მემკვიდრეობის მიღება, ქონების განაწილება, ანდერძის სამართლებრივი ძალა და კანონით გათვალისწინებული ვადები - ეს საკითხები ხშირად ხდება ოჯახური დავის მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა იცოდნენ, ვის ეკუთვნის მემკვიდრეობა, რა უფლებები აქვთ ქალიშვილებსა და ვაჟებს და რა შემთხვევაში შეიძლება მემკვიდრეს სავალდებულო წილის მიღების უფლება ჰქონდეს.
უფრო კონკრეტულად, ვინ იღებს მემკვიდრეობას პირველ რიგში და როდის გადადის ქონება სხვა რიგის მემკვიდრეებზე? როდის და რა შემთხვევაში შეიძლება პირის უღირს მემკვიდრედ ცნობა? შეიძლება თუ არა შვილის მემკვიდრეობის გარეშე დატოვება - რას ითვალისწინებს კანონი - აქტუალურ თემაზე "დილის LIVE" ადვოკატი ეკა ლომიძე საუბრობს:
- მემკვიდრეობა ეს არის სწორედ ის უფლებები და ქონება - უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც დარჩა გარდაცვლილს გარდაცვალების შემდეგ. მარტივად რომ ავხსნათ საზოგადოებისთვის და სამართლებრივი ტერმინები არ გამოვიყენოთ, გარდაცვლილ ადამიანს თუ რაიმე ჰქონდა თავის სახელზე - მოძრავი ქონება, ბინა, მიწა, მანქანა თუ წილი შპს-ში - აბსოლუტურად ყველაფერი ეს არის მემკვიდრეობა და შემდგომ მემკვიდრეები, რა თქმა უნდა, ამას იღებენ მემკვიდრეობით, ოღონდ ამას თავისი წესი აქვს.
- ზოგადად, სამკვიდრო და მემკვიდრეობა ჩვენს კანონმდებლობაში ისეა გაწერილი, რომ არსებობს რამდენიმე რიგის მემკვიდრეები. სულ მემკვიდრეების ხუთი რიგი გვყავს, მაგრამ პირველი რიგის მემკვიდრეები, რა თქმა უნდა, თუ ცოცხლები არიან, ესენი არიან: შვილები, გარდაცვლილის მეუღლე და დედ-მამა. რა თქმა უნდა, ისინი არიან პირველი რიგის მემკვიდრეები და ისინი იღებენ სამკვიდროს პირველ რიგში, ავტომატურად.
- ძალიან ხშირად მოგვმართავენ და გვეკითხებიან: როგორ, მეუღლე ცოცხალი იყო და ჯერ მე უნდა მივიღო, და რა დროს შვილია და დედა-მამაო? არა, აბსოლუტურად თანაბარწილად იღებენ. პირველი რიგის მემკვიდრეები ესენი არიან: მეუღლე, გარდაცვლილის შვილები და დედ-მამა. თუ ყველა სახეზეა, თანაბარწილად გაიყოფა მემკვიდრეობა. თუ სახეზე არ არის რომელიმე მათგანი და მას ჰყავს შვილი – ის მიიღებს მის წილ სამკვიდროს, თუ იქამდე გარდაიცვალა, ვიდრე მამკვიდრებელი.
- არა, ამ შემთხვევაში, ცოცხლები არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, შესაბამისად, შვილიშვილები უკვე სხვა რიგის მემკვიდრეები არიან. ეს ძალიან აქტუალური საკითხია. მოდი, ასე ვთქვათ - ბებიას ჰყავს ორი შვილი და ერთ-ერთი შვილი უკვე გარდაცვლილია. ამ შემთხვევაში მიიღებს თუ არა მემკვიდრეობას შვილიშვილი? შვილიშვილი ამ შემთხვევაში მიიღებს მემკვიდრეობას, თუ მისი მშობელი ცოცხალი არ არის, მაგრამ თუ ცოცხალია, რა თქმა უნდა, მაშინ შვილიშვილი ვეღარ მიიღებს. ანუ წინა რიგის მემკვიდრეობა გამორიცხავს სხვა რიგის მემკვიდრეობას. თუ პირველი რიგის მემკვიდრე ცოცხალია, მისი შვილი ვერ მიიღებს მემკვიდრეობას.
