როდიდან მიიღებენ პენსიონერები გაზრდილ პენსიას და რა პირობით გასცემს სახელმწიფო დევნილ ოჯახებზე 10 000-ლარიან კომპენსაციას - დეტალები - მშობლები

როდიდან მიიღებენ პენსიონერები გაზრდილ პენსიას და რა პირობით გასცემს სახელმწიფო დევნილ ოჯახებზე 10 000-ლარიან კომპენსაციას - დეტალები

2026-10-14 10:52:16+04:00

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური გადაწყვეტილება გამოაცხადა. სიახლე 70 წლამდე პენსიონერებს შეეხება, ასევე ცვლილებები იგეგმება დევნილთა საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილებები ბენეფიციარებისთვის და როგორია კომპენსაციის მიღების პროცედურები - ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გია ცაგარეიშვილი, გადაცემაში "იმედის დღე" საუბრობს:

- პრემიერმა დააანონსა დევნილთა ოჯახების კომპენსირება - თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობით. ზუსტად ვის შეეხება ამ კომპენსაციის მიღების უფლება?

- ეს შეეხება იმ პირებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან ჯერჯერობით არც ბინები მიუღიათ და არც რაიმე სხვა სახის კომპენსაცია. ანუ, ვისაც სარგებელი არ მიუღია, ის დევნილი ოჯახები, მათი სულადობიდან გამომდინარე, ოჯახის თითოეულ წევრზე მიიღებენ 10 000 ლარს. მობრძანების შემდეგ ისინი შეავსებენ შესაბამის განცხადებას და დააფიქსირებენ საკუთარ ინტერესს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად ნებაყოფლობითია და არავინ არავის აძალებს. მსურველებს შეუძლიათ, განცხადება არ შეიტანონ და სხვა დროს დაგეგმილ ალტერნატიულ კომპენსაციებს დაელოდონ. ​

- ვისაც უკვე მიღებული აქვს სარგებელი, მათ არ ეხება? ​

- არა, მათთვის არ იგეგმება. ვისაც უკვე აქვს მიღებული ბინა ან სოფლად სახლის შესაძენად შესაბამისი თანხა (რომელიც ხშირ შემთხვევაში 30 000 ლარს აღემატება), ის პირები ამ კომპენსაციას ვერ მიიღებენ. ამ მიზნით, წლის ბოლომდე, დევნილთა სააგენტოს ბიუჯეტიდან 58 მილიონი ლარი გამოვყავით. მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება და მზად ვიქნებით, უახლოეს დღეებში განცხადებების მიღება დავიწყოთ. პროცესში სრულად ჩაერთვება სააგენტო, მისი რეგიონული დანაყოფები და იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლები. მრავალი ადამიანი გამოეხმაურა ამ ინიციატივას, დაგვიკავშირდნენ და გამოთქვეს სურვილი, თანხა ლიბერთი ბანკის პირად ანგარიშებზე ჩაერიცხოთ.

​- როდესაც ოჯახებზე ვსაუბრობთ, თითოეულ სულზე 10 000 ლარი გაიცემა, მაგრამ ვინ იგულისხმება ამაში? ხშირად დევნილობის გამო გაერთიანებული ოჯახები ცხოვრობენ ერთად - მაგალითად, ბიძაშვილები ოჯახებითა და შვილებით. როგორ ითვლება ეს შემთხვევები? ​

- ჩვენ სრულყოფილი ბაზები გვაქვს და თანხების ჩარიცხვა სწორედ ამ ბაზების მიხედვით, ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად მოხდება. კარგი შეკითხვაა. ბუნებრივია, მკაცრი კონტროლი იქნება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ოჯახების ხელოვნური გაყოფა, რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება იმ მიზნით, რომ სახელმწიფოსგან მეტი სარგებელი მიიღონ. მსგავსი მანიპულაციები კონტროლის შედეგად სრულად აღიკვეთება. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. უკვე რამდენიმე წელია, გაათმაგებული ყურადღებითა და ზედმიწევნით ვამოწმებთ დევნილთა სოციალურ და ქონებრივ მდგომარეობას. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს ბინების განაწილებისასაც. ეს პრაქტიკა ჩვენთვის ახალი არ არის. სიები მრავალჯერ გადავამოწმეთ და გავფილტრეთ. გამოვკვეთეთ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახები და მათ სწორედ ამის მიხედვით ვეხმარებით. ამ ინიციატივით ყველა ბარიერი მოვხსენით და ნებისმიერ დევნილს, ვისაც სარგებელი არ მიუღია, შეუძლია, მიმართოს სააგენტოს. თუმცა, ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს არჩევანი: თუ ახლა ერთჯერად თანხას აიღებს, მომავალში ბინის მიღების მოთხოვნით აღარ ექნება განცხადების გაკეთების უფლება. გვინდა, წლის ბოლომდე დევნილებს რუსთავში 800 ბინა გადავცეთ, 150 ბორჯომში, 1700 ბინა მომავალ გაზაფხულზე ზუგდიდში. ქუთაისში 2 კორპუსის მშენებლობა დავიწყეთ. ბინათმშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ იმისთვის, რომ ის ადამიანები წავახალისოთ, ვისაც არაფერი მიუღია და ბინის მიღების რიგში დიდი ხანია, იმყოფება ან ხანგრძლივად ყოფნა მოუწევს, მათთვის გვინდოდა ამ არჩევანის შეთავაზება. რა თქმა უნდა, მშენებლობები გაგრძელდება.

