როდის შეძლებენ II-VI კლასის მოსწავლეების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას - რა არის ამ ეტაპზე ცნობილი მშობლებისთვის - მშობლები

როდის შეძლებენ II-VI კლასის მოსწავლეების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას - რა არის ამ ეტაპზე ცნობილი მშობლებისთვის

2026-10-26 09:10:02+04:00

II-VI კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების შეძენის თარიღი კვლავ გაურკვეველია. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ფორმების რეალიზაცია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მშობლებს ამ დრომდე არ მიუღიათ ზუსტი ინფორმაცია, როდიდან შეძლებენ მათ შეძენას.

როგორც მანამდე განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, სასკოლო ფორმების საქართველოში შემოტანა ეტაპობრივად იყო დაგეგმილი. მეორე და მესამე კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ფორმების მეორე ნაკადი 15 ოქტომბრამდე უნდა ჩამოსულიყო, ხოლო მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ფორმები ქვეყანაში 30 ნოემბრამდე იქნებოდა ხელმისაწვდომი.

"მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, 15 ოქტომბრამდე უნდა ჩამოვიდეს მეორე პარტია, რომელიც რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მეორე და მესამე კლასელებისთვის უნდა იყოს. 30 ნოემბრამდე უნდა ჩამოვიდეს დანარჩენი ფორმები, რომელიც უკვე მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი. ჩვენი მიზანია, პირველი სემესტრის დასრულებამდე, 31 დეკემბრის ჩათვლით პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდეს, შეიძინოს ეს ფორმები", - ამბობდა გივი მიქანაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

თუმცა, თავდაპირველად დაანონსებული ვადების მიუხედავად, ფორმების რეალიზაციის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, მშობლებისთვის ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

Mshoblebi.ge აღნიშნულ საკითხზე განმარტების მისაღებად განათლების სამინისტროს რამდენიმე დღეა უკავშირდება, თუმცა უწყებისგან პასუხი ოფიციალურად ამ დრომდე არ მიგვიღია. სამინისტროს ცხელ ხაზზე, "საგანმანათლებლო რესურსებში", კი განგვიცხადეს, რომ მე-2-მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ფორმების გაცემა ნოემბრიდან დაიწყება და ინფორმაცია გამოქვეყნდება.

ფორმების შეძენის თარიღისა და მათი ხელმისაწვდომობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თამარ იაკობაშვილი

მისამართები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება- შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს არის შესაძლებელი
როდის დაიწყება მე-2-მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების რეალიზაცია და რატომ ვერ შეიკერა ფორმები საქართველოში? - პასუხობს განათლების მინისტრის მოადგილე