რა კავშირშია სიმსუქნე სიმსივნის განვითარებასთან და როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი - სპეციალისტი ვრცლად საუბრობს - მშობლები

რა კავშირშია სიმსუქნე სიმსივნის განვითარებასთან და როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი - "თუ მუცლის გარშემოწერილობა 88 სანტიმეტრზე მეტია, თქვენი ცხიმოვანი ქსოვილი მაღალი მეტაბოლური აქტივობით ხასიათდება"

2026-10-22 11:33:21+04:00

რომელ დაავადებებს იწვევს სიმსუქნე და როგორ გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი, რა კავშირი აქვს ჭარბ წონას სხვადასხვა ტიპის სიმსივნის განვითარებასთან და რამდენად დიდია გენეტიკის როლი - აქტუალურ თემაზე ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი ნათია რომაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- თავდაპირველად ვიტყვი, რა არის სიმსუქნე: ჩვენთვის ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ის ქრონიკული და მორეციდივე დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანმა შესაძლოა, მოიმატოს წონა, შემდეგ მოხდეს ამ წონის უკუგანვითარება, სამომავლოდ კი ისევ მოიმატოს. ეს არის მორეციდივე და პროგრესირებადი დაავადება. უკვე აღვნიშნეთ, რომ მას კავშირი აქვს ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ. ბოლო დროს კი აქტუალურია მისი, როგორც სიმსივნეებთან ერთ-ერთი რისკ-ფაქტორის განხილვაც.

- მორეციდივე აღნიშნეთ და რას გულისხმობს ეს? ანუ, ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც თუ შემექმნა პრობლემა და ვთქვათ, დავდექი იმ სირთულის წინაშე, რომ მაქვს ჭარბი წონა, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ ეს პრობლემა კვლავ დაუბრუნდეს ჩემს ცხოვრებას?

- დიახ, თუკი სიმსუქნის დიაგნოზი გვაქვს, პაციენტმა შესაძლოა, დაიკლოს წონაში, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ წონას არ მივხედეთ მედიკამენტურად, ცხოვრების წესის მოდიფიკაციით ან ფიზიკური აქტივობით, სამომავლოდ შესაძლებელია წონის ხელახალი მატება. სწორედ ამიტომ არის ეს დაავადება ქრონიკული და შესაბამისად - მორეციდივე.

- რომ დავუბრუნდეთ კვლავ კავშირს ისეთ ვერაგ დაავადებასთან, როგორიცაა სიმსივნე - რა კავშირში შეიძლება იყოს ჭარბი წონა სიმსივნის განვითარების რისკთან?

- ბოლო დროს ნამდვილად ჩატარდა კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ სიმსუქნეს ნამდვილად აქვს კავშირი სიმსივნეების ზოგიერთი ტიპის განვითარებასთან. სულ მცირე, 13 სხვადასხვა ტიპის სიმსივნე აღმოჩნდა დაკავშირებული მასთან. მათ შორის არის პანკრეასის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, საშვილოსნოს და ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბო. თითქმის მთელ ორგანიზმსა და ორგანოთა სისტემას მოიცავს სიმსუქნე.

- რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში, მაშინ, როდესაც ადამიანი უჩივის ჭარბ წონას და რატომ დგება ის იმ საფრთხის წინაშე, რომ შესაძლოა მას ისეთი ვერაგი დაავადება განუვითარდეს, როგორიცაა კიბო?