- თანაბარწილად მეუღლეც იღებს. რა თქმა უნდა, მეუღლეც იღებს. გარდაცვლილის შვილიც იღებს იმის წილს, მაგრამ მეუღლე არ კარგავს ამ წილს და ისიც იღებ. ანუ თანაბრად ნაწილდება...
- აი, ასეთი შემთხვევების დროს გამოჩნდებიან ხოლმე, რა თქმა უნდა, ადამიანები, ნათესავები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მემკვიდრეებიო. ხუთი რიგის იქით ითვლება, რომ ნათესავი მემკვიდრე ვერასდროს გახდება. ვთქვათ, ბიცოლა... ხშირად ამბობენ ხოლმე, ჩემი გაზრდილი იყო, ქონება მე უნდა მივიღოო. სამწუხაროდ, ვერ მიიღებს. ამიტომ, როდესაც არავინ არ არის იმ ხუთი რიგიდან, ქონება სახელმწიფოს გადაეცემა.
- ეს უკვე ცოტა სხვა, განსხვავებული საკითხია. ასეთ დროს მეზობელს რომ უვლი და ბინა გრჩება, ეს მემკვიდრეობით არ ხდება, ეს არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება – სულ სხვა სამართლებრივი რეჟიმია და არა ის, რომ მემკვიდრეობით მიიღო რაღაც ქონება მეზობლისგან, ან შეიძლება მეზობელმა აჩუქა უბრალოდ. ამიტომ მემკვიდრეობა არის ხუთი რიგი, კარგად დავიმახსოვროთ, საზოგადოებამ რომ იცოდეს – ამ ხუთ რიგს იქით ვერ გავცდებით. რა თქმა უნდა, პირველი რიგის მემკვიდრეები თუ ცოცხლები არიან, ვერ გადავდივართ მეორეზე და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კანონით განსაზღვრული და დაწესებული.
- ძალიან მტკივნეულ საკითხს შეეხეთ. სამწუხაროდ, მტკივნეულს ისევ და ისევ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცდამეერთე საუკუნეა, მაინც ფიქრობენ, რომ ქალი გათხოვდა, გოგონა გათხოვდა, წავიდა სახლიდან და მას აღარაფერი ეკუთვნის. სამართლებრივად ეს ასე არ არის და აბსოლუტურად თანასწორია ვაჟების და ქალების უფლებები ჩვენი კანონმდებლობით. არა აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, ხუთი ვაჟი ჰყავდა და ერთი ქალიშვილი თუ ხუთი ქალიშვილი ჰყავდა და ერთი ვაჟი, თანაბრად ნაწილდება სამკვიდრო. არის კანონიდან გამონაკლისები, როდესაც, მაგალითად, ვიღაც უვლიდა დედ-მამას და იმას მეტი ეკუთვნის, მაგრამ ეს არ ნიშნავს გათხოვებას და სახლიდან წასვლას, რომ მან დაკარგა სამკვიდრო და მემკვიდრეობა. აბსოლუტურად თანაბრად იცავს კანონი გოგონების, ქალბატონების უფლებებს. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველამ იცის საქართველოში, მაგრამ მაინც არის, რომ მე თვითონ მოქმედი პრაქტიკოსი ადვოკატი ვარ და ხშირად მოსულან და უთქვამთ: იცით რა, ის გათხოვდა და რატომ უნდა მივცეთ მას წილიო. არ სჭირდება სხვა არის და თუ თვითონ უარს ამბობს, მაგრამ კანონი მას აძლევს უფლებას, რომ მიიღოს სამკვიდრო თანაბრად.
