აქვს თუ არა სკოლას უფლება, დამოუკიდებლად გამოაცხადოს დასვენების დღე - რას ამბობს რეგულაცია - მშობლები

აქვს თუ არა სკოლას უფლება, დამოუკიდებლად გამოაცხადოს დასვენების დღე - რას ამბობს რეგულაცია

2026-10-13 10:38:08+04:00

საჯარო სკოლას სასწავლო კვირის რომელიმე დღის დასვენების დღედ განსაზღვრა შეუძლია, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს და შესაბამისი განმარტებაც წარადგინოს. ამასთან, გაცდენილი სასწავლო დღე აღდგენას ექვემდებარება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. შესაბამისი წესი განსაზღვრავს, როგორ უნდა მოიქცეს სკოლა როგორც გაუთვალისწინებელი მიზეზით სასწავლო დღის გაცდენის, ისე ობიექტური მიზეზით დასვენების დღის განსაზღვრის შემთხვევაში.

კერძოდ, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო სკოლაში სასწავლო დღე ან დღეები გაცდება, სკოლა ვალდებულია, ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდოს და გაცდენილი დღეები აღადგინოს.

რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც სკოლა ობიექტური მიზეზების გამო მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღის დასვენების დღედ განსაზღვრას, ამისთვის სამინისტროსთან შეთანხმებაა საჭირო. სკოლამ ამ შემთხვევაშიც უნდა უზრუნველყოს გაცდენილი დღის აღდგენა.

მაგალითად, თუ ზამთარში სკოლას გათბობის პრობლემა შეექმნა ან გაზის მიწოდება შეუწყდა და საკლასო ოთახებში სათანადო ტემპერატურის შენარჩუნება ვეღარ ხერხდება, სკოლას შეუძლია, ამ მიზეზით სასწავლო პროცესი დროებით შეაჩეროს და განათლების სამინისტროს მიმართოს.

აღნიშნული წესი ეროვნული სასწავლო გეგმის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში 2026 წლის 4 სექტემბრის ცვლილებით ჩამოყალიბდა.

სხვა შემთხვევაში, ოფიციალურად უქმე დღეები წინასწარაა განსაზღვრული და ის ყველა საჯარო სკოლას ეხება.

დეტალურად 2026-2027 სასწავლო წლის აკადემიურ კალენდარს შეგიძლიათ, გაეცნოთ Mshoblebi.ge-ს სტატიაში.

თამარ იაკობაშვილი

2026-2027 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი - რომელ დღეებში დაისვენებენ მოსწავლეები
რამდენი გაცდენის შემდეგ შეიძლება ბავშვი ბაღიდან ამოირიცხოს ან მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდეს - დეტალები
სკოლის გაცდენისა და დაგვიანებების მაჩვენებლით ქართველი მოსწავლეები 88 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე არიან - PISA-ს შედეგები