ავსტრალიელი მოდელისა და საცურაო კოსტიუმების დიზაინერის, საჰარა რეის, გარდაცვალების შესახებ ცნობა მისმა ოჯახმა გავრცელა.
"ის გასულ ღამეს, საავადმყოფოში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. იგი ყველას ძალიან უყვარდა", - ციტირებს ახლობლების სიტყვებს გამოცემა TMZ.
გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საჰარა კვირას, 18 ოქტომბერს, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. მათთვის, ვინც მის ცხოვრებას სოციალურ ქსელებში თვალს ადევნებდა, ეს ამბავი ნამდვილ შოკად იქცა. ჯერ კიდევ იანვარში საჰარა დედა გახდა - მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც სნოუ დაარქვა. ბოლო თვეებში იგი ბედნიერად გამოიყურებოდა და ამბობდა, რომ მშობიარობის შემდეგ ძალების აღდგენას ცდილობდა.



საჰარა რეი ავსტრალიაში დაიბადა, თუმცა ბავშვობა კალიფორნიასა და ჰავაიზე გაატარა. მამამისი ლეგენდარული სერფერი, ტონი რეია. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გოგონა მზის, ოკეანისა და სპორტულ ატმოსფეროში გაიზარდა.
"ყოველ ზამთარს სამ თვეს ჰავაის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მამასთან ერთად ვატარებდი. იგი პროფესიონალი სერფერი იყო, ამიტომ მასთან ერთად მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობდი, სანამ იგი შეჯიბრებებში მონაწილეობდა", - იხსენებდა იგი GQ-სთან ინტერვიუში.
საჰარას სამოდელო კარიერა 2010-იანი წლების შუა პერიოდში სწრაფად განვითარდა. მან სოციალურ ქსელებში უზარმაზარი აუდიტორია შემოიკრიბა, 2014 წელს კი საცურაო კოსტიუმების საკუთარი ბრენდი, Sahara Ray Swim დააფუძნა. სწორედ მაშინ დაიწყეს მისი ცნობა არა მხოლოდ ბიკინის ფოტოებით, არამედ როგორც მეწარმის.

თუმცა ნამდვილი აღიარება - ან, უფრო ზუსტად, ტაბლოიდების ყურადღება მას 2016 წელს ეწვია. მაშინ პაპარაცებმა საჰარა ჰავაიზე, ჯასტინ ბიბერთან ერთად დააფიქსირეს. ისინი ერთად ისვენებდნენ, მათი ერთობლივი ცურვის ფოტოები კი ყველა გამოცემამ აიტაცა. რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა სწორედ ამ რამდენიმე კვირამ გახადა მისი სახელი ცნობილი მოდის სამყაროს მიღმაც. ბიბერამდე საჰარას ურთიერთობას ავსტრალიელ მომღერალ კოდი სიმპსონსაც მიაწერდნენ. საინტერესოა, რომ საჰარას ჯასტინთან რომანი ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია. მიუხედავად ამისა, მომღერლის პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ იმ მომენტიდან მოყოლებული ყველა მედია მას მხოლოდ "ბიბერის ყოფილ შეყვარებულად" მოიხსენიებდა.
შემდეგ კი ტრაგედია მოხდა. 2024 წლის აპრილში საჰარას ნასვამი მძღოლი დაეჯახა. ავტომობილი დაახლოებით 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მიღებული ტრავმების გამო მისი სხეული შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა, რამაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაააქტიურა. მალევე მას გიენ-ბარეს სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის იშვიათი აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა საკუთარ ნერვებს უტევს.
"ახლა ბარძაყის ზედა ნაწილიდან ტერფებამდე პარალიზებული ვარ. სიარული საერთოდ არ შემიძლია", - ამბობდა იგი მაშინ TikTok-ის ვიდეოში.
საჰარა აღიარებდა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირდა. "ამასთან გამკლავება მართლაც რთულია. ვცდილობდი განწყობა შეენარჩუნებინა და მქონოდა იმედი, რომ მგრძნობელობა დაბრუნდებოდა, თუმცა ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის".


მაგრამ მან ეს გადალახა. მომდევნო თვეებში საჰარამ სიარული ხელახლა დაიწყო. 2025 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ ბავშვს ელოდებოდა, 2026 წლის იანვარში კი ქალიშვილი, სნოუ გააჩინა. აპრილში მან პატარასთან ერთად პირველი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: "Baby snow hallelujah".

საჰარა შვილის მამის ვინაობას საიდუმლოდ ინახავდა და, როგორც ცნობილია, ოფიციალურად არც დაქორწინებულა. თუმცა სნოუს მამა მათ ცხოვრებაში მონაწილეობდა - მედიის ცნობით, გოგონასთან გადაღებულ ფოტოებზე მამაკაცის ტატუირებული ხელები რეგულარულად ჩანდა.
საჰარას გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი პირადი სივრცის პატივისცემას ითხოვს, ხოლო სამოდელო სფეროდან კოლეგები და მეგობრები სოციალურ ქსელებში ემოციურ სამძიმრის წერილებს ტოვებენ.