ასტროლოგების 8 რჩევა, 2027 წლისთვის სურვილი რომ უბრალოდ ნატვრად არ დარჩეს და რეალურად ასრულდეს - მშობლები

ასტროლოგების 8 რჩევა, 2027 წლისთვის სურვილი რომ უბრალოდ ნატვრად არ დარჩეს და რეალურად ასრულდეს

2026-10-10 12:50:25+04:00

ყოველ წელს ერთი და იმავე იმედით ვხვდებით ახალ წელს - გვჯერა, რომ ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად აგვისრულდება. თუმცა, თუ ნატვრა მხოლოდ ოცნებად რჩება, შესაძლოა, პრობლემა თავად სურვილში კი არა, მის ფორმულირებასა და იმ დამოკიდებულებაში იყოს, რომლითაც მას ვხვდებით.

ახალი წლის ღამეს განსაკუთრებული განწყობა ახლავს. ერთი წელი სრულდება, მეორე კი იწყება და წინ, თითქოს, ახალი, სუფთა ფურცელი იშლება. ამ დროს ყველაფერი შესაძლებელი გვეჩვენება: ახალი სამსახური, საოცნებო მოგზაურობა, სიყვარული, საკუთარი სახლი, ფინანსური დამოუკიდებლობა თუ უბრალოდ მეტი სიმშვიდე და ბედნიერება.

ასტროლოგიური და ეზოთერული ტრადიციების მიხედვით, სურვილის სწორად ჩამოყალიბებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი, მკაფიოდ დასახული მიზანი ადამიანს შესაძლებლობების დანახვასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

ამიტომ, თუ გსურთ, 2027 წლის მთავარი სურვილი მხოლოდ საახალწლო ნატვრად არ დარჩეს, რამდენიმე მარტივი წესის გათვალისწინება შეგიძლიათ.

როგორ ჩავიფიქროთ სურვილი 2027 წლისთვის?

1. იყავით კონკრეტული

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ის არის, რომ სურვილი ბუნდოვანი არ უნდა იყოს.

მაგალითად, ფრაზა - "მინდა, მდიდარი ვიყო" სასურველი შედეგის მკაფიო სურათს ვერ ქმნის. გაცილებით კონკრეტული იქნება, თუ იტყვით: "მაქვს სტაბილური და მაღალი შემოსავალი, საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ფინანსურად დაცულად ვგრძნობ თავს".

საკუთარ თავს ჰკითხეთ: რას ნიშნავს თქვენთვის ბედნიერება? სიყვარული, ოჯახი, მოგზაურობა, საინტერესო სამსახური, საკუთარი სახლი, თავისუფლება თუ შემოქმედება?

რაც უფრო ზუსტად იცით, რა გსურთ, მით უფრო ადვილია მიზნისკენ მიმავალი გზის დანახვა.

axali-celi-2-1791468899.jpg

2. სურვილი აწმყო დროში ჩამოაყალიბეთ

ეცადეთ, სურვილი ისე ჩამოაყალიბოთ, თითქოს, ის უკვე თქვენი ცხოვრების ნაწილია.

მაგალითად, "მე გავხდები ბედნიერი" შეგიძლიათ, შეცვალოთ ფრაზით: "მე ბედნიერი ვარ, ვგრძნობ სიხარულს, სიყვარულსა და კმაყოფილებას".

როცა მიზანს საკუთარ თავში უფრო მკაფიოდ წარმოვიდგენთ, მის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების დანახვაც მარტივდება.

3. ისაუბრეთ იმაზე, რაც გსურთ და არა იმაზე, რისიც გეშინიათ

სურვილის ჩამოყალიბებისას ყურადღება სასურველ შედეგზე გაამახვილეთ და არა პრობლემაზე, რომლის თავიდან აცილებაც გსურთ.

მაგალითად, ფრაზის - "აღარ მინდა ფინანსური სირთულეები" - ნაცვლად შეგიძლიათ, თქვათ: "ფინანსურად უზრუნველყოფილი ვარ, ფულს გონივრულად ვმართავ და სტაბილურ ცხოვრებას ვიქმნი".

ამგვარი მიდგომა სურვილს პრობლემისგან გაქცევის ნაცვლად, კონკრეტული მიზნისკენ მიმართავს.

axali-celi-3-1791468911.jpg

4. სურვილს ემოციები დაუკავშირეთ

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სურვილი უკვე ასრულდა. რას იგრძნობთ ამ დროს - სიხარულს, სიმშვიდეს, აღფრთოვანებას, მადლიერებას თუ თავისუფლებას?

მაგალითად, ახალი სამსახურის სურვილი შეგიძლიათ, ასე ჩამოაყალიბოთ: "სიხარულით ვმუშაობ კომფორტულ გარემოში, მაქვს ღირსეული შემოსავალი, საინტერესო საქმეს ვაკეთებ და ჩემი შრომით კმაყოფილი ვარ".

ემოციები სურვილს უფრო პირადულსა და ცხადს ხდის. ხშირად ჩვენ მხოლოდ კონკრეტული ნივთი ან შედეგი კი არ გვინდა, არამედ ის განცდა, რომელიც, ჩვენი წარმოდგენით, მას მოჰყვება.

5. დარწმუნდით, რომ სურვილი ნამდვილად თქვენია

ზოგჯერ ვნატრობთ იმას, რაც საზოგადოებაში წარმატების ნიშნად მიიჩნევა - ძვირადღირებულ მანქანას, დიდ ბინას, მაღალ თანამდებობას ან გარკვეულ ცხოვრების წესს. მაგრამ რამდენად ნამდვილად გვსურს ეს ყველაფერი?

