„გვითხრეს, რომ ორივე ჩვენი ტყუპი შვილი დაიღუპა“ — კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ამერიკის საერთაშორისო ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრის კომისარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ალექსანდრე მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მაღლაფერიძე, რომელმაც ადრეც გაასაჯაროვა თავისი ოჯახის ისტორია და შვილების დაკარგვის გარემოებების გამოძიება მოითხოვა, ამჯერად აცხადებს, რომ 1990 წელს თბილისის სამშობიაროში დაბადებული ტყუპი — გოგონა და ბიჭი, რომლებიც მშობლებს გარდაცვლილებად გამოუცხადეს, ცოცხლები აღმოჩნდნენ.
მისი თქმით, 2025 წლის თებერვალში ოჯახს ჯერ ქალიშვილი დაუკავშირდა, ხუთი დღის შემდეგ კი ვაჟის კვალსაც მიაგნეს. მიუხედავად ამისა, მაღლაფერიძე აცხადებს, რომ შვილებთან ურთიერთობის აღდგენა დღემდე ვერ ხერხდება და ოჯახი მომხდარის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.
მამაკაცი ახალშობილების სავარაუდო გატაცებაზე, მათი დაბადების მონაცემების შეცვლასა და დნმ-ის კვლევის შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს.
გთავაზობთ ალექსანდრე მაღლაფერიძის პოსტს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"1990 წლის 21 მაისს, თბილისში, ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში, ალექსანდრე და დარიკო მაღლაფერიძეების ოჯახში ორი ულამაზესი ტყუპი დაიბადა — ჯერ ბიჭი, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი — გოგონა.
ეს დღე ჩვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო.მაგრამ არ ვიცოდით, რომ სწორედ იმ დღეს ჩვენი ოჯახის ბედი სამუდამოდ შეიცვლებოდა.
ჩვენი გადმოცემით, სწორედ იმ დღეს, ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში, იმ ადამიანების ქმედებების შედეგად, რომლებსაც სრულად ვენდობოდით და რომლებიც ჩვენი ახლო წრის წარმომადგენლები იყვნენ, ჩვენი ორი ახალშობილი ტყუპი მოგვტაცეს და ბავშვები მკვდრებად გამოგვიცხადეს.
ჩვენ, მათმა სრულიად განადგურებულმა მშობლებმა, გავიგეთ, რომ ორივე ჩვენი ტყუპი შვილი დაიღუპა.
ორივე ჩვენი ახალშობილი ტყუპი ბავშვი მოიპარეს.
ორი პატარა ბავშვი, რომლებიც ხელში უნდა გვჭეროდა, გაგვეზარდა და სიყვარულით მათთან ერთად უნდა გვეცხოვრა, მოიპარეს.
ამის ნაცვლად, მხოლოდ სიცარიელე, ტკივილი და ერთი საშინელი წინადადება დაგვიტოვეს:„მათი გადარჩენა ვერ შევძელით“.
რა დაგიშავე, ადამიანო?!
როგორ შეძელით ჩვენი ტყუპი შვილების მშობლებისგან ასეთი ბოროტული გზით წართმევა?!
როგორ შეძელი ჩვენთვის ცოცხალი ბავშვები გარდაცვლილებად გამოგეცხადებინა და შემდეგ წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ცხოვრებით გეცხოვრა და ჩვენთან ისე გაგეგრძელებინა ურთიერთობა, თითქოს არც არაფერი მომხდარა?!
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 1990 წლის 21 მაისს, დაბადებიდან მალევე, ჩვენი ორივე ტყუპი ბავშვი თბილისში, ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლიდან 150 კილომეტრის მოშორებით, ყვარლის რაიონულ სამშობიარო სახლში გადამალეს, მერე დაბადების დღე, თვე და რიცხვები შეუცვალეს და ორივე ბავშვი საქართველოში ორ სხვადასხვა ოჯახში გაყიდეს.
ეს გარემოებები დღემდე ჩვენთვის უკიდურესად მტკივნეულ კითხვებად რჩება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ მათ საფუძვლიანად და ობიექტურად შესწავლასა და გამოძიებას.
მას შემდეგ ოცდათექვსმეტი წელი გავიდა.
ოცდათექვსმეტი წელი, რომლის ყოველი დღე სავსე იყო ჩვენი შვილების დაკარგვით გამოწვეული ტკივილით.
ჩვენ ვცხოვრობდით იმის რწმენით, რომ ჩვენი ორივე პატარა ბავშვი აღარ იყო ცოცხალი.
