ახალი სტანდარტი მასწავლებლებისთვის - რა შეიცვალა და რას მოეთხოვებათ პედაგოგებს - მშობლები

ახალი სტანდარტი მასწავლებლებისთვის - რა შეიცვალა და რა მოეთხოვებათ პედაგოგებს

2026-09-22 10:32:19+04:00

მასწავლებლებს ახალი პროფესიული სტანდარტი აქვთ. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 სექტემბრის №125/ნ ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტით განახლდა ის მოთხოვნები, რომლებიც პედაგოგის პროფესიულ ცოდნას, სასწავლო პროცესს, მოსწავლეებთან ურთიერთობას, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და კარიერულ განვითარებას ეხება.

ახალმა სტანდარტმა 2008 წელს დამტკიცებული პროფესიული სტანდარტი ჩაანაცვლა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. დოკუმენტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად მასწავლებლებისთვის - მისი მოთხოვნები პირდაპირ უკავშირდება იმასაც, როგორი უნდა იყოს ბავშვის ყოველდღიური გამოცდილება სკოლაში: როგორ უნდა დაგეგმოს პედაგოგმა გაკვეთილი, როგორ შეაფასოს მოსწავლე, როგორ იმუშაოს განსხვავებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან, როგორ გამოიყენოს ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი და როგორ ითანამშრომლოს მშობლებთან.

მოსწავლე არ განიხილება მხოლოდ "კლასის წევრად"

ახალი სტანდარტის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესია. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები, ინტერესები და შესაძლებლობები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისად მოარგოს სასწავლო პროცესი.

ეს ნიშნავს, რომ პედაგოგმა უნდა შეძლოს ერთი და იმავე სასწავლო მიზნის მისაღწევად განსხვავებული მიდგომებისა და აქტივობების გამოყენება. სტანდარტში საუბარია დიფერენცირებულ სწავლებაზე, სწავლის უნივერსალურ დიზაინზე, რემედიაციაზე და სხვა თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებზე.

მასწავლებელს ასევე მოეთხოვება მოსწავლეთა საჭიროებებისა და გამოწვევების გამოვლენა და ამ საკითხებზე მშობელთან, კოლეგებთან, სპეციალურ მასწავლებელსა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან თანამშრომლობა. თუ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალური სასწავლო გეგმაა საჭირო, მასწავლებელი შესაბამის ჯგუფთან ერთად მის შემუშავებაშიც მონაწილეობს.

როგორი უნდა იყოს საკლასო გარემო

ახალი სტანდარტით მასწავლებელმა უნდა შექმნას უსაფრთხო, ინკლუზიური, მხარდამჭერი და მოსწავლისთვის კომფორტული გარემო, სადაც ბავშვის ღირსება და უფლებები დაცულია.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვა, ხოლო მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი კომუნიკაცია, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისკრიმინაციის თავიდან აცილებას. პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა განსხვავებული გამოცდილება და საჭიროებები და არ დაუშვას სქესის ნიშნით სტერეოტიპული ან დამაკნინებელი დამოკიდებულება. მასწავლებელს ასევე ევალება კონფლიქტის მიზეზების გაანალიზება, დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში, მისი მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობა.

მასწავლებელმა ბავშვის მხოლოდ აკადემიურ შედეგებზე არ უნდა იფიქროს

სტანდარტში ცალკე მიმართულებადაა გამოყოფილი მოსწავლეებში ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო და სამოქალაქო ცნობიერების განვითარება.

მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს თანასწორობის, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას, მოსწავლეებში სტერეოტიპული აზროვნების კრიტიკულად გააზრებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

ამასთან, საუბარია ეროვნული ცნობიერების განვითარებაზე, კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ინტერესზე, ეროვნული იდენტობის განცდაზე, ციფრული წიგნიერების, ცხოვრებისეული და კარიერული უნარების განვითარებასა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.

ხელოვნური ინტელექტი უკვე პირდაპირ მოხვდა მასწავლებლის სტანდარტში

ახალი დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ნაწილი ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს ეხება.

მასწავლებელმა სასწავლო პროცესში უნდა შექმნას ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების, უსაფრთხო, ეთიკური და მიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობები.

ამასთან, პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ციფრული უსაფრთხოება, ონლაინსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ეთიკური გამოყენება.