- ხშირად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობელი, მიუხედავად იმისა, რომ მშობელმა იცის, ჰყავს შვილები და კანონით მაინც მიიღებენ ისინი სამკვიდროს - რა თქმა უნდა, ავტომატურად არ მიიღებენ, მაგრამ მიიღებენ სამკვიდროს – მან გადაწყვიტა, რომ დაწეროს ანდერძი და ერთ შვილს მისცეს ყველაფერი. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანდერძს აქვს ძალა, თუ ის გონებრივად ჯანმრთელი იყო, ფსიქოლოგიურად პრობლემები არ ჰქონდა და ნოტარიუსით გაკეთებული ყველაფერი წესრიგშია. გარდაცვალებიდან ექვს თვეში რომ მიაკითხავს ეს ადამიანი, მიიღებს მემკვიდრეობას. მაგრამ არსებობს ერთი პირობა: კანონმა გადაწყვიტა ისეთი რამ, რომ ვინაიდან შესაძლებელია, მშობელმა მოინდომოს და დატოვოს შვილი საერთოდ სამკვიდროს გარეშე, რომ ეს არ მოხდეს, სავალდებულო წილის მიღების უფლება დაუტოვა შვილს, სხვა შვილებს, რომლებსაც ანდერძით წართმეული აქვთ მემკვიდრეობა. სავალდებულო წილი არსებობს, ეს კანონითაა განსაზღვრული. მაგალითად, მე ვარ მშობელი და გადავწყვიტე, რომ ერთ შვილს მივცე მემკვიდრეობა და მეორე საერთოდ არ მომიხსენიებია ანდერძში. ამ შემთხვევაში, ჩემს შემდგომ რომ მიაკითხავს ის შვილი, რომელსაც ვუანდერძე, რა თქმა უნდა, გაიხსნება ანდერძი და მიეცემა მას თავისი ქონება, რაც დავტოვე. მაგრამ მეორე შვილიც რომ მიაკითხავს ნოტარიუსს და იტყვის, რომ მე ვარ მეორე მემკვიდრე და სავალდებულო წილი მეკუთვნის - თუ ჩემს პირველ შვილს, ვისაც ანდერძით დავუტოვე, არ ექნება პრეტენზია, არ დაიწყებს დავას (არა, ბატონო, ეს უღირსი მემკვიდრეა და არ უნდა მიიღოსო) და სასამართლოში არ იჩივლებს, შესაძლებელია, რომ სავალდებულო წილი მიიღოს ჩემმა მეორე შვილმა. და ეს რამდენია? თუ თანაბრად მიიღებდა იმ შემთხვევაში, მე რომ ანდერძი არ დამეწერა, ამ შემთხვევაში მიიღებს ნახევარს – იმის ნახევარს, რასაც ის მიიღებდა კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში. ანუ მარტივად რომ ავხსნათ: მე რომ არ დამეწერა ანდერძი და ორი შვილი მყავდეს და სხვა არავინ პირველი რიგის მემკვიდრე, ჩემი ქონება ორ ტოლ ნაწილად გაიყოფა, მაგრამ რადგან ანდერძი დავწერე, მოანდერძე მიიღებს მეტ წილს, მეორე შვილი კი მეოთხედს.
- ქონება ავტომატურად არავის არ ჩამოერთმევა. ზოგჯერ მოსულან და უთქვამთ, რომ იცით რა, სიცოცხლეში ცუდად ექცეოდა მშობელსო. ცუდად ქცევა რა არის, რას აკეთებდა? გააჩნია. თუ არ მოდიოდა სანახავად - ეს არ დაკვალიფიცირდება უღირსობად.
- პირველი შემთხვევა არის, როდესაც მამკვიდრებელი სიცოცხლეშივე სასამართლოს მიმართავს და ამ სასამართლოს მეშვეობით ხდება ჩამორთმევა, ოღონდ იქ უნდა იყოს არგუმენტები, რომ ძალადობდა, დანაშაული ჩაიდინა, 112-ის ამონაწერები შეიძლება იყოს, რომ მაგალითად, ვრეკავდი, ძალადობდა ჩემზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში სასამართლო ჩამოართმევს და ის დაკარგავს ყველანაირ წილს, მათ შორის სავალდებულოსაც. არის მეორე შემთხვევა, როდესაც ანდერძში წერს მამკვიდრებელი ამას, რომ არ სურს, ქონება დარჩეს: ამ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ანდერძში წერია, ეს არ ართმევს იმ მემკვიდრეს სრულად სამკვიდროს. სავალდებულო წილი რჩება, რადგან ჩვენ არ ვიცით რა მოტივი იყო, რატომ დაწერა, ანუ არგუმენტები აქ არ არის.