მაგრამ ღმერთს თავისი გეგმა ჰქონდა.
2025 წლის 18 თებერვალს, დილის 11:30 საათზე სან-ფრანცისკოში, კალიფორნია, აშშ, და იმავე დღეს საღამოს 10:30 საათზე საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ჩვენს ოჯახში ისეთი რამ მოხდა, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერასდროს წარმოვიდგენდით — ჩვენი ერთ-ერთი ტყუპისცალი შვილი ჩვენს სახლში დარეკავდა.
მან ჩემს მეუღლესთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ეძებდა თავის ბიოლოგიურ მშობლებს, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, ვინც ის გაზარდა, არ იყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები.
როდესაც ვიდეოკავშირი ჩავრთეთ...
ოცდათექვსმეტი წლის შემდეგ პირველად ვნახეთ ჩვენი პირველი სიხარული — ჩვენი უკვე ზრდასრული და ულამაზესი ქალიშვილი.
ჩვენს თვალწინ იდგა პატარა ანგელოზი ქალბატონი, რომელიც 1990 წლის 21 მაისს ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლის კედლებიდან მოგვპარეს, მოტყუებით გარდაცვლილად გამოგვიცხადეს და რომელსაც 36 წლის განმავლობაში დაკარგულად და მკვდრად მივიჩნევდით.
ეს იყო ბედნიერებისა და ტკივილის აღუწერელი ნაზავი, რომლის სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია.
ამის შემდეგ, რადგან ერთი ტყუპი უკვე უფლის წყალობით გამოჩნდა და ვიპოვეთ, მაშინვე ჩვენი დაუღალავი ძებნისა და მრავალი უძილო ღამის შემდეგ მეორე ტყუპის კვალსაც მივაგენით აქედან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მანდ, თბილისში, საქართველოში. ჩვენი ტყუპისცალი ქალიშვილის გამოჩენიდან მეხუთე დღეს ჩვენი მეორე ტყუპისცალი შვილი, ვაჟიც, ღმერთის წყალობით ვიპოვეთ.
გაირკვა, რომ ჩვენი ორივე შვილი ცოცხალი იყო.
კიდევ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ტყუპმა და-ძმამ მანამდე ერთმანეთის ვინაობისა და არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ.
ორი ტყუპი, რომლებიც ერთ დღეს, ერთსა და იმავე სამშობიაროში, ერთი და იმავე დედისა და მამისგან დაიბადნენ, 36 წლის განმავლობაში სრულიად განცალკევებულად ცხოვრობდნენ თბილისში და მათი გამზრდელი მშობლები მათ ყველანაირ ინფორმაციას თავიანთი წარმომავლობის შესახებ შეგნებულად უმალავდნენ.
ჩვენ კი მთელი 36 წლის განმავლობაში ვლოცულობდით მათთვის და ყოველდღე უფალს ვთხოვდით ჩვენი ტყუპი შვილების გადარჩენასა და დახმარებას.
მაგრამ ჩვენი ისტორია ამით არ დასრულებულა...
სამწუხაროდ, ჩვენი შვილების პოვნის შემდეგაც კი, ჩვენმა ოჯახმა ჯერჯერობით ვერ იპოვა სიმშვიდე.
განსაკუთრებით სერიოზული კითხვები გაგვიჩნდა ჩვენი შვილის ბიოლოგიური წარმომავლობის დადგენასთან დაკავშირებულ პროცესებთან და დნმ-ის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში ჩვენს შვილს წინასწარ დაგეგმილი განზრახვით, მიზანმიმართულად გაუყალბეს.
ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ — სრულ და ობიექტურ სიმართლეს.
ამიტომ ჩვენ ველოდებით როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამისი ორგანოების მიერ ყველა გარემოების დეტალურად შესწავლას.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ასევე უკვე მიწოდებულია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შესაბამის ინსტიტუტებსა და სხვადასხვა შესაბამის სააგენტოში.
ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეგვიძლია.
ჩვენ დაველოდებით გამოძიებას.
ჩვენ მხოლოდ სიმართლეს ვითხოვთ.
ჩვენ გვინდა ვიცოდეთ:
რა მოხდა სინამდვილეში 1990 წლის 21 მაისის ღამეს ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში?!
როგორ და რის საფუძველზე ჩამოგვაშორეს ჩვენი ახალშობილი ტყუპი შვილები იმ ღამეს ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში და კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ჩვენი ტყუპი შვილების მოპარვის საქმეში?!
ვინ მიიღო გადაწყვეტილება მათი ჩვენგან განშორების შესახებ და რა მიზნით?!
