მაქსიმუმ, რამდენი მოსწავლე შეიძლება, საჯარო სკოლაში, ერთ კლასში იყოს და რა შემთხვევაში შეიძლება, სკოლაში კლას-კომპლექტი შეიქმნას - დეტალები - მშობლები

მაქსიმუმ, რამდენი მოსწავლე შეიძლება, საჯარო სკოლაში, ერთ კლასში იყოს და რა შემთხვევაში შეიძლება, სკოლაში კლას-კომპლექტი შეიქმნას - დეტალები

2026-10-07 10:16:44+04:00

მაქსიმუმ, რამდენი მოსწავლე შეიძლება, საჯარო სკოლაში, ერთ კლასში იყოს?

საჯარო სკოლაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 25 მოსწავლითაა განსაზღვრული. შესაბამისი გამონაკლისის შემთხვევაში კი, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 29-ს არ უნდა აღემატებოდეს.

უფრო კონკრეტულად, ამ წესიდან გამონაკლისი შესაძლებელია, მხოლოდ განათლების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა კონკრეტული მოსწავლის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით და ვრცელდება იმავე მოსწავლის მიერ იმავე სკოლაში მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 29 უნდა იყოს.

ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე განსაზღვრავს, როდის შეიძლება პარალელური კლასების შექმნა. ამისთვის თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მინიმუმ 15 უნდა იყოს.

მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში შესაძლებელია კლას-კომპლექტების შექმნა. კერძოდ, მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, თუ კლასში ერთი ან ორი მოსწავლეა, რეკომენდებულია სხვა კლასთან კლას-კომპლექტის შექმნა.

კლას-კომპლექტი გულისხმობს ორი კლასის მოსწავლეების გაერთიანებას ერთ სასწავლო ერთეულში. ასეთი გაერთიანებისას მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, კლას-კომპლექტის შექმნა რეკომენდებულია ერთი საფეხურის ფარგლებში, ხოლო ერთ კლას-კომპლექტში ორ კლასზე მეტი არ უნდა გაერთიანდეს.

განსაკუთრებული წესი მოქმედებს I-IV კლასებისთვის. ისინი შეიძლება სხვადასხვა პრინციპით დაკომპლექტდეს, მაგალითად, I-II და III-IV კლასებად, ან I და III, II და IV კლასებად.

ამასთან, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებში შემავალ საგნებში შესაძლებელია რამდენიმე კლასის გაერთიანებაც. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა შეიძლება 10-ს აღემატებოდეს. მაგალითად, შესაძლებელია I, II და III კლასების, IV, V და VI კლასების ან VII, VIII და IX კლასების გაერთიანება.

კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა ეფუძნებოდეს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს, რაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი წესით 1 ან 2 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში კლას-კომპლექტის შექმნა რეკომენდებულია და არა ავტომატურად სავალდებულო. შესაბამისად, მხოლოდ მოსწავლეთა მცირე რაოდენობა არ ნიშნავს, რომ სკოლამ აუცილებლად უნდა გააერთიანოს ორი კლასი.

აღნიშნული წესი გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომელშიც 2026 წელს შესაბამისი ცვლილებები შევიდა.

თამარ იაკობაშვილი

რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს ან მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს - დეტალები
როგორ შეფასდება მოსწავლე სემესტრის განმავლობაში, რა მოხდება, თუ შემაჯამებელს გააცდენს და რაში დაიწერება 10 ქულა - დეტალები ეროვნული სასწავლო გეგმიდან