ანუ სტანდარტი AI-ს მხოლოდ მასწავლებლის სამუშაო ინსტრუმენტად არ განიხილავს. მასწავლებლის როლია, მოსწავლესაც ასწავლოს, როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია პასუხისმგებლიანად.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად მასწავლებელს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას მოეთხოვება ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა. პედაგოგმა უნდა შეინარჩუნოს პროფესიული პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე, რომლებშიც AI-ის ინსტრუმენტებს იყენებს.

მედიაწიგნიერებაც მასწავლებლის პასუხისმგებლობის ნაწილია

მასწავლებელი მოსწავლეებს უნდა დაეხმაროს ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებასა და მედიის პასუხისმგებლიან გამოყენებაში.

სტანდარტი მოითხოვს, რომ სასწავლო პროცესში შეიქმნას მედიაწიგნიერების განვითარების შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით აქტუალურია გარემოში, სადაც მოსწავლეები ყოველდღიურად იღებენ დიდი რაოდენობით ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან, ონლაინმედიიდან და სხვადასხვა ციფრული პლატფორმიდან.

შეფასება მხოლოდ ნიშნის დაწერა არ არის

ახალი სტანდარტის მიხედვით, მასწავლებელმა მოსწავლეთა შეფასების შედეგები უნდა გამოიყენოს მათი შემდგომი განვითარების დასაგეგმად.

პედაგოგმა უნდა შეარჩიოს სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდი, ჰქონდეს სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმები და მოსწავლეს მისცეს კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული განმავითარებელი უკუკავშირი.

სტანდარტი ასევე მოითხოვს განმავითარებელი შეფასების სრული ციკლის გამოყენებას - მიღებული შედეგების გაანალიზებას, მოსწავლის პროგრესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესის შეცვლას.

მშობლისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია: სტანდარტი მასწავლებელს ავალდებულებს, მშობელს ინდივიდუალურად მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ და მასთან ითანამშრომლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

მშობელთან ურთიერთობაც პროფესიული სტანდარტის ნაწილია

ახალი დოკუმენტი მშობელს მხოლოდ ინფორმაციის მიმღებად არ განიხილავს.

მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ და მიზნობრივ ჩართულობას. კომუნიკაცია კი უნდა ეფუძნებოდეს პატივისცემას, თანასწორობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომას.

ამასთან, მშობელთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს კონკრეტული სასწავლო ან ქცევითი სირთულე და საჭიროა მისი საჭიროებების გამოვლენა და მართვის შესაბამისი გზების დაგეგმვა.

მასწავლებელს საკუთარი მუშაობის შეფასებაც მოეთხოვება

სტანდარტის მიხედვით, პროფესიული განვითარება ერთჯერადი ტრენინგით არ სრულდება.

მასწავლებელმა რეგულარულად უნდა შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა, განსაზღვროს პროფესიული საჭიროებები და ამის საფუძველზე დაგეგმოს განვითარებისთვის საჭირო აქტივობები.

მასწავლებლის პროფესიული გადაწყვეტილებები ასევე უნდა ეფუძნებოდეს მონაცემებსა და მტკიცებულებებს. მაგალითად, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მან უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა შეფასების შედეგები, დაკვირვებისა და უკუკავშირის მონაცემები, შემდეგ კი გააანალიზოს, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა გამოყენებული მეთოდი. სტანდარტი მასწავლებელს ასევე მოუწოდებს, გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენოს სანდო კვლევები და პროფესიული რეკომენდაციები.

მასწავლებელი მხოლოდ საკუთარ გაკვეთილზე არ არის პასუხისმგებელი

ახალი სტანდარტით პედაგოგის პროფესიული როლი კლასის ფარგლებსაც სცდება.

მასწავლებელმა უნდა ითანამშრომლოს კოლეგებთან, მონაწილეობა მიიღოს სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაში და ხელი შეუწყოს თანამშრომლობითი პროფესიული გარემოს შექმნას.

სტანდარტში პირდაპირაა ნახსენები ისეთი აქტივობები, როგორებიცაა "კრიტიკული მეგობარი", პროფესიული სასწავლო ჯგუფები, ქოუჩინგი და მენტორინგი. მათი მიზანია გამოცდილების გაზიარება და მასწავლებლების ერთმანეთისგან სწავლა.