- მაინც რჩება, რა თქმა უნდა, მაგრამ მას შეუძლია, სადავო გახადოს ეს ყველაფერი და საერთოდაც დაიბრუნოს ის წილი... ანუ ასე მარტივად ანდერძით ვერ ჩამოართმევთ წილს.
- თუ არ იქნება ნება, მაშინ სასამართლო წესით იდავებენ. მემკვიდრე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ სავალდებულო წილი მიიღოს, მიმართავს სასამართლოს.
- არის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დავაა ასეთი. გვხვდება შემთხვევები, როცა ანდერძით უტოვებენ ერთ ადამიანს, ერთ შვილს ან, მაგალითად, სრულიად უცნობს ადამიანს. როცა ანდერძით უცნობ ადამიანს რჩება ქონება, მემკვიდრეები დავობენ არა იმაზე, რომ სავალდებულო წილი მიიღონ, არამედ იმაზე, რომ საერთოდ გააბათილონ ანდერძი. ხშირი შემთხვევებია, რომ ფიქრობენ, ეს ადამიანი არ იყო სრულ ჭკუაზე… ეს არის არგუმენტები სასამართლოში. რა თქმა უნდა, მტკიცება სჭირდება და არავინ არ ვიცით, როგორც დასრულდება დავა შემდგომ, მიიღებს თუ არა ის ადამიანი მემკვიდრეობას, მაგრამ სასამართლო დავის საშუალებას გვაძლევს. იქნებ, ძალდატანებით ან იძულებით დააწერინეს ადამიანს ანდერძი?! შესაბამისი მტკიცების ტვირთი უკვე იმ მხარეზეა, ვინც მიმართავს.
- გარდაცვალებიდან ექვსთვიანი ვადა არსებობს - ეს ვადა არ უნდა გავუშვათ. ეს არის სამართლებრივად ისეთი ვადა, რომლის გაგრძელებას უკვე სჭირდება სასამართლოში წასვლა, მიმართვა და ასე შემდეგ. ხშირად არის, რომ გლოვობს ადამიანი გარდაცვალებას, იმ დროს შესაძლებლობა არ აქვს, რომ ნოტარიუსს მიაკითხოს, მაგრამ დავიმახსოვროთ ყველამ, რომ ექვსთვიანი ვადა ეს არის ის ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა მივაკითხოთ სანოტარო ბიუროს. და კიდევ მნიშვნელოვანია: ზოგს ჰგონია, რომ აუცილებლად, თუ, მაგალითად, ადამიანი გარდაიცვალა ქუთაისში, უნდა მივიდეს მაინცდამაინც ქუთაისში - არ არის ასე. სადაც თქვენ მოგიხერხდებათ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, შეგიძლიათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიაკითხოთ სანოტარო ბიუროს, მიიტანოთ გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა, ანუ ნათესაური ჯაჭვი, რომ აიწყოს, და დაელოდოთ ნოტარიუსს განცხადების შედგენას და ნოტარიუსისგან სამკვიდრო მოწმობის გაცემას. ვადების დაუცველობა სერიოზულ, ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს და ეს ცუდი შედეგი არის ის, რომ უბრალოდ გაგიხანგრძლივდებათ სასამართლოში წასვლა და გჭირდებათ მტკიცება, რომ საერთოდ შეძლებთ ამ სამკვიდროს მიღებას. არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ არის ის ადამიანი თქვენთვის - დედაა, მამაა, ძმაა თუ ნებისმიერი - არ უნდა იფიქროს საზოგადოებამ, რომ ავტომატურად მიიღებენ, რადგან ის დედა, ძმა, შვილი ან ბებია იყო. ავტომატურად არაფერი ხდება. ავტომატურად არ გადმოდის სამკვიდრო, მინდა, რომ ყველამ ძალიან კარგად გაითვალისწინოს და დაიმახსოვროს.