რატომ გამოაცხადეს ჩვენი ცოცხალი ბავშვები გარდაცვლილებად?!
ვინ შეცვალა ჩვენი ტყუპების დაბადებასთან დაკავშირებული მონაცემები და რატომ?!
რის საფუძველზე აღმოჩნდნენ ჩვენი შვილები იმ ადამიანების ოჯახებში, რომლებმაც ისინი იშვილეს, გაზარდეს და დღემდე ინარჩუნებენ სამარისებულ სიჩუმეს?!
და ბოლოს:
რატომ სდუმს საქართველოს ხელისუფლება და რატომ არის, რომ ჩვენ დღემდე ვერ ვახერხებთ ჩვენს შვილებთან ურთიერთობის აღდგენას?!
ჩვენ არ ვეძებთ შურისძიებას.
ჩვენ არ ვცდილობთ შურისძიებას.
ჩვენ არავის ვემუქრებით.
ჩვენ მხოლოდ სიმართლეს ვეძებთ. კანონის ფარგლებში და სამართლებრივი საშუალებებით გვსურს, რომ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება დაგვეხმაროს აღნიშნული საქმის, უკიდურესად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებაში, რომელიც 1990 წლის 21 მაისს მოხდა ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში და ჩვენი ორი ტყუპი შვილის დაბადებიდან მეორე დღესვე ისინი მოიპარა მაშინდელმა იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალმა და ბავშვები ასეთი ბინძური გზით მოიპარეს.
ჩვენ გვინდა ვიცოდეთ სიმართლე ჩვენი შვილების შესახებ — და მხოლოდ სიმართლე.
ოცდათექვსმეტი წლის წინ ჩვენი ორი პატარა ტყუპი ბავშვი წაგვართვეს.
36 წლის განმავლობაში ჩვენ მოკლებულნი ვიყავით შესაძლებლობას, გაგვეზარდა ისინი, გვენახა მათი პირველი ნაბიჯები, გვესმოდა მათი პირველი სიტყვები, აღგვენიშნა მათი პირველი დაბადების დღეები, გაგვეზიარებინა მათი სკოლის წლები, მათი სიხარული და მათი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი წუთები, საათები, დღეები და წლები.
ეს ყველაფერი არასდროს დაგვიბრუნდება.
მაგრამ 36 წლის შემდეგ, ღვთის ნებითა და მისი დახმარებით, ჩვენ მაინც ვიპოვეთ ისინი.
დღეს, ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ ერთი კითხვა რჩება ჩვენს გულებში:
რა დაგიშავე, ადამიანო?!
რატომ წაგვართვი ჩვენი შვილები?!
რატომ დაანგრიეთ მთელი ჩვენი ცხოვრება?! ერთი სიტყვით, რომ ვითომ ისინი გარდაიცვალნენ და მათი გადარჩენა ვერ შეძელით?!
რატომ დააშორეთ ჩვენი ორი უმწეო პატარა ტყუპი საკუთარ დედას და მამას და რატომ ჩაიდინეთ ასეთი უსასტიკესი ბოროტებით სავსე დანაშაული?!
და მერე როგორ შეძელით ამ ყველაფრის შემდეგ ნორმალურად ცხოვრების გაგრძელება?!
ჩვენ ამ კითხვებს შურისძიების სურვილით არ ვსვამთ.
ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ, რადგან გვინდა ვიცოდეთ სიმართლე…
ჩვენთვის სიმართლე აღარ არის მხოლოდ პასუხი.
სიმართლე არის ის, რაც ჩვენს ოჯახს სჭირდება 36 წლის შემდეგ, რათა დადგინდეს ამ ტრაგედიის ყველა გარემოება, პასუხისმგებლობის საკითხი — თუ ასეთი პასუხისმგებლობა არსებობს — გადაწყდეს კანონის შესაბამისად და მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს.
არცერთ დედას აღარასდროს არ უნდა მოუწიოს იმ ტკივილის ატანა, რომელსაც ჩვენ 36 წლის განმავლობაში გულით ვატარებდით.
ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვინდა.
სიმართლე ჩვენი შვილების შესახებ.
სიმართლე ჩვენი ოჯახის შესახებ.
და სიმართლე იმის შესახებ, თუ რა მოხდა 1990 წლის 21 მაისს გვიან ღამით და ვინ გასცა ჩვენი ახალდაბადებული ტყუპი შვილების მოპარვის განკარგულება იმდროინდელი ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლის სამშობიარო ბლოკის კედლებში?!" - წერს ალექსანდრე მაღლაფერიძე.