როგორ უნდა მოვიქცეთ სამართალდამცავის მიერ ქუჩაში გაჩერებისას. კერძოდ, რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ მოქალაქეებს და თავად სამართალდამცავ პირებს - ამ თემაზე ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი გადაცემაში "დილის LIVE" საუბრობს:
- ზოგადად, ეს თემა ყოველთვის აქტუალურია. პირველი კითხვა ის არის, თუ რა უფლებით გვაჩერებს ვინმე და საიდან ვიცით, რომ პოლიციელი გვაჩერებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში სამართალდამცავი უწყებების მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს. ცალსახაა, რომ როდესაც ვინმე გაგაჩერებთ, აუცილებლად უნდა მოსთხოვოთ სამსახურებრივი მოწმობა. ხშირად პოლიციის ფორმიანი პირი, მაისური წარწერით "პოლიცია" ან პოლიციის მანქანიდან გადმოსული პიროვნება ავტომატურად პოლიციელი არ არის, რადგან მსგავსი "შკოდის" მანქანები სხვებსაც ჰყავთ და ფორმებიც შესაძლოა, სხვამაც ჩაიცვას. ამიტომ, სამართალდამცავს აუცილებლად ევალება სამსახურებრივი მოწმობის წარდგენა.
- ესეც შესაძლებელია, რა თქმა უნდა. თუ ვინმეს მიზანი შეცდომაში შეყვანაა, ამასაც გააკეთებს.
- როგორც წესი, სამართალდამცავს ფორმა უნდა ეცვას. თუმცა, თუ მას სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები (მაგალითად, პოლიციის წარწერიანი შავი მაისური), შესაძლოა, გაგაჩეროს. თუ არანაირი წარწერა არ აქვს და ჩვეულებრივი მოქალაქეა, ამის უფლება არ აქვს, რადგან შესაძლოა, მოწმობა საფულეში ან პიჯაკში ჰქონდეს და ამ წუთში თავისუფლად გადაადგილდებოდეს. ამიტომ, გაჩერებისას უნდა არსებობდეს პირობები: ფორმაც უნდა ეცვას და მოწმობაც უნდა წარმოადგინოს.
- სამწუხაროდ, პრაქტიკაში ასე ხდება, რომ მიზეზის გარეშე აჩერებენ. თუმცა, სამართალდამცავს შეჩერებისთვის საფუძველი სჭირდება. არსებობს ზოგადი პრევენციული მიზანი (საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა), მაგრამ კონკრეტულ პირთან მიმართებით კონკრეტული მიზეზიც უნდა არსებობდეს. კანონით გათვალისწინებული მიზეზებია: მაგალითად, ვდგავართ 20 მეტრი რადიუსით სახელმწიფო უწყებებთან (საპატრიარქო, მთავრობა, პარლამენტი), ძებნილ პიროვნებასთან მსგავსება ან კანონსაწინააღმდეგო ნივთის არსებობის ეჭვი. თუ მიზეზი არ არსებობს, შეჩერება უკანონოა.
- თუ კანონიერი საფუძველი და მიზეზი არსებობს, ვალდებულება გვაქვს. თუ თავიდანვე არ ჰქონდა გაჩერების უფლება ან ფორმა არ ეცვა, მაშინ არც ჩვენ გვაქვს პირადობის წარდგენის ვალდებულება. მაგრამ, თუ პირობები დაკმაყოფილებულია და არსებობს კონკრეტული ეჭვი (მაგალითად, ძებნილს ვგავართ), პირადობის წარდგენა მოგვეთხოვება. თუ პირი სრულიად უმიზეზოდ გაგვაჩერებს და არც რაიმე დამამტკიცებელი ნიშანი ექნება, ვალდებულება არ გვაქვს. თუმცა, თუკი დავუშვებთ, რომ პირს რეალურად ძებნილი ადამიანი ეგონეთ და პირადობა არ გაქვთ, მაშინ ფოტოს გადაღება ხდება.
- თუ პირადობის მოწმობა არ გაქვთ, ფოტოს გადაღება ხდება იდენტიფიცირების მიზნით. თუმცა, პირადობის წარდგენის შემთხვევაში ფოტოს გადაღება უკანონოა. ფოტო პირადი ტელეფონით არ უნდა გადაიღონ - ეს სამსახურებრივი ტელეფონით უნდა მოხდეს, რათა ფოტოები პირად სივრცეში არ გავრცელდეს. პრაქტიკაში ეს წესი ხშირად ირღვევა და პირად ტელეფონებს იყენებენ. ფოტოგადაღება აუცილებლად ცალკე ტელეფონით უნდა მოხდეს, რაც 100-დან 99 შემთხვევაში პრაქტიკაში არ ხდება.