სურვილის ჩაწერამდე საკუთარ თავს ერთი მარტივი კითხვა დაუსვით: "ჩემი სურვილის შესახებ არავინ რომ არ გაიგოს, მაინც ვისურვებდი მას?"

თუ პასუხი დადებითია, ეს, სავარაუდოდ, ნამდვილად თქვენი სურვილია და არა სხვისი მოლოდინით შექმნილი მიზანი.

6. მადლიერება არ დაივიწყოთ

ახალი წლის ღამეს სურვილი მადლიერების ფორმითაც შეგიძლიათ, ჩამოაყალიბოთ:

"მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში მოდის; მადლიერი ვარ სიყვარულისთვის, ბარაქისთვის, ჯანმრთელობისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთა გვერდითაც ბედნიერი ვარ".

მადლიერება მხოლოდ სიტყვების წარმოთქმას არ გულისხმობს. ის ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რაც უკვე გვაქვს, და არა მხოლოდ იმაზე, რაც გვაკლია. ამგვარი განწყობა კი არსებული შესაძლებლობების უკეთ დანახვაში გვეხმარება.

axali-celi-4-1791468929.jpg

7. წარმოიდგინეთ, რომ სურვილი უკვე ასრულდა

დახუჭეთ თვალები რამდენიმე წუთით და სასურველი რეალობა რაც შეიძლება დეტალურად წარმოიდგინეთ.

თუ საკუთარ სახლზე ოცნებობთ, წარმოიდგინეთ, როგორ აღებთ კარს, შედიხართ ოთახში, ფანჯრიდან იყურებით და თქვენს ახალ სახლში თავს კომფორტულად გრძნობთ.

თუ მოგზაურობა გსურთ, წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც იმყოფებით, გარემოს ხმები და ის ემოციები, რომლებიც ამ დროს დაგეუფლებათ.

თუ სიყვარულს ეძებთ, აუცილებელი არ არის, კონკრეტული ადამიანი წარმოიდგინოთ. უფრო მნიშვნელოვანია, იფიქროთ ისეთ ურთიერთობაზე, რომელშიც თავს მშვიდად, უსაფრთხოდ და ბედნიერად იგრძნობთ.

რაც უფრო დეტალურად შექმნით ამ სურათს, მით უფრო მკაფიო გახდება თქვენთვის სასურველი მიზანიც.

8. ყველაზე მთავარი - გადადგით პირველი ნაბიჯი

სწორედ აქ მთავრდება ჯადოქრობა და იწყება პირადი ძალისხმევა. სურვილი მოქმედებას ვერ შეცვლის.

ახალი სამსახური გსურთ? განაახლეთ რეზიუმე და პირველი განაცხადები გააგზავნეთ. მოგზაურობაზე ოცნებობთ? აირჩიეთ მიმართულება და თანხის დაზოგვა დაიწყეთ.

ურთიერთობა გსურთ? იყავით ღია ახალი ნაცნობობისთვის. საკუთარი საქმის დაწყება გინდათ? შეისწავლეთ ბაზარი და პირველი, თუნდაც მცირე, ნაბიჯი გადადგით.

შანსი შეიძლება, მართლაც გამოჩნდეს, თუმცა მისი შემჩნევა და გამოყენება უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

პატარა რიტუალი

ახალი წლის ღამეს აიღეთ ლამაზი ფურცელი და 2027 წლის მთავარი სურვილი დაწერეთ. შეგიძლიათ, ასე დაიწყოთ:

"2027 წელს მე მადლიერებით ვიღებ ჩემს ცხოვრებაში..."

შემდეგ კი დაწერეთ, რა გსურთ სინამდვილეში. ნუ იჩქარებთ. რამდენიმე წუთით წარმოიდგინეთ ეს რეალობა და შეიგრძენით ის ემოციები, რომლებიც თქვენი სურვილის ასრულებას მოჰყვება.

ბოლოს საკუთარ თავს ჰკითხეთ: "რა შემიძლია გავაკეთო უკვე იანვარში, რომ ჩემს ოცნებას ერთი ნაბიჯით მაინც დავუახლოვდე?"

პირველი ნაბიჯი სურვილის გვერდით ჩაწერეთ. ყველაზე ძლიერი სურვილი მხოლოდ სამყაროში გაგზავნილი ოცნება არ არის. ეს არის განზრახვა, რომელიც აზრს, ემოციასა და მოქმედებას აერთიანებს.

ამიტომ, შესაძლოა, 2027 წლის ახალი წლის ღამეს ფრაზის - "ჩემი ოცნება ასრულდეს" - ნაცვლად საკუთარ თავს უთხრათ:

"მე მზად ვარ, შევქმნა ისეთი ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობ."

თუ სურვილი ნამდვილად თქვენია და არა სხვისი მოლოდინით ნაკარნახევი, ის შეიძლება, იქცეს იმპულსად, რომელიც ახალი რეალობის შექმნისკენ 2027 წლის პირველივე დღეებიდან გიბიძგებთ.

ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებები 2027 წლისთვის
როგორი იქნება 2027 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის - ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და ვისთვის იქნება რთული წელი
2027 ცეცხლოვანი თხის წელია - როგორი წელი გველის, როგორ შევეგებოთ, ვის გაუმართლებს ყველაზე მეტად და რით იქნება ეს პერიოდი გამორჩეული