- არაერთი მექანიზმია შესწავლილი. ერთ-ერთი არის ინსულინრეზისტენტობა და ჰიპერინსულინემია, რაც ჩვენთვის ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც პანკრეასის ბეტა-უჯრედებში გამომუშავდება და ჩვენს ორგანიზმში გლუკოზის დონის რეგულირებას იწვევს - ანუ გლუკოზა სისხლძარღვებიდან ქსოვილებში გადააქვს. თუმცა, როდესაც ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი ვითარდება, ყალიბდება ინსულინრეზისტენტობა და წარმოიქმნება ჭარბი რაოდენობით ინსულინი. გარდა იმისა, რომ ამდენ ინსულინს გლუკოზის რეგულირება აღარ შეუძლია, ის ანაბოლური ჰორმონია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში შესაძლებელია გამოიწვიოს სიმსივნური უჯრედების პროლიფერაცია და განვითარება, ხელი შეუწყოს სიმსივნური უჯრედების პროცესებს და სამომავლოდ სიმსივნური დაავადებები განავითაროს. ეს ერთ-ერთი მექანიზმია.

გარდა ამისა, როდესაც ორგანიზმში ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილია, ეს ქრონიკულ ანთებით პროცესს - დაბალი ინტენსივობის ქრონიკულ ანთებას ნიშნავს. ეს განსხვავდება მწვავე ანთებებისგან, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც დამცველობითი რეაქცია. დაბალი ინტენსივობის ქრონიკულ ანთებას შეუძლია წარმოქმნას ისეთი ნივთიერებები - ციტოკინები, რომლებმაც სამომავლოდ შესაძლოა, ხელი შეუწყონ სიმსივნური უჯრედების პროლიფერაციული პროცესების განვითარებას.

ასევე შესწავლილია ჰორმონალური ბალანსის დისბალანსის შემთხვევებიც: ესტროგენების ჭარბი რაოდენობით წარმოქმნისას სიმსივნური პროცესების განვითარების მაღალი რისკია. აქვე ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც საკვერცხეებში საკმარისი რაოდენობით ესტროგენები აღარ წარმოიქმნება, ამ ფუნქციას ცხიმოვანი ქსოვილი ითვისებს. რაც უფრო ჭარბი გვაქვს ცხიმოვანი ქსოვილი, ესტროგენების რაოდენობა შესაბამისად მეტია. სამომავლოდ ესტროგენების სიჭარბე ხშირად ასოცირდება ჰორმონდამოკიდებულ სარძევე ჯირკვლისა თუ საშვილოსნოს სიმსივნესთან.

- როგორც წესი, სხეულის მასის ინდექსი (BMI) ძალიან მნიშვნელოვანია, დავიცვათ, გავითვალისწინოთ და გავაკონტროლოთ. რამდენად ზუსტად ასახავს იგი ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეგვიძლია თუ არა მას მივენდოთ?

- BMI დღესაც აქტუალურია და სიმსუქნის დიაგნოსტიკის პირველ მეთოდად ვიყენებთ მას. მისი გამოთვლა ალბათ უკვე ყველამ იცის: შეგვიძლია ინტერნეტში ვნახოთ სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა, მივუთითოთ ჩვენი სიმაღლე და წონა. თუ ის 25-დან 29.9-მდეა, ეს ნიშნავს, რომ ჭარბი წონა გვაქვს; თუ 30-დან 34.9-მდეა - პირველი ხარისხის სიმსუქნეა; თუ 35-დან 39.9-მდეა - მეორე ხარისხის სიმსუქნეა, ხოლო 40-ის ზემოთ უკვე მორბიდული, პათოლოგიური სიმსუქნე განიხილება.

თუმცა ეს სიმსუქნის დიაგნოსტიკის სასტარტო და საკმაოდ გამოყენებადი მეთოდია, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გვაინტერესებს არა მხოლოდ ის, თუ რამდენი ცხიმოვანი ქსოვილი გვაქვს, არამედ ისიც, თუ სადაც არის ეს ქსოვილი განაწილებული.

- ანუ, შესაძლოა ადამიანს ნორმალური წონა ჰქონდეს, მისი BMI აბსოლუტურად ნორმაში იყოს, მაგრამ სხეულის გარკვეულ ზონებზე ცხიმოვანი ქსოვილი მაინც იყოს მომატებული?

