ის მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მათემატიკური ნიჭი იმდენად გამორჩეული ჰქონდა, რომ ასაკზე რამდენიმე წლით ადრე მიაღწია იმ დონეს, რასაც სხვები გაცილებით გვიან აღწევდნენ. მოგვიანებით მათემატიკაში დოქტორის ხარისხი მიიღო და უნივერსიტეტში ლექტორადაც მუშაობდა... მაგრამ წლების შემდეგ იგივე ადამიანი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტერორისტად იქცა... მისი სახელი წელს გამოსულმა კინოფილმმა - "უნაბომბერმა" კიდევ ერთხელ გაახსენა მსოფლიო...

თეოდორ ჯონ „ტედ“ კაჩინსკი, რომელსაც საზოგადოება „უნაბომბერის“ სახელით იცნობდა, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საფოსტო ბომბებს გზავნიდა უნივერსიტეტებში, ავიაკომპანიებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებული ადამიანების მისამართებზე. მისი თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და თითქმის ორი ათეული დაშავდა.
რა მოხდა ამ ორ ცხოვრებას შორის?პასუხი ერთი მიზეზით არ აიხსნება.
კაჩინსკი 1942 წელს ჩიკაგოში დაიბადა. მისი მშობლები, ვანდა და თეოდორ კაჩინსკები, განათლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და შვილებისგან აკადემიურ წარმატებას ელოდნენ. ბავშვობაში ტედი განსაკუთრებით ინტელექტუალური იყო, მაგრამ სოციალურად ჩაკეტილი და თანატოლებთან ურთიერთობაში არც ისე თავისუფალი. მან ორი კლასი გამოტოვა და უკვე 16 წლის ასაკში ჰარვარდში აღმოჩნდა.
მისი IQ-ს შეფასება ხშირად 160-170-ის ფარგლებში სახელდება.
ოჯახის წევრები მოგვიანებით განსხვავებულად აღწერდნენ მის ბავშვობას. თავად ტედი ამბობდა, რომ მშობლები მასზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ და ზედმეტად ბევრს ითხოვდნენ, სწავლის და წარმატებების კუთხით. მისი ძმა დევიდი და დედა კი ამბობდნენ, რომ ოჯახური ცხოვრება სხვაგვარად გამოიყურებოდა და თავად ტედს ჰქონდა ბავშვობიდან სოციალური და ემოციური სირთულეები. ამიტომ მისი ბავშვობის ერთი მარტივი სურათის შექმნა შეუძლებელია.
ჰარვარდში კაჩინსკი ძალიან ახალგაზრდა აღმოჩნდა. არა მხოლოდ ასაკით, არამედ სოციალური გამოცდილებითაც განსხვავდებოდა თანატოლებისგან. მოგვიანებით გამოქვეყნებული მასალები აჩვენებს, რომ განსაკუთრებით ჩაკეტილი იყო და ბევრ დროს მარტო ატარებდა.
თუმცა მისი ნაცნობების დიდი ნაწილი ამბობს, რომ კაჩინსკი თავიდანვე არ ყოფილა უკიდურესად იზოლირებული ადამიანი. ჰარვარდში სწავლის პირველ წლებში ის სწავლით გატაცებული იყო, მონაწილეობდა სპორტში და უნივერსიტეტის ცხოვრებაშიც გარკვეულწილად იყო ჩართული.
მაგრამ თანდათან მისი სოციალური იზოლაცია გაძლიერდა. და სწორედ ჰარვარდში მოხდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ...
1959 წლიდან კაჩინსკი მონაწილეობდა ფსიქოლოგ ჰენრი მიურეის კვლევაში, რომელიც ადამიანის რეაქციას ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის მიმართ სწავლობდა. სტუდენტებს ჯერ საკუთარი შეხედულებებისა და ცხოვრებისეული იდეების შესახებ ესეს დაწერას სთხოვდნენ. შემდეგ კი მათ უტარებდნენ აგრესიულ და დამამცირებელ დაკითხვებს, რომლის მიზანი სტრესის პირობებში ადამიანის რეაქციის შესწავლა იყო. დღევანდელი სტანდარტებით ეს კვლევა სერიოზულ ეთიკურ კითხვებს აჩენს.