რას მოეთხოვებათ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ახალი სტანდარტი დამატებით პასუხისმგებლობებს უწესებს.

წამყვანი მასწავლებელი საკუთარი პრაქტიკის მიღმა უნდა დაეხმაროს სკოლას სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში - მაგალითად, შექმნას და გაავრცელოს რესურსები, ჩაატაროს სამუშაო შეხვედრები ან სამოდელო გაკვეთილები, გაუზიაროს კოლეგებს ეფექტიანი სტრატეგიები და გაუწიოს მათ კონსულტაცია.

მენტორის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო ფართოა: მას შეუძლია რამდენიმე სკოლის მხარდაჭერა, მათ შორის მასწავლებლების პროფესიული განვითარება და სკოლებს შორის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასევე შეიძლება, ჰქონდეთ სკოლის მართვისა და განვითარების პროცესში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების ფუნქცია. მაგალითად, მათ უნდა შეძლონ სკოლის საჭიროებების გამოვლენა, კვლევის დაგეგმვა, შედეგების ანალიზი და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.

ცალკე მოთხოვნებია სპეციალური მასწავლებლებისთვის

ახალ სტანდარტში სპეციალური მასწავლებლისთვის ცალკე თავია გამოყოფილი.

სპეციალური მასწავლებლის საქმიანობა იწყება სწავლის სირთულეების ადრეული გამოვლენით. ამ პროცესში მასწავლებელი თანამშრომლობს საგნის მასწავლებლებთან, დამრიგებელთან და მშობელთან, აფასებს ბავშვის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებს და, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვაში.

სპეციალური მასწავლებელი ასევე მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში, სასწავლო მასალის ადაპტირებაში, ბავშვის პროგრესის მონიტორინგში და საჭიროების შემთხვევაში ქცევის მართვისა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის სტრატეგიების დაგეგმვაში.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ სპეციალური მასწავლებლის სტანდარტშიც პირდაპირაა ნახსენები ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტექნოლოგიები. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს AI-ისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი მასალები, თუმცა ტექნოლოგიის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს შესაძლო მიკერძოება, არასწორი ინტერპრეტაცია და დისკრიმინაციული შედეგების რისკები.

პერსონალური მონაცემების დაცვაც ცალკე მოთხოვნაა

მასწავლებელმა უნდა დაიცვას მოსწავლის პერსონალური მონაცემები და პროფესიულ საქმიანობაში კონფიდენციალურობის პრინციპი.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პირობებში. სპეციალური მასწავლებლის შემთხვევაში სტანდარტი პირდაპირ მიუთითებს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მონაცემებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული ციფრული და AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც.

რა არის მთავარი ცვლილება:

თუ ახალი სტანდარტის არსს მარტივად შევაჯამებთ, ის მასწავლებლისგან მხოლოდ საგნის ცოდნას არ მოითხოვს.

მასწავლებლის პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, თანამედროვე სწავლების მეთოდებს, შეფასების შედეგების ანალიზს, მშობელთან და კოლეგებთან თანამშრომლობას, ციფრულ და მედიაწიგნიერებას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას, პროფესიულ განვითარებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

სტანდარტი ამ მოთხოვნებს მხოლოდ ზოგად რეკომენდაციებად არ ტოვებს. დოკუმენტში განსაზღვრული კომპეტენციები შეიძლება, გამოიყენონ მასწავლებლის თვითშეფასებისა და კოლეგების ურთიერთშეფასებისთვის, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის, კომპეტენციებისა და საქმიანობის შეფასებისთვის, ასევე მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დასაგეგმად.

ვრცლად დოკუმენტი შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ნახოთ.

თამარ იაკობაშვილი

სკოლას მოსწავლის ჩანთის გახსნისა და შიგნით ჩახედვის უფლება არ აქვს - იურისტი სკოლაში მობილურების აკრძალვისა და დისციპლინური სასჯელების შესახებ
შემდეგ წელს ბრძანებაში ცვლილებას შევიტანთ, რომ 2027-2028 სასწავლო წელს სასკოლო ფორმა გავრცელდეს პირველიდან მე-7 კლასის ჩათვლით, შემდეგ - მე-8 კლასის ჩათვლით და ა.შ. - გივი მიქანაძე
სკოლის გაცდენისა და დაგვიანებების მაჩვენებლით ქართველი მოსწავლეები 88 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე არიან - PISA-ს შედეგები