- კი, ნამდვილად ასეა. ორი ადამიანი რომ შევადაროთ ერთნაირი სხეულის მასის ინდექსით, შესაძლებელია, რომ ერთს მეტაბოლური დაავადებებისა და სიმსივნური პროცესების განვითარების უფრო მეტი რისკი ჰქონდეს, მეორეს კი - არა. ამ რისკს სწორედ ცხიმოვანი ქსოვილის განაწილება განსაზღვრავს. უპირატესად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, არის თუ არა ეს გაცხიმოვნება აბდომინური.

აბდომინური ნიშნავს, რომ ცხიმი მუცლის არეში არსებობს. მარტივად ამის გაგებას სანტიმეტრით შეგვიძლია. მაგალითად, გამოვთვლით, რომ ქალბატონებისთვის მუცლის გარშემოწერილობა თუ 88 სანტიმეტრზე მეტია, ეს უკვე ნიშნავს, რომ მისი ცხიმოვანი ქსოვილი მაღალი მეტაბოლური აქტივობით ხასიათდება. მამაკაცებისთვის კი, თუ ის 102 სანტიმეტრს აჭარბებს, ამ შემთხვევაშიც მაღალია ალბათობა, რომ ქრონიკული მეტაბოლური პროცესები განვითარდეს.

- სიმაღლე რა როლს თამაშობს?

- ცხიმის დაგროვების პარალელურად, სიმაღლეც თამაშობს გარკვეულ როლს, მაგრამ აქ მინდა, ამ კუთხით კიდევ ვისაუბრო: მუცლის გარშემოწერილობა ვერ გვაძლევს ისეთ ზუსტ პასუხს, როგორსაც იმის განსაზღვრა, თუ სადაა ეს ცხიმი - კანქვეშაა დაგროვილი თუ უფრო ღრმად, შინაგან ორგანოებში. ვინაიდან კანქვეშა ცხიმი არ არის იმდენად საშიში, რამდენადაც შინაგან ქსოვილებში არსებული ცხიმოვანი ქსოვილი - ამას ჩვენ ვისცერულ ცხიმოვან ქსოვილს ვეძახით. დღესდღეობით გვაქვს კვლევები, არსებობს დენსიტომეტრიული კვლევა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში იკვლევს, თუ რამდენია შინაგანი ცხიმოვანი ქსოვილი. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია დიაბეტის, დისლიპიდემიისა და გულის დაავადებების რისკი.

- ბოლო პერიოდში ვიცით, რომ გავრცელებულია უამრავი საშუალება: ინექციური თუ აბების თვალსაზრისით, რომლითაც ებრძვიან ადამიანები ჭარბ წონას. თუ ეს ყველაფერი ერთად, კომბინაციაშია, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი?

- ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რა არის ჩვენი მიზანი და რამდენი კილოს დაკლება გვინდა. თუ საუბარია სულ რამდენიმე კილოზე, შესაძლებელია ცხოვრების წესის მოდიფიკაცია, მეტი ფიზიკური აქტივობა, დაბალკალორიული პროდუქტების მიღება და ცხიმოვანი თუ მაღალნახშირწყლოვანი პროდუქტების შემცირება. მაგრამ ეს არ უნდა იყოს დროებითი, ეს უნდა იყოს ცხოვრების წესი.

თუმცა, თუ ჭარბი წონა აჭარბებს და სიმსუქნეში გადავდივართ, ასეთ შემთხვევაში, რაკი ის მორეციდივე მატებებით ხასიათდება, დღესდღეობით გვაქვს პრეპარატები, რომლებსაც ვიყენებთ. ჩვენს საუკუნეში ეს მედიკამენტები საკმაოდ აქტუალურია და ძალიან კარგი შედეგები აქვთ როგორც წონის კლებაში, ისე სხვა ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებაშიც. ხოლო თუ წონა აჭარბებს 35-ს ან 40 BMI-ს, შესაძლებელია ქირურგიული ჩარევის, ბარიატრიული ქირურგიის განხილვაც.

- ვის უჭირს ხოლმე წონაში კლება ყველაზე მეტად? ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნივთიერებათა არასწორი ცვლა, ჰორმონალური ცვლილებები თუ გენეტიკური ფაქტორი უფრო ძლიერია?

- ერთადაც შესაძლებელია, მაგრამ როცა გენეტიკური წინასწარგანწყობაა, რასაკვირველია, აქ უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება პაციენტს. თუმცა გენეტიკური პრობლემების მოდიფიკაციაც, ჩვენი ძალისხმევით, შესაძლებელია, მაგრამ ეს ხანმოკლე არ არის - ეს გრძელვადიან პერსპექტივაში გათვლილი პროცესია. გენეტიკურ წინასწარგანწყობას დიდი წილი აქვს სიმსუქნის განვითარებაში.

- რომელი საათის შემდეგ აღარ ვიღებთ საკვებს?

- ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ექვსი საათის მერე აღარ უნდა ვიკვებოთ. დიეტაც არ უნდა განვიხილოთ ასე - ეს არ ნიშნავს, რომ ექვსი ან შვიდი საათის მერე აღარ მივიღოთ საკვები.

ზოგადად, დაძინებამდე სამი საათით ადრე სასურველია, რომ საკვები არ მივიღოთ. ეს ერთის მხრივ ხელს უწყობს, რომ ის საკვები, რომელიც სამი საათის განმავლობაში მივიღეთ, გავხარჯოთ.

- მაგრამ თუ მე ვიძინებ ყოველ ღამით პირველ საათზე ან ორ საათზე, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ 11 საათზე მივირთვა საკვები?

- გააჩნია, რას მივირთმევთ. თუმცა დაძინებამდე სამი საათით ადრე შესაძლებელია მცირეოდენობით დაბალკალორიული პროდუქტის მიღება. აქ მხოლოდ საღამოს მიღებულ საკვებს არ ვზომავთ, მნიშვნელოვანია ისიც, თუ დღის განმავლობაში რა რაოდენობით საკვებს ვიღებთ. თუ დღის განმავლობაში არ ვიღებთ საკვებს, ვშიმშილობთ და საღამოს ერთბაშად ვიღებთ მთელი დღის კალორიებს, რასაკვირველია, ეს სწორი არ იქნება.

სასურველია, რომ დღის განმავლობაში კვება მოხდეს სულ მცირე სამი-ოთხჯერ, მცირეოდენობებით. ასეთ შემთხვევაში ინსულინის გამომუშავებასაც ვარეგულირებთ და არ ხდება ერთბაშად ჭარბი რაოდენობით ინსულინის წარმოქმნა. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო - და ხშირად ვეუბნები ჩემს პაციენტებს - რომ ძალიან მავნე ჩვევა, როგორიც წახემსებებია, არ უნდა გვქონდეს.

ეს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან წახემსებებს შეუძლია გაზარდოს ინსულინის რაოდენობა. ინსულინი შემდგომ იწვევს ანაბოლურ ჰორმონს და იწვევს მთელ რიგ დარღვევებს - ინსულინრეზისტენტობის განვითარებით დაწყებული, სიმსივნური პროცესებით დასრულებული.

მენოპაუზამდე ბევრი ქალი ამჩნევს, რომ წონა შეიძლება არ იცვლებოდეს, მაგრამ ცხიმი მუცლის არეში მეტად გროვდება... როგორ შევამციროთ მუცლის არეში ცხიმის გადანაწილება? - ეკა კვირკველიას პასუხი ბევრი ქალისთვის აქტუალურ თემაზე
ჭარბი წონა შეიძლება მხოლოდ იმის ბრალი იყოს, რომ ადამიანი სისტემატურად, ძალიან სწრაფად ჭამს - რა უარყოფითი გავლენა აქვს სწრაფად კვებას ჩვენს ჯანმრთელობაზე