას მსმენელი აკლია მარტო, ანუ დაგროვილი აქვს... არც ისეთი მეგობარი არ ჰყავს, ვისთანაც გაიხსნება ბოლომდე, ან ისეთი ადამიანი, ვისაც ენდობა, რომ ეს ყველაფერი უთხრას. და მშობელმა უნდა მოიპოვოს შვილის ნდობა. პირველ რიგში, მშობელს უნდა ენდოს.
დღეს ცოტა შეიცვალა დამოკიდებულება და ურთიერთობა შვილებსა და მშობლებს შორის, ხიდჩატეხილობა აღარ არის ისეთი, როგორც, მაგალითად, ჩვენი დროის თაობაში იყო. ახლა ამდენი ინფორმაცია, ამდენი შემთხვევა და ამდენი მაგალითი როცა აქვს მშობელს, უკვე სხვანაირად შეუძლია დაალაგოს ეს ურთიერთობა შვილთან.
ყველაზე კარგი რჩევა, რაც შემიძლია ჩემი გამოცდილებიდან ვთქვა, არის, რომ მოვუსმინოთ შვილებს. იყავით კარგი მსმენელი.
თან ისე უბრალოდ კი არ მოვუსმინოთ, გულისყურით, რომ ბავშვმა იგრძნოს, შენ მართლა უსმენ და იგებ, რასაც ის ამბობს.შეიძლება არ ეთანხმებოდე რაღაცაში, მაგრამ იზიარებ მის ტკივილს, ემოციას, ბრაზს თუ იმედგაცრუებას, ეს უკვე მისთვის არის ძალიან ბევრი რამ...
და ბოლოს მინდა, უბრალოდ, ბავშვებს მივმართო, ვისაც აქვს ასეთი აზრები... ხანდახან ხდება ხოლმე ამის რომანტიზირება, თუნდაც იმით, რომ აი, რამხელა გამბედაობა გჭირდება ამისთვის, და ჰგონიათ, რომ აი, ამას თუ გავაკეთებ, ვიქნები გმირი ან რაღაცა...
ბავშვებო, არ არის მასე, ნამდვილად არ არის მასე!
ძალიან გთხოვთ, თუ მსგავსი ფიქრები გაწუხებთ ან ამ ჩიხში ხართ, აუცილებლად გაესაუბრეთ ვინმეს და წამითაც არ დაუშვათ, რომ თქვენ თუ არ იქნებით, ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი არ იქნება კარგად. თქვენი ყოფნით თქვენ თავს ხდით ბედნიერს და თქვენი ოჯახის წევრებს და მშობლებს, პირველ რიგში.და ამიტომ ძალიან გთხოვთ, გულში არ ჩაიტოვოთ არანაირი ბნელი და ცუდი აზრები და იპოვეთ აუცილებლად ის ადამიანი, ვისაც გავუზიარებთ ამას. ვიღაცამ უნდა იცოდეს აუცილებლად თქვენი მდგომარეობის შესახებ და მაშინ არ არის ყველაფერი დაკარგული.
ძაან მიყვარხართ ყველა.