ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური დინასტიის, კენედების ოჯახის წარმომადგენელი კონორ კენედი ბრაზილიელ მომღერალ ჯულია ბეზე დაქორწინდა. სამდღიანი საქორწილო ზეიმი რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა და ნამდვილ სანახაობად იქცა. ხუთი განსაკუთრებული საქორწილო კაბა, ჯვრისწერა ისტორიულ ტაძარში, ცნობილი სტუმრები, სამბას მოცეკვავეები და ბრაზილიური კარნავალი — წყვილმა გადაწყვიტა, ამერიკული ოჯახური ტრადიციები ბრაზილიურ კულტურასთან გაეერთიანებინა.
კონორ კენედი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმის, რობერტ კენედის შვილიშვილია. მისი მამა რობერტ ფრენსის კენედი უმცროსია.

როდესაც ბრაზილიელმა პოპვარსკვლავმა ჯულია ბემ კონორ კენედის ფოტო პირველად ნახა, მაშინვე გაიფიქრა: „ვაუ, რა საყვარელია!“ — ამის შესახებ მომღერალმა ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში ისაუბრა.
წყვილი ერთმანეთს 2021 წელს კონორის დამ, კირამ გააცნო. ახალგაზრდებს შორის მალე რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო, რომელიც წლების შემდეგ ქორწინებით დასრულდა.
27 წლის ჯულიამ და კონორმა ქორწილის გამართვა პატარძლის სამშობლოში, ბრაზილიაში გადაწყვიტეს. მათ სურდათ, დღესასწაული ორივე ოჯახის ტრადიციებსა და კულტურას ასახავდა.

საქორწილო ზეიმი სტუმრების მისასალმებელი წვეულებით დაიწყო. საღამოს განსაკუთრებული განწყობა სამბას ცნობილმა სკოლამ შექმნა.
„ეს შესანიშნავი საშუალება იყო, რომ რიოში ყველასთვის განსაკუთრებული დახვედრა მოგვეწყო“, — იხსენებს ჯულია.

მეორე დღეს წყვილმა სტუმრები იპანემას სანაპიროზე პლაჟის ფრენბურთის ტურნირზე მიიწვია. ეს კენედების ოჯახური ტრადიციის ბრაზილიური ინტერპრეტაცია იყო.
„კონორის ოჯახში ქორწილების დროს სპორტული შეჯიბრებების გამართვა მიღებულია. რადგან რიოში ვიყავით, პლაჟის ფრენბურთი ყველაზე ბუნებრივი არჩევანი აღმოჩნდა“, — განმარტა პატარძალმა.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში წყვილმა რელიგიური ცერემონია ქრისტეს ცნობილი ქანდაკების მახლობლად, ღვთისმშობლის სახელობის სამლოცველოშიც გამართა.
„იქ ყოფნა, რიოს ხედებით ტკბობა და ამ ყველაფრის ჩვენს ოჯახებთან ერთად განცდა ერთ-ერთი ისეთი მომენტია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება“, — აღნიშნა ჯულიამ.
მთავარი საქორწილო ცერემონია კი რიო-დე-ჟანეიროს ისტორიულ ტაძარში, Nossa Senhora do Carmo da Antiga Sé-ში გაიმართა.

წყვილმა ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანდასწრებით საქორწილო აღთქმა დადო. ტაძრის მდიდრული ინტერიერი, მოოქრული დეკორაციები და საკურთხევლის თავზე შესრულებული ფრესკები ცერემონიას განსაკუთრებულ საზეიმო ელფერს სძენდა.
ჯვრისწერის შემდეგ სტუმრებმა ზეიმი სასახლის ბაღში გააგრძელეს. აქ მათ დახვდათ სადღესასწაულო ბანკეტი, კოქტეილები, ფოტოკაბინა, ტაროს კარტით მკითხავი და საცეკვაო მოედანი, რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრებით იყო სავსე.

ქორწილს ესწრებოდა სიძის მამა, 72 წლის რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი, მეუღლესთან, მსახიობ შერილ ჰაინსთან ერთად.
ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდნენ რობერტ კენედის შვილები წინა ქორწინებებიდან და მისი შვილიშვილები.
ჯულიას თქმით, მხოლოდ კონორის ნათესავების რაოდენობა დაახლოებით 150 ადამიანს შეადგენდა. მომღერლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკაში მცხოვრებ დიდ ოჯახს ბრაზილიაში ერთად შეკრების შესაძლებლობა მიეცა.
„ვფიქრობ, ბრაზილია ქორწილის გასამართად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვაწყოთ დღესასწაული, მთელი გულით ვერთვებით მასში და ჩვენი წვეულებები საღამოს ათ საათზე არ მთავრდება. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდოდა, ეს ყველასთვის მეჩვენებინა“, — ამბობდა პატარძალი.

ქორწილის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დეტალი ჯულია ბეს ხუთი განსხვავებული კაბა გახდა. თითოეული მათგანი სპეციალურად კონკრეტული ღონისძიებისთვის შეიქმნა.
პირველი, მისასალმებელი წვეულებისთვის განკუთვნილი კაბა, ესპანურმა მოდის სახლმა YolanCris-მა შეკერა. ჯულიამ ბრენდის ნამუშევრები პირველად Pinterest-ზე ნახა და მაშინვე მოიხიბლა.
„სანამ მათ პირად შეტყობინებას მივწერდი, თავად შემომთავაზეს ჩემთვის ინდივიდუალური სამოსის შექმნა“, — იხსენებს მომღერალი.

მეორე კაბა ბრაზილიურმა ბრენდმა PatBo-მ შექმნა, რომლის დამფუძნებელი პატრისია ბონალდი ჯულიას დიდი ხნის მეგობარია.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საკუთარ ქორწილში ბრაზილიელი დიზაინერის სამოსი მცმოდა“, — განმარტა პატარძალმა.
ქრისტეს ქანდაკებასთან გამართული ცერემონიისთვის ჯულიამ Calvin Klein აირჩია — ბრენდი, რომელთანაც უკვე სამი წელია თანამშრომლობს.
დიზაინერებმა მას დაახლოებით 20 ესკიზი შესთავაზეს. საბოლოოდ არჩევანი მინიმალისტურ, დახვეწილ სილუეტზე შეაჩერა, რომელსაც გამჭვირვალე ხელთათმანები შეუხამა.

„საბოლოოდ მივიღეთ კაბა, რომელიც დროს არ ექვემდებარება და ამავდროულად საჭირო დოზით დრამატულიცაა“, — აღნიშნა ჯულიამ.
ეს სტილი კაროლინ ბესეტ-კენედის დახვეწილ ელეგანტურობასაც მოგაგონებდათ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიისთვის პატარძალმა ბრიტანელ დიზაინერ ჰარის რიდს მიმართა.
„პირადი შეტყობინება მივწერე და პასუხს საერთოდ არ ველოდი. მან კი ათ წუთში მიპასუხა“, — იხსენებს ჯულია.

კაბაზე მუშაობა დაახლოებით რვა თვე გაგრძელდა. ამ პერიოდში მომღერალი ლონდონში ხუთჯერ ან ექვსჯერ ჩავიდა, რათა დიზაინერთან ერთად ყველა დეტალი შეეთანხმებინა.
სამოსის შესაქმნელად გამოიყენეს ისტორიული ფრანგული მწარმოებლის, Solstiss-ის მაქმანები.
„თავიდანვე ვიცოდი, რომ გრძელი სახელოები და მაღალი საყელო მინდოდა. სახელოების დიზაინი ერთად შევარჩიეთ. შთაგონება 70-იანი წლების რომანტიზმიდან და ნაწილობრივ „ვარსკვლავური ომების“ პადმეს კოსტიუმებიდან მივიღეთ. საბოლოო შედეგმა ჩემს ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, — განუცხადა ჯულიამ Vogue-ს.
ქორწილის დასკვნითი წვეულებისთვის პატარძალმა კვლავ ჰარის რიდის შექმნილი სამოსი შეარჩია, თუმცა ამჯერად უფრო თავისუფალი და საცეკვაოდ მოსახერხებელი — ფოჩებით გაფორმებული.

ქორწილის დასრულების შემდეგ ახალდაქორწინებულებმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვინც ბრაზილიაში ჩავიდა და მათთვის მნიშვნელოვანი დღეები გაიზიარა.
„ეს დედამიწაზე საუკეთესო ქალაქია და ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე განსაკუთრებული შაბათ-კვირა იყო!“ — აღნიშნეს კონორმა და ჯულიამ.

