ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. 2026-2027 სასწავლო წელი არაერთი სიახლით იწყება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი სასკოლო ფორმებია. სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, მშობლებს კიდევ არაერთი შეკითხვა აქვთ. საკითხზე უფრო ვრცლად გადაცემაში "იმედის დღე" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი საუბრობს:
- ერთ კვირაში 45 000 პირველკლასელი შეაღებს სკოლის კარს. სისტემაში წარმოდგენილი ვართ 2086 საჯარო და 205 კერძო სკოლით. შესაბამისად, ამ 45 000 მოსწავლიდან 38 000 - საჯარო, ხოლო 7 000 კერძო სკოლაში შევა.
რაც შეეხება ფორმებს, საქართველოს მასშტაბით გავხსენით 84 ლოკაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტში, სკოლების კონცენტრაციისა და მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად, ერთი ან მეტი ლოკაცია გამოყოფილია. ეს ინფორმაცია მშობლებს აქვთ. პროცესი ძალიან ორგანიზებულია. რიგების თავიდან აცილების მიზნით, დამრიგებლები თითოეულ მშობელს ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, თუ რომელ ლოკაციაზე და როდის უნდა გამოცხადდნენ.
გარდა ამისა, შევქმენით ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ფორმების შეძენა ასევე შესაძლებელია. 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით მშობლებს ფორმების შეძენა აღნიშნულ 84 ლოკაციაზე შეუძლიათ, ხოლო ონლაინ პლატფორმა მუდმივად იფუნქციონირებს.
- ორ მნიშვნელოვან საკითხს მინდა, შევეხო. კანონით განსაზღვრულია, რომ სასკოლო ფორმას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ატარებენ. თუმცა, 15 სექტემბერს ეს სიახლე მხოლოდ პირველკლასელებს შეეხებათ, ხოლო მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეებს ფორმებით ოქტომბერ-ნოემბრის თვეში უზრუნველვყოფთ.
ხშირად ისმის კითხვა: "რატომ ვერ შეიკერა ფორმები საქართველოში და რატომ დაუკვეთეს ჩინეთს?". მინდა განვმარტო: იმისათვის, რომ შეკვეთა პირდაპირ უცხოურ ბაზარზე არ განგვეთავსებინა, ტენდერი ორჯერ გამოვაცხადეთ. პირველ ტენდერში 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, ბაზარი ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ღია იყო.
სამინისტრომ წინასწარ შეიმუშავა მოთხოვნები, რომლებსაც სასკოლო ფორმა უნდა აკმაყოფილებდეს: ხარისხის სერტიფიკატები, ქსოვილის მედეგობა, მდგრადობა, ანტიალერგიულობა და სხვა. ადგილობრივმა კომპანიებმა 1 800 000 ცალი ფორმის შეკერვა დადგენილ ვადებსა და სტანდარტებში ვერ შეძლეს. სწორედ ამიტომ, 15 სექტემბერს ფორმით მხოლოდ პირველკლასელები გამოცხადდებიან, ხოლო მეორე-მეექვსე კლასელები მოგვიანებით შემოუერთდებიან.
ჩვენ ამით არ ვჩერდებით. შესაბამის უწყებებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადგილობრივი ბაზარი გაძლიერდეს და ქართულმა კომპანიებმა სასკოლო ფორმების შეკერვა შეძლონ.
რაც შეეხება ხარისხს: გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქსოვილი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. პროცესში ჩართულები იყვნენ დარგის სპეციალისტები და საქონელმცოდნეები, რომლებმაც შეისწავლეს საერთაშორისო ბაზარი და დაადგინეს ოპტიმალური შემადგენლობა. ანალოგიური შემადგენლობის ქსოვილი გამოიყენება ყველაზე ძვირად ღირებულ კერძო სკოლებშიც. ადგილზე მისვლისას მშობლები თავად დარწმუნდნენ ფორმების მაღალ ხარისხში.
