ნინო გაჩეჩილაძე ვიკა ბუკიას გადაცემას - ვიკასთან სტუმრობდა. ისაუბრა ჩცდ-ზე, 15 წელზე კატოს როლში, თეატრზე, პირად თავისუფლებაზე და ასევე პირად ცხოვრებაზეც, რომელიც მუდამ აქტუალურია და ასევე აქტუალურია შეკითხვა - რატომ არ თხოვდება?
- ისე დაიღალა ხალხი — ხალხში ვგულისხმობ ჩემს გარშემო ადამიანებს, ნათესავებს, მეგობრებს და ასე შემდეგ — რომ უკვე აღარ მეკითხებიან. იმიტომ, რომ იციან, მე მაინც ისე ვიქნები, როგორც მინდა... რა თქმა უნდა, დავიღალე, იმიტომ, რომ უტაქტო კითხვაა. მაგრამ მათი მხრიდანაც გასაგებია — კეთილისმსურველები არიან, შენი ბედნიერება უნდათ, შენი კარგად ყოფნა უნდათ და უნდათ, რომ გიხილონ ბედნიერი. ეს მესმის... მაგრამ იქნებ მე ისედაც ბედნიერი ვარ და მაგას ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ იმას არ გეკითხებიან, შენ რა გინდა. ანუ მხოლოდ თავიანთი გადმოსახედიდან გესაუბრებიან.
ჩვენ გარშემო არიან ქალები, რომლებიც გათხოვდნენ, გაშორდნენ, გათხოვდნენ... ანუ ბევრჯერ... მე მგონია, რომ ოჯახს თუ ქმნი, ის უნდა იყოს მყარი და აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყო შენს არჩევანში. უმრავლესობა, მე მგონი, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში ვინც ქმნის ოჯახს, ბოლომდე დარწმუნებული არ არის თავის არჩევანში.და იცი, რა არის? პასუხისმგებლობის გაცნობიერება არის ყველაზე მთავარი, ალბათ, სანამ ოჯახს შექმნი. იმიტომ, მე რომ ვუყურებ, ახლა ჩემს დას ჰყავს ორი შვილი — ორი ანგელოზივით ბავშვი — და რამხელა შრომას მოითხოვს ბავშვების გაზრდა, რამხელა ყურადღებას, რამხელა ენერგიას, რამხელა სითბო და სიყვარული უნდა ჩადო.ნუ, ისედაც ბუნებრივია — დედას, როცა შვილები უყვარს, ამას უხვად გასცემს, მაგრამ იმხელა დრო და ენერგია სჭირდება, რომ ამას თუ ვერ აცნობიერებს ადამიანი, სანამ ოჯახს შექმნის, მაშინ არ უნდა შექმნას ოჯახი. იმიტომ, რომ ჩათვალე, შენი თავი უნდა გადადო ამისთვის.
ასე გამოვიდა, რომ ახლა ეს ჩემი არჩევანია, ასე ყოფნა და კარგად ვარ. თუმცა მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი.და აი, ხომ ამბობენ, რომ შენი ადამიანი უნდა იპოვო და მაშინ, როცა შეხვდები, მიხვდები, რომ ეგ არის შენი ადამიანი. ეგ მომენტი ჯერ არ მქონია ცხოვრებაში — რომ დაინახავ და მიხვდები, რომ შენი ადამიანია. ეგ არასდროს მქონია... როდესაც დავინახავ და მივხვდები, რომ აი, ის არის ჩემი ადამიანი, მერე, ალბათ, სხვა სურვილები გამიჩნდება, მაგრამ ჯერ არ ყოფილა ეგ მომენტი.
ახლა არავის არ ვეძებ... აზრი არა აქვს ძიებას. არც არასდროს არ ვყოფილვარ ეგრე, მართლა, გულწრფელად. იმიტომ, რომ არ ვარ ეგეთი მაძიებელი და მონადირე ქალი. არასდროს ვყოფილვარ...
ურთიერთობებში დათმობა ცუდი არ არის, მაგრამ გააჩნია, რას თმობ და როდის თმობ. რა სტატუსშიც არ უნდა იყო, ყველაფრის დათმობა არ შეიძლება. და განსაკუთრებით იქ, სადაც შენი პირადი სივრცე იზღუდება, მაგ დროს არაფერი არ უნდა დათმო. იმიტომ, რომ არსებობს რაღაც "რედ ფლეგები", რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოს ქალმა — ამ შემთხვევაში ქალმა. მე, სამწუხაროდ, მაგ "რედ ფლეგებს" ყურადღებას არ ვაქცევდი და ბევრ რაღაცაზე ვხუჭავდი თვალს. ზუსტად ეგ ვიგულისხმე მაგაში, რომ რაც უფრო მეტს ვთმობდი, მით უფრო მეტს ვაგებდი. იმიტომ, რომ უფრო ყურადღებით უნდა იყო, უფრო ფხიზლად უნდა იყო, როდესაც ცდილობენ შენი პირადი სივრცის შეზღუდვას... ეს გამოცდილება, ალბათ, ყველა ქალს ჰქონია, ყველას თუ არა, უმრავლესობას... რაც აქამდე მქონია, მე უფრო შეყვარებულობას დავარქმევდი. შეყვარებული, რა თქმა უნდა, ვყოფილვარ, მაგრამ აი, სიყვარული რასაც ჰქვია, რომელიც არასოდეს არ მთავრდება — ეგეთი რაღაცა არ ყოფილა...
...მამასთან ურთიერთობა დღემდე არის ძალიან მეგობრული, თბილი და მართლაც განსაკუთრებული. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ მამაა, ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია, ჩემი ძალიან დიდი მეგობარია და კრიტიკოსიც არის, რა თქმა უნდა. ბევრი რაღაცა ისე უთქვამს, რჩევაც მოუცია, გავუკრიტიკებივარ კიდევაც, ოღონდ მე არ ვგულისხმობ პროფესიულად, პროფესიულ ამბავში არა. ძაან რთულია სიტყვებით გადმოვცე ჩემი და მამაჩემის ურთიერთობა. უბრალოდ, ძალიან მიყვარს, იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ მამაჩემია, შინაგანად ძალიან მდიდარი ადამიანია და გრძნობიარე ადამიანია... ბევრს ვერ ვილაპარაკებ მამაზე.
დედას ადგილას სიცარიელეა... ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუმცა მე მაინც მჯერა, რომ როცა ადამიანები მიდიან, ისინი სამუდამოდ არ მიდიან. სულ ვგრძნობ ხოლმე, რომ დედაჩემი მისმენს, სულ მიყურებს. ძალიან ხშირად მესიზმრება და მგონია, რომ სულ ჩვენთან არის. მარტო ჩემთან არა — ჩემს დასთან, მამაჩემთან, ჩვენს ოჯახში ტრიალებს... მაქვს ამის შეგრძნება.მაგრამ, რა თქმა უნდა, ფიზიკურად რომ არ არის ჩვენთან ერთად და ამ ყველაფერში რომ არ იღებს მონაწილეობას, ეგ ძალიან მტკივნეულია და სევდიანი...ბევრს ვერც დედაზე ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დანაკარგია. ვისაც აღარ ჰყავს მშობელი, დამეთანხმება, როგორი მძიმეა მშობლის შემდეგ ცხოვრება... მშობელი როცა მიდის და განსაკუთრებით, დედა როცა მიდის, აცნობიერებ, რომ ახლა უკვე დიდი ხარ, ახლა უკვე შენი ცხოვრების განმკარგავი და ბატონ-პატრონი შენ თვითონ ხარ და მთელი პასუხისმგებლობა არის შენზე. შენი თავის პატრონი ხარ შენ.



ბავშვობიდან ოჯახში ვარსკვლავი ბავშვი იყო ჩემი და. „ბასტი-ბუბუში“ ხომ ძალიან პოპულარული იყო. ჯერ რეპით რომ დაიწყო, მერე „პეპიზე“ გადავიდა, მერე სხვადასხვა სიმღერას მღეროდა, მერე "მანას" ფესტივალზე გამოვიდა და რაღაც საოცარი ფურორი მოახდინა. ვარსკვლავი ბავშვი ნამდვილად იყო ჩემი და.მე ვიყავი უფრო ჩუმი, წყნარი, მორიდებული. სამი წლით ვარ უფროსი.
ვმეგობრობთ და გარდა იმისა, რომ და არის, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნდობა, რასაც ჰქვია, ნამდვილად გვაქვს, მეგობრობაც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენი აზრები შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს.