ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად ჩანს - პარტნიორი სასარგებლო რჩევებს გაძლევთ, კრიტიკას კი საუკეთესო განზრახვით გამოთქვამს. ამბობს, რომ თქვენთვის მხოლოდ კარგი სურს. თუმცა, ასეთი საუბრების შემდეგ მოტივაციას ვერ გრძნობთ - პირიქით, ენერგია გეცლებათ და ადრე დასახული ამბიციური მიზნები მნიშვნელობას კარგავს.
გულწრფელ მზრუნველობასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას შორის ზღვარი ზოგჯერ მართლაც რთული შესამჩნევია. როგორ გავარჩიოთ ადამიანი, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა გულწრფელად სურს, იმისგან, ვინც თქვენს წარმატებას საფრთხედ აღიქვამს და, შესაძლოა, შეუმჩნევლადაც კი გიშლით ხელს?
ქვემოთ რამდენიმე საყურადღებო ნიშანს განვიხილავთ:

თქვენი განვითარების შეფერხების ერთ-ერთი ყველაზე ფარული გზა საბოტაჟია, რომელიც ზრუნვისა და წუხილის ნიღბით გვევლინება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დააკვირდეთ, როგორ იქცევა პარტნიორი თქვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებამდე - იქნება ეს გასაუბრება, გამოცდა, საჯარო გამოსვლა თუ დაწინაურება.
სწორედ ასეთ დროს შეიძლება, მან მოულოდნელად ყოფითი პრობლემა შექმნას: თავი შეუძლოდ იგრძნოს, განსაკუთრებული ყურადღება მოითხოვოს ან ხანგრძლივი და უსარგებლო კამათი წამოიწყოს. შედეგად, თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმისთვის მოსამზადებლად საჭირო დრო და ენერგია აღარ გრჩებათ.
მანიპულაცია სხვა ფორმითაც შეიძლება გამოვლინდეს. პარტნიორი დაჟინებით გარწმუნებთ, რომ არ უნდა გადაიღალოთ, რომ ჯანმრთელობა და სიმშვიდე ნებისმიერ პროფესიულ მიზანზე მნიშვნელოვანია და კონკრეტულ პროექტზე უარის თქმა თქვენთვის უკეთესი იქნება. ერთი შეხედვით, ეს მზრუნველობას ჰგავს, თუმცა თუ მსგავსი დამოკიდებულება მუდმივად მეორდება და მხოლოდ თქვენი განვითარების დროს იჩენს თავს, შესაძლოა, საქმე კონტროლთან გვქონდეს.
ასეთი ქცევა მხოლოდ კარიერას არ ეხება. პარტნიორმა შეიძლება, დღესასწაულის წინ კონფლიქტი წამოიწყოს, დაგროვილი უკმაყოფილება სწორედ მნიშვნელოვან დღეს გადმოაფრქვიოს ან ისეთი მომენტი შექმნას, რომელშიც თქვენი ყურადღება საკუთარ სურვილებსა და გეგმებს კი არა, მის ემოციებს დაეთმობა.
მნიშვნელოვანი მომენტების დროს წარმოშობილი კონფლიქტები აჩვენებს, რამდენად რთულია მისთვის პარტნიორის ახალი ცხოვრების მიღება.

ჯანსაღ ურთიერთობაში პარტნიორს თქვენი მიღწევები გულწრფელად უხარია და თქვენი წინსვლა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მანიპულატორისთვის კი წარმატება შეიძლება, დამოუკიდებლობის ზრდასთან ასოცირდებოდეს, რაც მას დისკომფორტს უქმნის.
ამიტომ, ის თქვენს მიღწევებს ხშირად ამცირებს ან მათ მიზეზს საკუთარ თავში ეძებს. შეიძლება, რთული გარიგება დახუროთ, დაწინაურდეთ ან საკუთარი პროექტი წამოიწყოთ, თუმცა სანაცვლოდ სიამაყისა და მხარდაჭერის ნაცვლად მოისმინოთ: "რეზიუმე მე რომ არ გადამემუშავებინა, არაფერი გამოგივიდოდა".
ერთი შეხედვით, უმნიშვნელო კომენტარებმა დროთა განმავლობაში შეიძლება, შეცვალოს თქვენი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ჩნდება განცდა, თითქოს, თქვენი წარმატება მხოლოდ სხვის დახმარებას უკავშირდება და დამოუკიდებლად მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა არ შეგიძლიათ.
ჯანსაღი პარტნიორი თქვენს ძლიერ მხარეებს ამჩნევს და განვითარებაში გეხმარებათ. მანიპულატორი კი კარგად იცნობს თქვენს შიშებსა და დაუცველ მხარეებს და საჭირო დროს სწორედ მათ იყენებს თქვენზე გავლენის მოსახდენად.
მაგალითად, თუ ხელმძღვანელ პოზიციაზე პრეტენზია გაქვთ, შეიძლება მუდმივად შეგახსენოთ, რომ ზედმეტად რბილი ხასიათი გაქვთ ან ადამიანების მართვა გაგიჭირდებათ. თუ ახალი პროფესიის ათვისება გსურთ, შესაძლოა, პარტნიორმა სამი წლის წინ დაშვებული შეცდომა გაგახსენოთ და ამით დაგარწმუნოთ, რომ ახლა დაწყებული საქმე ისევ წარუმატებელი იქნება…
ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით საზიანოა მაშინ, როდესაც ადამიანი ისედაც არაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. მუდმივი კრიტიკა და წარსული შეცდომების შეხსენება თანდათან აძლიერებს იმ განცდას, რომ ახალი ნაბიჯის გადადგმისთვის საკმარისად კომპეტენტური არ ხართ.

ჯანსაღი ურთიერთობა ადამიანს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ეხმარება. პარტნიორი შეიძლება, რჩევას გაძლევდეთ, თუმცა საბოლოო არჩევანს თქვენ გიტოვებთ. ტოქსიკურ ურთიერთობაში კი ადამიანი შესაძლოა, ცდილობდეს, თქვენგან მისთვის სასურველი და "მოსახერხებელი" პიროვნება შექმნას.
თუ თქვენი სურვილი მის წარმოდგენებში არსებულ უსაფრთხო და კომფორტულ ცხოვრებას არ შეესაბამება, შესაძლოა, ის მაშინვე გააუფასუროს. ახალი პროფესიის არჩევა, საკუთარი ბიზნესის დაწყება, შემოქმედებითი საქმიანობა ან ცხოვრების წესის შეცვლა შეიძლება, "ბავშვურ ფანტაზიად" მოგაჩვენოთ.
"ამით ფულს ვერ იშოვი", "ჯობს, ჩემ მიერ შერჩეულ კურსზე წახვიდე", "ეს შენთვის არ არის", "მე უბრალოდ შენთვის უკეთესი მინდა" - ასეთი ფრაზები რჩევას ჰგავს, მაგრამ მათი მუდმივი გამეორება შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილებების კონტროლის საშუალებად იქცეს.
განსაკუთრებით პრობლემურია შემთხვევა, როდესაც პარტნიორი საკუთარ აზრს ერთადერთ სწორ არჩევანად წარმოგიჩენთ და მის დაუჯერებლობას სიბრიყვედ ან უმადურობად აფასებს. დროთა განმავლობაში, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ საკუთარი მიზნების ნაცვლად სხვის მოლოდინებს ასრულებთ და საკუთარ სურვილებთან კავშირი გეკარგებათ.
კონტროლზე დამყარებულ ურთიერთობაში პარტნიორის დამოუკიდებლობა ხშირად საფრთხედ აღიქმება. როდესაც თქვენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ, ახალ ადამიანებს ხვდებით ან რჩევისთვის სხვა სპეციალისტებს მიმართავთ, მანიპულატორმა შესაძლოა, უკმაყოფილებით ან აგრესიით გიპასუხოთ.
ჯანსაღი ურთიერთობის შემთხვევაში პარტნიორი თქვენს სოციალურ და პროფესიულ წრეს პატივს სცემს და არ ეწინააღმდეგება იმას, რომ საჭიროების შემთხვევაში კოლეგას, ფსიქოლოგს, მეგობარს ან ოჯახის წევრს მიმართოთ. მანიპულატორი კი შეიძლება, ცდილობდეს, ეს კავშირები შეამციროს და დაგარწმუნოთ, რომ მხოლოდ მისი აზრია სანდო.
ასეთ დროს განსაკუთრებით საზიანოა მუდმივი ეჭვის გაჩენა - თითქოს, სხვების რჩევა არასწორია, თქვენ კი დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ. საბოლოოდ, ადამიანი საკუთარ თავსაც ნაკლებად ენდობა და პარტნიორის შეფასებაზე ხდება დამოკიდებული.