თუ ბავშვი საშინაო დავალებას ძალიან დიდ დროს ანდომებს, მიზეზი ყოველთვის სიზარმაცე არ არის. განსაკუთრებით დაწყებითი კლასების ასაკში ბავშვს ჯერ კიდევ უყალიბდება საკუთარი მოქმედებების დაგეგმვის, ყურადღების შენარჩუნებისა და ყურადღების გამფანტავი ფაქტორების იგნორირების უნარი.
ამიტომაც შეიძლება მეცადინეობის დროს გამუდმებით მოუნდეს წყლის დალევა, წახემსება, ფანჯარაში გახედვა ან სხვა საქმეზე გადართვა. ასეთ შემთხვევაში მშობელს შეუძლია ბავშვს ისეთი გარემო და მარტივი დამხმარე საშუალებები შესთავაზოს, რომლებიც სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და ყურადღების შენარჩუნებას გაუადვილებს.
პატარა ბავშვისთვის ფრაზა „კიდევ ხუთი წუთი“ საკმაოდ აბსტრაქტულია. ტაიმერი კი დროს უფრო თვალსაჩინოს ხდის — ბავშვი ხედავს, რამდენი დრო დარჩა კონკრეტული დავალების შესასრულებლად.
შეგიძლიათ ტაიმერი ერთი საგნისთვის 15–20 წუთზე დააყენოთ. დროის გასვლის შემდეგ ბავშვს 3–5 წუთით შესვენების საშუალება მიეცით და შემდეგ მომდევნო დავალებაზე გადავიდეს.
თანდათან შეიძლება ჩამოყალიბდეს მუშაობის რიტმი: კონცენტრაცია — მცირე შესვენება — კვლავ კონცენტრაცია. თუმცა ტაიმერი ბავშვის დასაჩქარებელ ან დამსჯელ საშუალებად არ უნდა იქცეს. თუ დროის ათვლა მას დამატებით სტრესს უქმნის, ეს მეთოდი მისთვის შეიძლება არ გამოდგეს.
როდესაც ბავშვის წინ რამდენიმე სახელმძღვანელო და რვეული დევს, რვეულში კი ხუთი სხვადასხვა საგნის დავალებაა ჩანიშნული, ზოგჯერ რთული ხდება იმის გადაწყვეტაც კი, საიდან დაიწყოს.
დავალებების მარტივი გეგმა შეიძლება ჩვეულებრივ ფურცელზე ან ბლოკნოტში ჩამოიწეროს. თითოეული შესასრულებელი საქმე ცალკე პუნქტად ჩაინიშნოს. დიდი დავალება კი პატარა ეტაპებად დაიყოს. მაგალითად, წავიკითხო ორჯერ, მოვყვე 2 აბზაცი, შემდეგ ვისწავლო მომდევნო ორი. დავწერო დავალება და ა.შ.
შესრულებულ პუნქტებს ბავშვი თავად გადახაზავს. ასე ის ხედავს არა მხოლოდ იმას, რამდენი აქვს გასაკეთებელი, არამედ იმასაც, რამდენი უკვე შეასრულა.
ზოგი ბავშვისთვის საშინაო დავალების გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი ხანგრძლივი წერაა. თუ ხელის კუნთები იღლება, ბავშვი იწყებს პოზის ხშირად შეცვლას, წრიალს და შესვენებას ცდილობს.
წერამდე რამდენიმე წუთით ხელისა და თითების მსუბუქი ვარჯიში შეიძლება სასარგებლო იყოს. ამისთვის შეიძლება რბილი ხელის სავარჯიშოს ან სხვა მარტივი მოძრაობების გამოყენება — თითების მოხრა-გაშლა, მუშტის შეკვრა და გაშლა, ხელის მტევნების მსუბუქად მოძრაობა.
თუმცა თუ ბავშვი წერისას ხშირად უჩივის ხელის ტკივილს, ძალიან სწრაფად იღლება ან წერა მისთვის უჩვეულოდ რთულია, მხოლოდ სავარჯიშოთი პრობლემის მოგვარების მცდელობა არ ღირს.
ტელევიზორის ხმა, ოჯახის წევრების საუბარი, ქუჩიდან შემოსული ხმაური და ტელეფონის შეტყობინებები ბავშვის ყურადღებას მუდმივად ფანტავს.
ამიტომ მეცადინეობისთვის უმჯობესია შეძლებისდაგვარად მშვიდი გარემო შეიქმნას. თუ ბავშვს განსაკუთრებით აწუხებს ხმაური, შეიძლება ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენებიც დაეხმაროს. თუმცა ყველა ბავშვს სრული სიჩუმე არ მოსწონს. ზოგიერთს მშვიდი, სიტყვების გარეშე მუსიკის ფონზე კონცენტრირება უადვილდება.
თუ ბავშვი ნელა მუშაობს, მისი მუდმივად აჩქარება ყოველთვის კარგი გამოსავალი არ არის. ზოგიერთ ბავშვს სამუშაო რეჟიმში ჩასართავად უბრალოდ მეტი დრო სჭირდება.
საშინაო დავალების დაწყებისას შეიძლება ჯერ ყველაზე რთული დავალება შეასრულოს, სანამ დაღლილი არ არის, შედარებით მარტივი კი ბოლოსთვის დატოვოს. მეცადინეობის დროს ტელეფონი უმჯობესია სამუშაო ადგილიდან მოშორებით იდოს, ხოლო ოთახი წინასწარ განიავდეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ნელა მუშაობა ავტომატურად სიზარმაცეს არ ნიშნავს. თუ საშინაო დავალების შესრულება ყოველდღიურად საათობით გრძელდება და ბავშვისთვის მუდმივი სტრესის წყაროა, ყურადღება მხოლოდ მის დაჩქარებაზე კი არა, მიზეზის გარკვევაზეც უნდა გამახვილდეს.