- არც ერთი კანონი არ კრძალავს კომუნიკაციის ან პროცესის გადაღებას საკუთარი ტელეფონით. შეგვიძლია, ლაივი ჩავრთოთ, ვიდეო, ფოტოები გადავიღოთ და თუ სამომავლოდ რაიმე საჭიროება დადგება, ობიექტური მტკიცებულება შევქმნათ, ჩვენ ამის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს. მესამე პირსაც (გამვლელსაც) აქვს უფლება, გადაიღოს პროცესი, რათა უკანონობა არ დაფაროს. მოქალაქეობრივი ვალი მგონია, რომ ეს გავაკეთოთ. არაერთი საქმე არსებობს, რომ ადამიანი შეჩერებული ჰყავთ, ასეთ დროს, როგორც წესი, 4-5 სამართალდამცავია და ამ ადამიანმა არ იცის საკუთარი უფლებები. შეიძლება, უთხრან, რომ არ აქვს გადაღების უფლება და ისიც იჯერებს ამას. შესაძლოა, დაემუქრონ, რომ თუ ტელეფონს ამოიღებს, დააკავებენ. ასეთ დროს, როდესაც უკანონობა ხდება, ობიექტური მტკიცებულება ვიღაცამ უნდა შექმნას და ეს ვიღაც ყოველთვის მესამე ადამიანი, საზოგადოების წევრია, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ასეთ ადამიანს დაეხმაროს. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თუნდაც საერთოდ არ იცნობდეს შეჩერებულ პირს, შეუძლია, მობილური ამოიღოს და გადაიღოს. სავარაუდოდ, სამართალდამცავები მასაც ეტყვიან, რომ გაიაროს და არ აქვს გადაღების უფლება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ვხედავთ, რომ მოქალაქეს უკანონოდ ექცევიან, გვაქვს უფლება, მას დავეხმაროთ.
- ესეც ყველაზე ხშირი დარღვევაა, რომელსაც პოლიციელი ადამიანის შეჩერებისას ახორციელებს. პრაქტიკაში ასე ხდება ხოლმე: შეჩერების შემდეგ, ფოტოს უღებენ, შემდგომ უკვე პირადი დათვალიერება ან ჩხრეკა. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც ასეთ დროს ირღვევა ხოლმე. აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ როგორც შეჩერებას სჭირდება საფუძველი, ასევეა ზედაპირული შემოწმებისა და ჩხრეკის შემთხვევაშიც.
ზედაპირული შემოწმება გულისხმობს სხეულის გარედან შეხებას. ჩხრეკას კი სჭირდება დასაბუთებული საფუძველი და სასამართლოს განჩინება ან ორდერი.
შეიძლება, იქვე შეადგინოს ეს დოკუმენტი, მაგრამ ორივე შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ როგორც ჩხრეკის, ისე დათვალიერების დროს, ოქმი აუცილებლად უნდა შედგეს. თუ ოქმი არ შედგება, ესე იგი, ეს უკანონოა.
ხშირად მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია, სთხოვენ, თვითონ ამოაბრუნოს ჯიბეები, გახსნას ჩანთა - ესეც სამართლებრივად ჩხრეკად ითვლება. რა მნიშვნელობა აქვს, პოლიციელი თავად გააკეთებს ამას, თუ მე გავაკეთებ იძულებით, მისი მითითებით? ორივე შემთხვევაში ეს ჩხრეკას გულისხმობს. თუ საფუძველი არ არსებობს, ჩხრეკაც და დათვალიერებაც უკანონოა.
- როგორც წესი, თუ ადამიანი ემორჩილება თუნდაც უკანონო მითითებებს, ეს 8-10 წუთი გრძელდება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, როცა შეხლა-შემოხლა და დაძაბულობაა, პროცესი საათზე მეტხანსაც გრძელდება ხოლმე. კანონმდებლობით, მაქსიმალური ვადა 30 წუთია. ეს სრულწლოვანსაც ეხება და არასრულწლოვანსაც. ამ დროის გასვლის შემდეგ მოქალაქეს უფლება აქვს, წავიდეს.