როგორ შეფასდება მოსწავლე სემესტრის განმავლობაში, რა მოხდება, თუ შემაჯამებელს გააცდენს და რაში დაიწერება 10 ქულა - დეტალები ეროვნული სასწავლო გეგმიდან - მშობლები

როგორ შეფასდება მოსწავლე სემესტრის განმავლობაში, რა მოხდება, თუ შემაჯამებელს გააცდენს და რაში დაიწერება 10 ქულა - დეტალები ეროვნული სასწავლო გეგმიდან

2026-10-05 11:06:35+04:00

2026-2027 სასწავლო წლიდან მოსწავლეების შეფასების საკითხებში გარკვეული ცვლილებებია. განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს, როდის გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, რას ნიშნავს კონკრეტული ქულა 10-ქულიან სისტემაში და როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 4 სექტემბრის №116/ნ ბრძანების მიხედვით, მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანი სწავლის პროცესის ხარისხის მართვაა. შეფასება მხოლოდ მიღებული ცოდნის დაფიქსირებას არ გულისხმობს - ყურადღება ექცევა იმასაც, რამდენად შეუძლია მოსწავლეს ცოდნის გამოყენება, პრობლემის გადაჭრა და ნასწავლის ახალ კონტექსტში გადატანა.

როდის გამოიყენება განმავითარებელი შეფასება?

I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლის შეფასების ყველა კომპონენტში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამასთან, I-VI კლასებში საშინაო დავალება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით ფასდება.

განმავითარებელი შეფასება მხოლოდ დაწყებით კლასებში არ გამოიყენება. სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად, ის სისტემატურად უნდა განხორციელდეს. მისი მიზანია მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა, სწავლის პროგრესის ხელშეწყობა და შემდგომი სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.

ახალი წესით მოსწავლეც თავად არის განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილე - ის ჩართული უნდა იყოს შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.

რას ნიშნავს 10, 9, 8 და სხვა ქულები?

განმსაზღვრელი შეფასებისას მოსწავლის აკადემიური მიღწევა 10-ქულიანი სისტემით ფასდება. ქულები ოთხ დონედაა დაყოფილი.

10 ქულა - მაღალი დონე - მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით; საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაყრდნობით დამოუკიდებლად ჭრის კომპლექსურ სასწავლო ამოცანებს და ახდენს ცოდნის ტრანსფერს ახალ კონტექსტში.

8-9 ქულა - საშუალოზე მაღალი დონე - მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების დამოუკიდებლად განსახორციელებლად.

6-7 ქულა - საშუალო დონე - მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს გამოწვევები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.

1- 5 ქულა - დაბალი დონე - მოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და ფრაგმენტულია; უჭირს ბაზისური ცნებების გამოყენება და სასწავლო ამოცანების არსობრივი გადაჭრა.

არსებული განმარტების მიხედვით, 10 ქულა მხოლოდ ფაქტების ცოდნას არ ნიშნავს. უმაღლესი შეფასების მისაღებად მნიშვნელოვანია, შეუძლია თუ არა მოსწავლეს ნასწავლის დამოუკიდებლად გამოყენება და ცოდნის ახალ კონტექსტში გადატანა.

როგორ ფასდება მოსწავლე სემესტრის განმავლობაში?

საჯარო სკოლებში სემესტრის განმავლობაში მოსწავლის შეფასება სამი კომპონენტისგან შედგება: მიმდინარე საშინაო დავალება, მიმდინარე საკლასო დავალება და შემაჯამებელი დავალება.

სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

სკოლას შეუძლია, კონკრეტულ საგანში მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტი გამოიყენოს, თუმცა ამისთვის შესაბამისი დასაბუთება და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებაა საჭირო.

როგორი უნდა იყოს შემაჯამებელი დავალება?

V კლასის მეორე სემესტრიდან, VI კლასში და საბაზო და საშუალო საფეხურებზე სკოლამ სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განსაზღვროს თითოეულ საგანში სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.

შემაჯამებელი დავალებები უნდა იყოს შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე და მოსწავლისგან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას მოითხოვდეს.

ასეთ დავალებებს შორის შეიძლება, იყოს ესე, პროექტი, კვლევითი ან საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი, მონაცემთა ანალიზი და სხვა ტიპის სამუშაო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეფასების კრიტერიუმები, ანუ რუბრიკა, წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული და მოსწავლეს წინასწარ მიეწოდოს. შესაბამისად, მოსწავლემ დავალების შესრულებამდე უნდა იცოდეს, რა კრიტერიუმებით შეფასდება მისი ნამუშევარი.

რა ხდება, თუ მოსწავლემ შემაჯამებელი დავალება გააცდინა?

თუ საჯარო სკოლის მოსწავლემ გაცდენის გამო შემაჯამებელი დავალება ვერ შეასრულა, სკოლა ვალდებულია, მას დავალების აღდგენის შესაძლებლობა მისცეს.

აღდგენის ვადასა და ფორმას სასკოლო სასწავლო გეგმა განსაზღვრავს. სემესტრული ქულის გამოთვლისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებების სრული რაოდენობა.

ყველა შეფასება აუცილებლად ქულით გამოიხატება?

ყველა შეფასება ქულით არ გამოიხატება. განმსაზღვრელი შეფასება შეიძლება, იყოს დიფერენცირებული - ნიშნით, ან არადიფერენცირებული - ჩათვლის სახით.

საჯარო სკოლებში ჩათვლის სისტემა გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში, არჩევით საგნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებაში.

ამასთან, საშუალო საფეხურზე პროექტებში მოსწავლე განმავითარებელი შეფასებით ფასდება - წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით.

აღნიშნული წესით, განმსაზღვრელი შეფასების შედეგების გამოყენებაც შესაძლებელია განმავითარებელი მიზნებისთვის. კერძოდ, მისი ანალიზი უნდა დაეხმაროს სკოლას სწავლისა და სწავლების შემდგომ დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში.

განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლის შეფასება მხოლოდ საბოლოო ქულის დაწერით არ შემოიფარგლება. შეფასების მიზანია, ერთი მხრივ, მოსწავლის მიღწევის განსაზღვრა, ხოლო მეორე მხრივ, იმის დანახვა, რა უჭირს მას და რა სჭირდება უკეთესი შედეგის მისაღწევად.

ვრცლად დოკუმენტს შეგიძლიათ, საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გაეცნოთ.

თამარ იაკობაშვილი

სახელმძღვანელოებში ბოტებია ჩაშენებული, მაგალითად, მათბოტი, ფიზბოტი, ქიმბოტი... მოსწავლემ არ უნდა მოიწყინოს - თამარ მახარაშვილი ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეებზე
რა არჩევითი საგნები განისაზღვრა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით მოსწავლეებისათვის და რომელ კლასებშია გათვალისწინებული