"დღიური რაციონი ისე უნდა იყოს გადანაწილებული, ნახევარს ხილი და ბოსტნეული შეადგენდეს, ხოლო მეორე ნახევარს - აუცილებლად ცილოვანი საკვები..." - მარი მალაზონია - მშობლები

"დღიური რაციონი ისე უნდა იყოს გადანაწილებული, ნახევარს ხილი და ბოსტნეული შეადგენდეს, ხოლო მეორე ნახევარს - აუცილებლად ცილოვანი საკვები..." - მარი მალაზონია

2026-09-24 09:58:18+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც საკითხი მოზარდის სასკოლო კვებასა და არაჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას ეხება:

- სკოლაში მოზარდის კვება ზუსტად იმ პრინციპებზე უნდა იყოს აგებული, რასაც მათთვის საუკეთესო კვებითი მოდელი მოითხოვს. ​რა იქნება ასეთ შემთხვევაში მათთვის საუკეთესო შეთავაზება? რა თქმა უნდა, დაბალანსებული და რაციონალური პრინციპებით დაგეგმილი კვება, სადაც დღიური რაციონი ისეა გადანაწილებული, რომ სულ ცოტა ნახევარს ხილი და ბოსტნეული შეადგენს, ხოლო მეორე ნახევარს - აუცილებლად ცილოვანი საკვები.

ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს მარცვლეული და ბურღულეული, ხოლო ბავშვების კვების რაციონში რძის ნაწარმის ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ​ეს ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესოდ ჰარვარდის თეფშის მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. თქვენ გახსოვთ ამ მოდელით გადანაწილება: ნახევრის თითქმის ორ მესამედს ბოსტნეული იკავებს, ხოლო ერთ მესამედს - ხილი. ცილა აუცილებლად ჯანსაღი უნდა იყოს, ყველა საჭირო ამინომჟავას შეიცავდეს და არასასურველი ცხიმების რაოდენობა გააზრებული იყოს.

მარცვლეული არა უბრალოდ მარცვლეული, არამედ მთლიანი მარცვლეული უნდა იყოს. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ ცილოვანი კომპონენტი რძის ნაწარმსაც აერთიანებს. ცხიმების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, წყალი არ უნდა დაგვავიწყდეს და ამ კვების მოდელს ფიზიკური აქტივობაც უნდა შევუხამოთ. ​ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად მხოლოდ თეორიულ შეთავაზებად რჩება - შეთავაზებად, რომელიც წიგნში, ფურცელზე ან მშობლის ცოდნაში რჩება და ბავშვისა თუ მოზარდის ყოველდღიურ კვებაში არ გადადის. ეს იმიტომ ხდება, რომ აქ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ​სკოლაში კვებასთან დაკავშირებით მთავარი ფაქტორი არის კითხვა, რომელიც პასუხს მოითხოვს: აქვს კი მოზარდს იმის საშუალება, რომ სკოლის პირობებში ადეკვატური კვება მიიღოს?

აქ იგულისხმება გარემოც, საკვების მიღების დროც, რაოდენობაც და შინაარსიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ის მთლიანად საზოგადოებას ეხება. ​ამას გარდა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რომელიც სულ ცოტა სამ თავისებურებას მოიცავს:

​ფიზიოლოგიური თავისებურება: ეს არის კვების ფიზიოლოგიური ცვლილება, რომელიც ასაკობრივ ცვლილებებს და ამის საპასუხოდ შერჩეულ კვებას გულისხმობს. ამ დროს იცვლება მოზარდის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები და მეტაბოლიზმი, შესაბამისად იცვლება საკვების მიწოდება, გადამუშავება და სხვა ბიოქიმიური გარდაქმნები. ​

ფსიქო-ემოციური თავისებურება: კვების ფსიქო-ემოციური მხარე ფიზიოლოგიურზე არანაკლებ საგულისხმოა, რადგან მოზარდობისას ემოციების სიჭარბე ეგრეთ წოდებული ემოციური კვების რისკებს განსაზღვრავს. ამაზე წლების განმავლობაში ხშირად ვსაუბრობთ და ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ეს კარგად ახსოვს. ემოცია ბავშვს საკვები პროდუქტის არჩევისკენ, მისი მოხმარებისკენ, ულუფის კონტროლის დაკარგვისკენ, რაციონისადმი არაკრიტიკული დამოკიდებულებისა და კვებითი ქცევის შეცვლისკენ უბიძგებს. ეს უკიდურესად საყურადღებო მდგომარეობაა, როდესაც უნებურად იცვლება რეჟიმიც, ულუფაც და რაციონიც. ​

სოციალური კომპონენტი: ეს არის მესამე მნიშვნელოვანი წახნაგი მოზარდის კვებაში, როდესაც ის ითვალისწინებს არა იმას, თუ რას ურჩევენ დედა, მამა ან სპეციალისტი, არამედ იმას, თუ რას მიირთმევს მისი თანატოლი. ​წარმოიდგინეთ, თუ მისი თანატოლი იმ პროდუქტებს მიირთმევს, რომლებიც ახლა ჩემს წითელ თეფშზეა მოთავსებული და არ ითვალისწინებს რეკომენდაციას, რომელიც ყოველდღიურ რაციონში დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის ჩართვას გულისხმობს, თქვენი აზრით, ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს მოზარდი? რა თქმა უნდა, თანატოლების კვების მოდელის სასარგებლოდ.

ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს მისი შეცვლილი კვებითი ქცევა რეჟიმის, ულუფისა თუ რაციონის ჭრილში. ​რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, კვება იზოლირებული არ არის - ეს მოზარდის ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია. აქ ყველა ფაქტორია გასათვალისწინებელი: ძილი, ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და ამ ყველაფერთან ერთად მავნე ჩვევების ჩამოყალიბების რისკიც. ​ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდთან ემოციურად ვიყოთ დაკავშირებული, კვებასთან დაკავშირებული შეთავაზებაც ემოციური იყოს, გავითვალისწინოთ მისი ფიზიოლოგია და ის ავტორიტეტები, რომელთაც ის ჰბაძავს და რისი მიხედვითაც კვებას ირჩევს. ​და მთავარი: მოზარდობის ასაკში დაწყებული მითითებები კვების გამოსწორების შესახებ სწორი არ არის და არც მუშაობს. უმჯობესია, ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე დავიწყოთ, რომ მოზარდობის ფაზას, თავად მოზარდობასა და სკოლასთან ურთიერთობას მომზადებულნი შევხვდეთ.

ნატა გაგუა არასწორ საუზმესა და 5 მთავარ შეცდომაზე, რაც საღამოს მომატებულ მადას იწვევს - მეტაბოლური ბალანსის აღდგენა ყოველთვის საუზმის ხარისხის კორექციით იწყება...
რისი მომზადება შეგიძლიათ დილაობით ბავშვისთვის - საუზმის 8 იდეა