- კომპლექტი მკაცრად განსაზღვრული არ არის. ბიჭებისთვის გათვალისწინებულია პიჯაკი და შარვალი, ხოლო გოგონებისთვის - პიჯაკი, შარვალი ან ქვედაბოლო. მშობელს შეუძლია, შეიძინოს, მაგალითად, ერთი პიჯაკი და რამდენიმე შარვალი ან ქვედაბოლო. ბიჭისთვის პირველ შეკვეთაში მაქსიმუმ ორი პიჯაკისა და ოთხი შარვლის შეძენაა შესაძლებელი, ხოლო გოგონასთვის - ორი პიჯაკის, ორი შარვლისა და ორი ქვედაკაბის.
- ბავშვებს ფორმა უნდა ეცვათ. სკოლებში მოქმედებს შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლის გარეგნულ იერსახეს დარეგულირებულ ჩარჩოებში აქცევს.
რაც შეეხება ღირებულებასა და შეღავათებს: პიჯაკის ფასი 45 ლარია, ხოლო შარვლისა და ქვედაბოლოსი - 25 ლარი.
თუკი კონკრეტულ ბავშვს ჯანდაცვის სამინისტროსგან ექნება ცნობა, რომ ის ფორმის ტარებას ვერ შეძლებს, სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დრესკოდი იმოქმედებს.
- ეს მსოფლიოში აპრობირებული მიდგომაა, რომელიც სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. სასკოლო ფორმა ამცირებს ბულინგის რისკებს, ათანაბრებს სოციალურ განსხვავებებს და მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აჩენს. რაც ყველაზე მთავარია, ეს საქართველოში არ გამოგვიგონია. მსოფლიოში არსებობს სასკოლო ფორმის კულტურა.
- ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება სწორედ სახელმძღვანელოების განახლებაა. 2028 წლის 15 სექტემბრისთვის რეფორმის ძირითადი ეტაპი დასრულდება.
ამ ეტაპზე სრულად მომზადდა და სკოლებში უკვე ურიგდებათ პირველი, მეშვიდე და მეათე კლასების ახალი სახელმძღვანელოები. ეს პროცესი 10 სექტემბრამდე დასრულდება. განახლდა ძირითადი, ფუნდამენტური საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. გამონაკლისის სახით, მეცხრე კლასშიც შეიქმნა ქართული ენისა და ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელო, რადგან საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს პროფესიულ განათლებაში გადასვლის უფლება აქვს და აუცილებელი იყო პროგრამული მასალის სრულყოფილად ათვისება.
- ძირითადი სიახლე კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე გადასვლაა. ადრე არსებული პრაქტიკა, როდესაც სხვადასხვა სკოლაში ერთი და იგივე საგანი განსხვავებული სახელმძღვანელოებით ისწავლებოდა, აღმოიფხვრა.
ახალი სახელმძღვანელოები მოსწავლისთვის აღქმად ენაზეა დაწერილი. მასალა ისეა სტრუქტურირებული, რომ გაცდენის შემთხვევაში მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თემის გაგება. სახელმძღვანელოებში ინტეგრირებულია არაჩვეულებრივი რუბრიკები: "გამომყევი", "უფრო მეტი გაიგე", "ესეც შეგიძლია", "თავად სცადე".
წიგნებში ჩაშენებულია QR კოდები, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეებს წვდომა აქვთ ეროვნული არქივისა და მუზეუმების მასალებზე, არტეფაქტებსა და დამატებით საგანმანათლებლო რესურსებზე.
სკოლის მთავარი ამოცანა, ხარისხიანი განათლების მიცემასთან ერთად, საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მცოდნე, პატრიოტი მოქალაქის აღზრდაა. მეშვიდე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო სწორედ თავით - "სამშობლო უპირველეს ყოვლისა" იწყება.
გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ 21 არაართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი დამატებით გაიხსნა. მადლობას ვუხდი ჩვენს არაართულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენის სწავლის ასეთი მაღალი ინტერესის გამოვლენისთვის.
იხილეთ გადაცემა სრულად: