18 წლის მსახიობი, ფოტინე ჩილაჩავა, პოპულარულ მინისერიალში "არასქროლო" მონაწილეობს და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ახალგაზრდა მსახიობის მიზანი საქართველოში წარმატების მიღწევა, თეატრსა და კინოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და იმ სტერეოტიპის დამსხვრევაა, თითქოს წარმატებისთვის აუცილებელია უცხოეთში წასვლა.
იგი ჩვენთან ინტერვიუში პროექტის მთავარ სათქმელზე, ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ფოტინე გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს ტოქსიკურ ურთიერთობებზე, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებასა და პოპულარობის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
- ბავშვობაში კითხვაზე - "რა გინდა გამოხვიდე?" - ჩემი პასუხი მხოლოდ "მსახიობი" არასოდეს ყოფილა. მინდოდა ვყოფილიყავი ყველაფერი - ბალერინა, გამომძიებელი, ექიმი, მასწავლებელი... წლების შემდეგ მივხვდი, რომ ერთი ცხოვრება ყველა პროფესიისთვის არ მეყოფოდა და გადავწყვიტე მსახიობობა - პროფესია, რომელიც გაძლევს შანსს, ბევრი განსხვავებული ცხოვრებით იცხოვრო.
თეატრსა და კინოს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. პატარაობიდან თეატრალურ სამყაროში ვარ და მთელი ამ დროის განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებისკენ რეალური ნაბიჯები გადამედგა.
- დამირეკეს ქასთინგთან დაკავშირებით და მითხრეს, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" გუნდი სოციალური ქსელებისთვის ახალ მინისერიალს იღებდა.
თავიდანვე მქონდა მოლოდინი, რომ განსხვავებული და საინტერესო პროექტი იქნებოდა, რადგან საქართველოში მსგავსი ფორმატის სერიალი არ ყოფილა. ამასთან, ვიცოდი, რა გამოცდილების გუნდი იდგა პროექტის უკან და მჯეროდა, რომ კარგი შედეგი ექნებოდა.
არ შევმცდარვარ - მეტიც, "არასქროლომ" ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა.
- ჩემი აზრით, სერიალში წამოჭრილი თემები მხოლოდ ახალგაზრდა თაობას არ ეხება. თაობებს შორის გაუგებრობა, სოციალური ქსელები და გაჯეტები, ტოქსიკური ურთიერთობები, უმუშევრობა - ეს პრობლემები რეალურად არსებობს და სხვადასხვა ასაკის ადამიანისთვის სხვადასხვა ფორმითაა ნაცნობი.
ხშირად პრობლემები იმდენად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, რომ მათ ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ. ამიტომ ვფიქრობ, კარგია, როცა ეკრანზე ვხედავთ მსგავს სიტუაციებს - ზოგჯერ სხვის ისტორიაში უფრო მარტივად ამოიცნობ იმას, რასაც საკუთარ ცხოვრებაში ყურადღებას არ აქცევ.
- ძალიან საინტერესოა, რომ სხვადასხვა თაობას სხვადასხვა თემა ხვდება გულთან ახლოს. ჩემი თაობის მაყურებელში, ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით საინტერესოა მარიამის მიზნისკენ სწრაფვა - რა გზას გაივლის, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და რა წინააღმდეგობებს შეხვდება ამ გზაზე. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზიც, რატომ პოულობს სხვადასხვა მაყურებელი სერიალში თავისთვის განსხვავებულ თემას.
- ალბათ, ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც აქტუალურია. ჩემ გარშემოც მსმენია მსგავსი შემთხვევების შესახებ - მათ შორის, სოციალური ქსელების გამო, მაგალითად, ფოტოს ან ვიდეოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, ურთიერთობაში კომპრომისი აუცილებელია, მაგრამ კომპრომისი არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს უკარნახოს, რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს ან რაზე თქვას უარი.
- ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი გამოუცდელობაც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში ზოგჯერ რთულია გაავლო ზღვარი კომპრომისსა და საკუთარი სურვილების მუდმივად დათმობას შორის.
ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ კონკრეტულად მარიამს შევეხებით, მის შემთხვევაში პარტნიორი უკვე მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჯანსაღ ურთიერთობაში კი ადამიანი შენს მიზნებში ხელს უნდა გიწყობდეს და არა პირიქით.
- ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა პარტნიორის საკუთარ თავზე და საკუთარ მიზნებზე მაღლა დაყენება.
ახალგაზრდა ასაკში ჯერ საკუთარი პიროვნება უნდა ჩამოაყალიბო, გაიგო, ვინ ხარ, რა გინდა ცხოვრებისგან და რა მიზნები გაქვს. თუ ამ ეტაპზე საკუთარ თავსა და შენს მიზნებზე წინ მუდმივად სხვა ადამიანს დააყენებ, შეიძლება, ბევრი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ჩემთვის კარგი ურთიერთობა სწორედ ისაა, სადაც ერთმანეთის განვითარებას ხელს კი არ უშლით, პირიქით - ხელს უწყობთ.
- ადრე TikTok-ს ძირითადად გასართობ პლატფორმად აღიქვამდნენ, დღეს კი ვფიქრობ, მისი ძალიან ჭკვიანურად და სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება.
მაგალითად, მე მაქვს ჩემი ხელნაკეთი ნაქსოვი ნივთების გვერდი - "ფოტინე ჩერია". TikTok-ის დახმარებით შევძელი ჩემი ნამუშევრების ბევრი ადამიანისთვის ჩვენება, საკმაოდ დიდი კოლექციის შექმნა და ნელ-ნელა მისი ბრენდად ჩამოყალიბება.
TikTok-მა სხვა შესაძლებლობებიც მომცა - აუდიტორია, ახალი ადამიანები, თანამშრომლობები და შესაძლებლობა, რომ ჩემი საქმიანობა უფრო მეტ ადამიანს გავაცნო.
თუმცა უარყოფითი მხარეც აქვს: ძალიან მარტივია დამოკიდებული გახდე მუდმივ სქროლვაზე. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, პლატფორმა მე გამოვიყენო და არა პლატფორმამ - მე.
- ჩემი მთავარი მიზანია, საქართველოში მივაღწიო წარმატებას სამსახიობო სფეროში. და აქ მხოლოდ კინოს არ ვგულისხმობ - ჩემი გზა თეატრიდან დაიწყო და მინდა თეატრი ყოველთვის ჩემი პროფესიული ცხოვრების ნაწილი იყოს.
ძალიან მინდა, ჩემი მაგალითითაც დავანგრიო სტერეოტიპი - "საქართველოში მსახიობობა არ ღირს, წარმატებისთვის სხვა ქვეყანაში უნდა წახვიდე".
საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მსახიობი გვყავს. სტერეოტიპებსაც ხშირად ჩვენ თვითონ ვქმნით და ვფიქრობ, თუ ყველა საკუთარ შესაძლებლობებს მხოლოდ საზღვარგარეთ წაიღებს, აქ არაფერი შეიცვლება.
მინდა, ჩემი შესაძლებლობები პირველ რიგში ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო, აქ შევქმნა საინტერესო როლები და ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მსახიობის პროფესია საქართველოში კიდევ უფრო დაფასებული გახდეს.