დემენციის მქონე ადამიანზე ზრუნვა ოჯახისთვის რთული და ხანგრძლივი პროცესია. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ადამიანს შეიძლება სულ უფრო მეტი მეთვალყურეობა და დახმარება დასჭირდეს, ოჯახს კი ყოველთვის არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო მოვლა დამოუკიდებლად უზრუნველყოს. ასეთ დროს ერთ-ერთი გამოსავალი ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაა, თუმცა საზოგადოებაში ამ გადაწყვეტილებას ხშირად ოჯახის წევრის „მიტოვებად“ ან „ღალატად“ აღიქვამენ.
რამდენად მძიმეა ეს დამოკიდებულება თავად ოჯახისთვის და რატომ არ ნიშნავს დემენციის მქონე ახლობლის სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანა მის სიყვარულზე უარის თქმას — ამ საკითხზე ექთანმა თამარ დაუსმა გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ისაუბრა.
„სამწუხაროდ, როდესაც ოჯახი გადაწყვეტს, რომ თავისი პაციენტი ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში გადაიყვანოს, იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, გაუმკლავდეს და არა იმიტომ, რომ არ უყვარს, ეს ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ აღიქმება ღალატად, ოჯახის წევრის მიმართ ღალატად. ამბობენ, რომ არ უყვარს, გადააგდო... ძალიან ცუდი სიტყვებით შეიძლება შეამკონ. ეს კიდევ დიდი დარტყმაა ოჯახის წევრისთვის.
გარდა იმისა, რომ ის იმ ფაქტის წინაშე დადგა, რომ, პირობითად, მისი მეუღლე, მამა ან დედა დაავადდა, შემდეგ აღიარა, რომ ვერ უვლის, შემდეგ აღიარა, რომ უნდა წაიყვანოს და კიდევ უნდა გაუძლოს იმ ქარცეცხლს, რომელშიც მას გარკვეული საზოგადოება გაატარებს, ნათესავების ჩათვლით.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებამდე მიდის და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი გადაცემებისთვის, იმიტომ, რომ ამას ემსახურებით ყოველდღიურად. ამიტომ ამაში ცუდი არაფერია.
მე, სამწუხაროდ, არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ჩვენთან მეორე ტიპის დაწესებულებების არსებობაც. საზღვარგარეთ ძალიან კარგად მუშაობს ასეთი ტიპის დაწესებულებები — დღის ცენტრები, სადაც ამ ადამიანებს დილით მიიყვანენ, ოჯახის წევრები წავლენ სამსახურში, ეს ადამიანები დაკავდებიან, მაგალითად, ხატვით, მათ მოემსახურებიან. რა თქმა უნდა, ის გაღიზიანება მათთან არ ხდება. შინ ბრუნდება უკვე ასე თუ ისე დაღლილი და ოჯახის წევრსაც ასე თუ ისე უმსუბუქდება ის ტვირთი, რომელიც მას მხრებზე აწევს“, — ამბობს თამარ დაუსი.