- როდიდან და რა ვადებშია შესაძლებელი თანხის მიღება? რა დოკუმენტაციაა საჭირო ამისთვის? ​

- ვცდილობთ, ტექნიკური დეტალები უმოკლეს ვადაში მოვაგვაროთ - მათი 90% უკვე გადაჭრილია. სამუშაო კვირიდან გამომდინარე, განცხადებების მიღებას ხუთშაბათს ან პარასკევს დავიწყებთ, შესაძლოა, მაქსიმუმ ორშაბათისთვის, 19 ოქტომბრისთვის გადაიწიოს. ამის შემდეგ ღია ვართ განცხადებების მისაღებად. თითოეული განცხადება დამუშავდება და ჩატარდება მონიტორინგი, რათა ზემოხსენებული რისკები დავაზღვიოთ. ვფიქრობთ, განცხადების შეტანიდან დაახლოებით ერთიდან თვენახევრამდე (45 დღის განმავლობაში) თანხა ბენეფიციარების ანგარიშებზე ჩაირიცხება.

​- 70 წლამდე პენსიონერებს პენსია 45 ლარით ეზრდებათ. როდიდან შევა ეს ცვლილება ძალაში და რა თანხაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი? ​

- სანამ ამას ვიტყოდი, მინდა გამოვეხმაურო დებატებს, სადაც ოპონენტები ამტკიცებდნენ, თითქოს მთავრობას საპენსიო ზრდისთვის სხვა, უფრო დიდი თუ მცირე თანხა ჰქონდა გათვალისწინებული და ჩვენ ეს მხოლოდ საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად დავამატეთ. პროექტი ივლისში შემოდის, შემდეგ იწყება კომიტეტებისა და ფრაქციების მუშაობა, სექტემბერში შენიშვნებით უბრუნდება მთავრობას, კვლავ გადის განხილვებს და საბოლოოდ, დეკემბრის დასაწყისში გადამუშავებულ სახეს იღებს. ეს არის ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესი, სადაც საზოგადოებისა და სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები ისმინება. მსგავსი პრაქტიკაა სხვა ქვეყნებშიც - მაგალითად, აშშ-ში საბიუჯეტო პროცესი მარტში იწყება. ბუნებრივია, ამ მსვლელობისას ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები და დამატებები ხდება. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების ჩართულობით ვიმუშავეთ და მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, პენსია კიდევ 25 ლარით გაგვევლო. შედეგად მივიღეთ 45-ლარიანი მატება, რასაც ჯამში 128 მილიონი ლარი მოჰყვა. ჩვენი ეკონომიკა იზრდება და შემოსავლები მატულობს. ეს ყველაფერი იმ მშვიდობის დამსახურებაა, რომელიც ქვეყანაშია. მიუხედავად ოპონენტების მცდელობებისა, ფაქტი სახეზეა. ეს ცოტა პოლიტიკური განცხადებაა, თუმცა რეალობაა, რომ სწორედ მშვიდობამ მოიტანა შემოსავლების ზრდა. სადაც არ არის მშვიდობა, იმასაც ვხედავთ, იქ რა ხდება.

ბიუჯეტი მზარდია და ის თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის, მათ შორის სტუდიაში მყოფთაც. თუმცა, არსებობენ სოციალური ჯგუფები, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე მეტი ყურადღება სჭირდებათ - ესენი არიან პენსიონერები და დევნილები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დევნილებისთვის წელს 60 მილიონამდე ლარი გამოგვეყო, ხოლო პენსიები შემდეგი წლიდან გაგვეზარდა. ​

- ზუსტად როდიდან დაიწყება პენსიების ზრდა? ​

- პენსია მომავალი წლის იანვრიდან გაიზრდება. ბუნებრივია, იანვრიდან პენსიონერები უკვე გაზრდილ თანხას აიღებენ. ​

ახალშობილის ოჯახი 300 ლარს მიიღებს, სანამ პატარა 4 წლის არ გახდება... ახალდაქორწინებულები - 5000 ლარს... ტყუპის შეძენის შემთხვევაში მშობლებს 10 000 ლარი გადაეცემათ - სოციალური პროგრამები საქართველოში
თუ თქვენი შემოსავალი 2500 ლარამდეა, ბანკიდან იმდენ თანხას ვეღარ ისესხებთ, რამდენიც ახლა შეგიძლიათ: ახალი წესის შედეგს ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ იგრძნობს, როდესაც დიდი თანხა დასჭირდება