ქალთა საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა კლუბ "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალეს. მიზეზი კლუბის განცხადებაში წერია - ეს იყო მათი პროტესტი სასამართლოს განაჩენზე. როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო კლუბ "ნიკე ლუსოს" ყოფილი პრეზიდენტი, თურქი მეჰმეთ უიარი და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. სასამართლო დარბაზში გული წაუვიდა გოგონას, რომლის მიმართ სექსუალურო ძალადობაც ედებოდა ბრალად ბიზნესმენს.
საგანგებო განცხადება!
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!
თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული.
სამწუხაროდ ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!"