კაჩინსკიმ მოგვიანებით ეს გამოცდილება ძალიან მტკივნეულად აღწერა. წლების შემდეგ, როდესაც FBI-მ მისი წარსულის შესწავლა დაიწყო, სწორედ ამ ექსპერიმენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მისი ძმა დევიდიც, რომელმაც მოგვიანებით ტედი FBI-სთან დაასმენა, ამბობდა, რომ ექსპერიმენტს შესაძლოა გავლენა ჰქონოდა მის აზროვნებაზე...
ჰარვარდის შემდეგ კაჩინსკიმ სწავლა მიჩიგანის უნივერსიტეტში გააგრძელა და მათემატიკაში დოქტორის ხარისხი მიიღო.
შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, ლექტორად დაიწყო მუშაობა. გარედან მისი ცხოვრება წარმატებული ჩანდა -ახალგაზრდა მეცნიერი, დოქტორის ხარისხით, უნივერსიტეტის პროფესორი.
მაგრამ 1969 წელს, სულ რამდენიმე წლის შემდეგ, მან უცებ სამსახური დატოვა. რატომ?ზუსტი ერთი პასუხი არც აქ არსებობს.
გარემოცვის მოგონებების თანახმად, კაჩინსკი სულ უფრო მეტად აკრიტიკებდა თანამედროვე ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ საზოგადოებას. მისთვის ტექნოლოგიური პროგრესი მხოლოდ კომფორტს არ ნიშნავდა — ის ხედავდა მასში ადამიანის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საფრთხეს. 1970-იან წლებში საბოლოოდ გადაწყვიტა, ცხოვრების რადიკალურად განსხვავებული წესი აერჩია. მონტანაში, ლინკოლნის მახლობლად, პატარა მიწის ნაკვეთი შეიძინა და ძმასთან, დევიდთან, ერთად პატარა ქოხი ააშენა. სახლს ელექტროენერგია და წყალგაყვანილობა არ ჰქონდა. კაჩინსკი ცდილობდა მაქსიმალურად დამოუკიდებლად ეცხოვრა — ნადირობდა, ბოსტანს უვლიდა და ქალაქური ცხოვრებისგან თავს შორს იჭერდა. მაგრამ მისი იზოლაცია ნელ-ნელა მხოლოდ ცხოვრების სტილს აღარ ჰგავდა. ის ადამიანებთან კონტაქტსაც სულ უფრო ერიდებოდა...
კაჩინსკის მთავარი მტერი თანდათან „ტექნოლოგიური საზოგადოება“ გახდა. ის წერდა, რომ თანამედროვე ინდუსტრიული სისტემა ადამიანს თავისუფლებას ართმევდა და ტექნოლოგიური პროგრესი საბოლოოდ ადამიანის კონტროლს გამოიწვევდა. ამ შეხედულებების ნაწილი მოგვიანებით მის ცნობილ მანიფესტში — „ინდუსტრიული საზოგადოება და მისი მომავალი“ — აისახა. თავად იდეები ზოგიერთისთვის ფილოსოფიური ან პოლიტიკური დისკუსიის საგანი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ კაჩინსკიმ გადამწყვეტი ზღვარი გადაკვეთა:მან თავისი შეხედულებების განხორციელების საშუალებად ძალადობა აირჩია.
1978 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის კამპუსთან კაჩინსკის მიერ დატოვებული პირველი ხელნაკეთი ბომბი აღმოაჩინეს. შემდეგ დაიწყო თავდასხმების ხანგრძლივი სერია. სამიზნეები ხშირად იყვნენ უნივერსიტეტებთან, ავიაციასთან, ტექნოლოგიასთან ან ბიზნესთან დაკავშირებული ადამიანები. კაჩინსკი უკიდურესად ფრთხილად მოქმედებდა. ცდილობდა კვალი არ დაეტოვებინა და წლების განმავლობაში სამართალდამცავებს მისი ვინაობის დადგენა უჭირდათ.
FBI-ს მიხედვით, 1978-დან 1995 წლამდე მან 16 ბომბი გაგზავნა ან განათავსა. თავდასხმებმა სამი ადამიანი იმსხვერპლა და თითქმის ორი ათეული დაშავდა.

გამოძიების კოდური სახელწოდება იყო UNABOM — „University and Airline Bombings“. სწორედ აქედან წარმოიშვა მედიის მიერ დამკვიდრებული სახელწოდება „Unabomber“. კაჩინსკი წლების განმავლობაში უცნობი რჩებოდა. მაგრამ 1995 წელს მან FBI-სთან და მედიასთან თავისი ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.
კაჩინსკიმ მოითხოვა, რომ მისი 35 000-სიტყვიანი ტექსტი — „Industrial Society and Its Future“ — გაზეთებს გამოექვეყნებინათ. მას სჯეროდა, რომ ტექსტის გამოქვეყნება მისი იდეების გავრცელებას დაეხმარებოდა. 1995 წელს მანიფესტი გამოქვეყნდა.
და სწორედ ამ ტექსტმა გამოძიებას ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი მისცა. FBI-მ არა მხოლოდ იდეები, არამედ ტექსტის ენობრივი თავისებურებებიც შეისწავლა. მისმა ძმამ, დევიდმა კი, მანიფესტის წაკითხვისას გარკვეული ფრაზები და იდეები თავისი ძმის ძველ წერილებსა და ტექსტებს მიამსგავსა. მიუხედავად იმისა, რომ ის მისი ღვიძლი ძმა იყო და საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, დევიდი მიხვდა, რომ უნდა ემოქმედა და დაესრულებინა ტერორისტული აქტების სერია. მან FBI-ს თავად გადასცა მასალები, რომლებიც ტედის ავტორობას აკავშირებდა მანიფესტთან. ლინგვისტურმა ანალიზმა მნიშვნელოვანი დამთხვევები გამოავლინა.
1996 წლის 3 აპრილს კაჩინსკი მონტანაში, საკუთარ ქოხში დააკავეს.


ეს მისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია. დაკავების შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები მას სხვადასხვა თვალსაზრისით აფასებდნენ. დაცვის მხარე ცდილობდა ფსიქიკური დაავადების საფუძველზე მისი მდგომარეობის ახსნას, მაშინ როდესაც კაჩინსკი თავად წინააღმდეგობას უწევდა იმ სტრატეგიას, რომელიც მის იდეოლოგიურ მოტივებს ფსიქიკურ დაავადებამდე დაიყვანდა.

1998 წელს მან დანაშაული აღიარა და სიკვდილით დასჯის თავიდან ასაცილებლად სამუდამო პატიმრობა მიიღო. 2023 წელს, 81 წლის ასაკში, ციხეში გარდაიცვალა.

კაჩინსკის ცხოვრება დღეს ხშირად გამოიყენება იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანდათანობით დაშორდეს საზოგადოებას და საკუთარი სამყაროს საზღვრებში ჩაიკეტოს. დღემდე მსჯელობენ სპეციალისტები იმაზეც, რამ მიიყვანა ნიჭიერი, მაღალინტელექტუალური ბავშვი ამ მდგომარეობამდე - ოჯახში არსებულმა არაჯანსაღმა გარემომ, უნივერსიტეტის ლექტორის არაეთიკურმა ექსპერიმენტმა, მის თავში მოხარშულმა რადიკალურმა იდეოლოგიამ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა თუ რაიმე უცნობმა ტრავმამ, რომელსაც უკვე ვეღარავინ გაიგებს?
მისი სიცოცხლის დასასრული კი კიდევ ერთხელ აჩენს ყველაზე რთულ კითხვას: რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც იდეა მისთვის ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება?