პრინცმა ჰარიმ დედასთან, პრინცესა დიანასთან ბოლო სატელეფონო საუბრის გამო სინანული გამოთქვა.
ჟურნალ GQ-ის პროექტისთვის - „კიდევ ერთი კითხვა“ პროექტისთვის მიცემულ ინტერვიუში, სასექსის 42 წლის ჰერცოგმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უმკლავდება დანაკარგს დედის გარდაცვალებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ და რა კითხვების დასმა სურს დღემდე.
საუბრის დასაწყისში ჰარიმ აღიარა, რომ დედაზე „თითქმის ყოველდღე“ ფიქრობს და მაინც ფიქრობს, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო: „ეს ფაქტობრივად წამიერად ხდება. უბრალოდ ვფიქრობ: „ღმერთო, როგორ მენატრები... მაინტერესებს, როგორი იქნებოდა სამყარო, აქ რომ ყოფილიყავი“. „მაინტერესებს, როგორი იქნებოდა ჩემი ოჯახი“.
დედის გახსენებისას, ჰარიმ ასევე ისაუბრა მასთან ბოლო სატელეფონო საუბარზე. იმ დღეს, ის და მისი უფროსი ძმა, პრინცი უილიამი, ბალმორალში, შოტლანდიაში სტუმრობდნენ. როგორც ძმებმა 2017 წლის დოკუმენტურ ფილმში „დიანა, ჩვენი დედა: მისი ცხოვრება და მემკვიდრეობა“ გაიხსენეს, საუბარი ხანმოკლე იყო: ბიჭები მოუთმენლად ელოდნენ ბიძაშვილებთან თამაშის დაწყებას (ისინი მაშინ 12 და 15 წლის იყვნენ).

„რომ მცოდნოდა, ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო, სრულიად განსხვავებული იქნებოდა... და ახლა ამასთან ერთად მიწევს ცხოვრება... ბოლოს და ბოლოს, მაშინ მხოლოდ 12 წლის ბიჭი ვიყავი და მინდოდა დროზე გაქცევა და ბიძაშვილებთან თამაში“.
დროის გასვლის მიუხედავად, სასექსის ჰერცოგი კვლავ გრძნობს კავშირს დედასთან. ის ამბობს, რომ ზოგჯერ არა მხოლოდ დიანას იხსენებს, არამედ პასუხების ძიებისასაც მას მიმართავს. „შესაძლოა, კალიფორნიაში ძალიან დიდხანს ვცხოვრობდი, მაგრამ საკუთარ თავზე გაწეული შრომის წყალობით, კვლავ ვგრძნობ დედასთან სიახლოვეს. ჩემი ცხოვრების გარკვეულ მომენტებსა და ეტაპებზე ნამდვილად ვგრძნობ მის ენერგიას“, - დასძინა პრინცმა.
ჰარიმ ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ ფსიქოთერაპია დაეხმარა მწუხარების დაძლევაში, მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში თრგუნავდა საკუთარ გრძნობებს. ახლა იმედოვნებს, რომ პირადი გამოცდილების შესახებ ღიად საუბარი დაეხმარება სხვებს, ვინც დანაკარგი განიცადა.
„ყველა თაობის ადამიანი - 90 წლის ასაკიდან ცხრა წლამდე - მუდმივად მეუბნება, რომ როდესაც ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ და ჩემს ისტორიას ვყვები, ეს მათაც ეხმარება. და სანამ ასეა, ვეცდები, სხვებს ცხოვრება გავუადვილო. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ადამიანია თუ მილიონი.“
შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანა, რომელიც ცნობილია როგორც „გულების დედოფალი“, 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის 36 წლის იყო. მისი თანმხლები პირი, დოდი ალ-ფაიედი და მძღოლი, ანრი პოლი, მასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ; ორივე მათგანი დაიღუპა. ბევრი დღემდე სამეფო ოჯახს ადანაშაულებს დიანას სიკვდილში. სამეფო ოჯახის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პრინცესას მკაცრი პროტოკოლი და ცივი ოჯახი ცხოვრებას უწამლავდა, ისინი უგულებელყოფდნენ მის პრობლემებს (მათ შორის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას და კვებით აშლილობას). და როდესაც მან ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, მის წინააღმდეგ „ინფორმაციული ომი“ დაიწყო, რამაც, სავარაუდოდ, ფატალური ავარიის ღამეს პაპარაცების დევნა გამოიწვია.


ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ ჰარის სურს დედაზე ფილმის გადაღება. მედიის ცნობით, ამ პროექტის რეალიზაციის სურვილი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრინცი და მისი ოჯახი სამშობლოში დაბრუნდნენ. თუმცა ბევრი ეჭვობს, რომ სასექსის ჰერცოგი ცდილობს დიანას სახელის პირადი პიარისთვის გამოყენებას და ვარაუდობენ, რომ ფილმმა შეიძლება სამეფო ოჯახთან კონფლიქტის ახალი რაუნდი გამოიწვიოს.