მეტასტაზური კიბოს დროს კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ის ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების შენარჩუნებას, დაკარგული ენერგიისა და საკვები ნივთიერებების შევსებას და მკურნალობის პროცესის მხარდაჭერას ემსახურება. რა უნდა გავითვალისწინოთ ყოველდღიური რაციონის დაგეგმვისას, რატომ არის მნიშვნელოვანი ცილებით, ანტიოქსიდანტებითა და ომეგა-3-ით მდიდარი პროდუქტები და რა როლი აქვს საკვების უსაფრთხოებას - ამ საკითხებზე ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს.
- კვების შუქნიშანი ყოველთვის წარმოადგენს გზამკვლევ სიმბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ ის სამფერია, მრავალფეროვან სათქმელს ატარებს. რასაკვირველია, დღეს, როდესაც მეტასტაზურ კიბოზე ვსაუბრობთ, იგივე ფუნქციითა და დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, თქვენ ალბათ ადვილად შეამჩნევთ, რომ დღევანდელ საუბარს ორი მკაფიოდ გამოხატული ნაწილი ექნება. პირველ ნაწილში ტრადიციულად შეგახსენებთ იმ ცოდნის მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაგროვეთ.
ვიცით, რომ მაგალითად, წითელი ხორცი დღეს აღიარებულია ონკოლოგიური რისკის მქონე პროდუქტად. ამ შემთხვევაში ლაპარაკია პოტენციური რისკის მქონე პროდუქტებზე. ანუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცალსახად მითითებული არ არის, მაგრამ ხაზგასმულია, რომ წითელი ხორცის სისტემატურ გამოყენებას შეუძლია ხელი შეუწყოს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. სწორედ ამიტომ, იგი მეორე ჯგუფის პროდუქტთა კატეგორიაში განიხილება თავისი რისკის მიხედვით.
თუმცა, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ მთავარი ბრალდებული, რომელიც ამ ტიპის პროდუქტებში იკვეთება - ეს არის დამუშავებული, გადამუშავებული ანუ პროცესირებული ხორცი (სხვადასხვა სახელით შეიძლება შეგვხვდეს). ძალაში რჩება მთავარი: სწორედ ისინი განეკუთვნებიან პირველი კატეგორიის პროდუქტებს, სადაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მეცნიერულად დადგენილია. მითითებულია, რომ დამუშავებული, გნებავთ გადამუშავებული ხორცის სისტემატური გამოყენება - დიახ, იწვევს ონკოლოგიური რისკის ზრდას.
როგორ მოვიქცეთ, როდესაც მეორე მხრივ ვიცით, რომ ონკოლოგია აუცილებლად მოითხოვს ცილოვან მხარდაჭერას? როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ვიცით, რომ უჯრედებისა და ქსოვილების დაკარგვა ცილოვან შევსებას მოითხოვს? როგორ მოვიქცეთ, თუ გავიაზრებთ, რომ იმუნიტეტს და დაცვით რესურსებს, რომლებიც ორგანიზმს ნებისმიერ დაავადებასთან ურთიერთობაში სჭირდება (და უპირველეს ყოვლისა, ონკოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებისთვის), ცილოვანი შევსება ესაჭიროება? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზოგადად ცილოვან პროდუქტზე უარი ვთქვათ? რასაკვირველია, არა. ცილოვანი პროდუქტი მთავარ არჩევანად რჩება.
ეს არის ზუსტად ის არჩევანი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მიმდინარეობის ნებისმიერ ფაზაშია საყურადღებო თავად დაავადების მართვისთვის, სამკურნალო მეთოდების გამოყენების შემდეგ შედეგების აღმოსაფხვრელად და ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების შესანარჩუნებლად თუ გასაძლიერებლად. თუმცა, ცილოვანი შემადგენლობა მცენარეული და ცხოველური კომპონენტებით უნდა იყოს შევსებული; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ცილების შეხამებაზე ჯანსაღ ცხიმებთან და უპირველეს ყოვლისა, ანთების საწინააღმდეგო, მკვეთრად გამოხატული ეფექტის მქონე ომეგა-3-ის ჩართულობაზე.
ნებისმიერ კვების მოდელში თუ დიეტაში, რომელიც გამიზნულია ონკორისკის შესამცირებლად და მისი უკეთესი მართვისთვის, აღმოაჩენთ, რომ ყურადღება სწორედ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებზეა გამახვილებული, მათ შორის ომეგა-3-ის ჩართულობით. ამასთან, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებში ნაგულისხმებია საკვები პროდუქტების ყველა ჯგუფი: ბოსტნეული, ხილი, თხილეული, მარცვლეული, ბურღულეული, ასევე თავად ცხიმები და ცხოველური წარმოშობის ცილები.
აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტების გათვალისწინება ყოველდღიურ კვებაში - ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებთან შეხამებით და მათი ეფექტის გამოყენებით, როდესაც ვლაპარაკობთ "ცისარტყელაზე" (პროდუქტების ეგრეთ წოდებულ მრავალფეროვნებაზე) და ამ მრავალფეროვნების მიღმა არსებულ საკვებ ნივთიერებებზე. ეს ყველაფერი თავს იყრის იმ თეფშზე, სადაც სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, ხუთი ფერის პროდუქტია თავმოყრილი.
დიახ, მეტასტაზური კიბო განსაკუთრებული მდგომარეობაა, როდესაც არა უბრალოდ ონკოლოგიაზე, არამედ მრავალი კერის ჩართულობაზე ვსაუბრობთ. სწორედ ყველა ჯგუფის პროდუქტის გამოყენებას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსები არ დაზიანდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკვები პროდუქტების აუცილებელ განაწილებაზე ვსაუბრობთ.
შემდეგი საფეხური, ყოველთვის, როდესაც კვების თეფშსა და მოდელზე ვლაპარაკობთ, არის ორგანიზმის ზოგადი რესურსები, სარეგულაციო მექანიზმები და ხილული თუ უხილავი წონასწორობის შენარჩუნების უნარი. აი, ასეთ შემთხვევაში ნაწლავის როლი უზარმაზარია - მის შიგნით მთელი მიკროხილული და უხილავი სამყაროა. მაგრამ თუ ნაწლავის წონასწორობაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ რომელი კვების მოდელი უზრუნველყოფს ორგანიზმში დაცვითი ძალებისა და ნაწლავის წონასწორობას. ასეთ შემთხვევაში ვიხსენებთ ახალ ამერიკულ თეფშს, რომელსაც საფუძველი ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა ჩაუყარა.
იქ ნათქვამია, რომ დღიური რაციონის არაუმეტეს ერთი მესამედი უნდა იყოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხოლო არანაკლებ ორი მესამედი - მცენარეული წარმოშობის პროდუქტები. ასე მივდივართ იმ უხილავ სამყაროსთან, რომელსაც ნაწლავის მიკროფლორა ჰქვია, და საბოლოო ჯამში ვუახლოვდებით წონასწორობას, რომელიც ადამიანის არა მხოლოდ საკვებთან ურთიერთობას, არამედ სასიცოცხლო რესურსებსაც განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ დავუბრუნდე მეტასტაზური კიბოს განმარტებას. დიახ, ეს არის პროცესი, რომელიც არალოკალურია და მთელ ორგანიზმშია გაშლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი სიმსივნური დაავადებით მეტად არის დაზარალებული.
მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მეტასტაზური დაავადება, როგორც წესი, ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა ონკოდიაგნოზთან გამკლავების ბრძოლაში.
მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმის ადაპტაცია სხვადასხვა სამკურნალო საშუალებასთან, როდესაც იგი ძალიან ბევრ რესურსს კარგავს. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი:
პირველი - ორგანიზმის წონის დაკარგვა, რომელიც ხშირად თვალშისაცემია, და ასეთ დროს წონის კონტროლი ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსების აღდგენასთან ერთადაა გასათვალისწინებელი.
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გულისრევა, ღებინება, დიარეა, როგორც დაავადების, ისე მკურნალობის შემადგენელი ნაწილი, სადაც წყლისა და საკვები ნივთიერებების დანაკარგის დამატებითი შევსებაა საჭირო.
მესამე, რომელიც კვებასთან მიმართებაში არ უნდა დაგვავიწყდეს, არის საკვების უსაფრთხოება. არ უნდა შევქმნათ დამატებითი რისკები ძირითად დაავადებასთან ერთად და არ უნდა გავაჩინოთ საკვებით გამოწვეული პრობლემები, რომლებიც ისედაც გართულებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
მივცეთ თუ არა ყოველთვის მცენარეული ბოჭკო მიუხედავად იმისა, რომ ამით ჩვენი კვებითი შუქნიშანი ძალიან მდიდარია? არა, ეს დასაბუთებული უნდა იყოს, იმიტომ, რომ არსებობს მდგომარეობები, როდესაც პირიქით, მცენარეული ბოჭკოს კონტროლი გვჭირდება. თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი საკვები ჯგუფის შეხამება ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ის აღდგენის რესურსსა და დაავადებასთან გამკლავების შესაძლებლობას გულისხმობდეს. ასეთ დროს ცილის სწორი შერჩევა, ენერგიით სწორი უზრუნველყოფა და რაც მთავარია, უსაფრთხოება ადამიანის გუნებ-განწყობასთან და სიყვარულის თანმხლებ გარემოსთან ერთად წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა.