სკოლაში უფროსკლასელების მიერ გაუპატიურებული ბიჭის ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, დედა კი საზოგადოებას სთხოვს დახმარებას - "ბავშვს სამი ოპერაცია ჩაუტარდა... ღმერთს ვევედრები, მსგავსი რამ არც ერთ ბავშვს არ დაემართოს..." - მშობლები

სკოლაში უფროსკლასელების მიერ გაუპატიურებული ბიჭის ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, დედა კი საზოგადოებას სთხოვს დახმარებას - "ბავშვს სამი ოპერაცია ჩაუტარდა... ღმერთს ვევედრები, მსგავსი რამ არც ერთ ბავშვს არ დაემართოს..."

2026-11-02 09:53:29+04:00

ტუვის რესპუბლიკაში მომხდარი ეს მძიმე შემთხვევა თავის დროზე არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 2023 წელს სკოლის საპირფარეშოში არასრულწლოვან ბიჭზე განხორციელებულმა სექსუალურმა ძალადობამ და შემდგომმა გამოძიებამ, რომლის დროსაც, ოჯახის მტკიცებით, არაერთი დარღვევა გამოვლინდა, ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია. საქმის გახმაურებამ ოჯახს სამართლისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოუტანა, თუმცა სასამართლო განაჩენის შემდეგაც, ბევრი საკითხი გადაუჭრელი დარჩა.

მოძალადეებს პატიმრობა მიესაჯათ, მაგრამ დედის თქმით, იმ ზრდასრულ პირებს, რომლებიც გამოძიების პროცესში დოკუმენტების გაყალბებასა და სიმართლის დამალვას ცდილობდნენ, პასუხისმგებლობა დღემდე არ დაკისრებიათ. ოჯახს მშობლიური სოფლის დატოვება, საცხოვრებლის რამდენჯერმე შეცვლა და ახალ გარემოსთან შეგუება მოუხდა. დღეს აიზა კვლავ საჯაროდ საუბრობს საკუთარ მდგომარეობაზე - ამჯერად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და შვილის მკურნალობის გასაგრძელებლად დახმარებას ითხოვს.

zaladoba-11-1793598904.png

"ახლა მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ერთოთახიან ბინაში ექვსნი ვცხოვრობთ: მე, ჩემი ქმარი და ოთხი ბავშვი, რომელთაგან უმცროსი ორი წლისაა. საშინელი სივიწროვეა, სარეცხის გაშრობაც კი შეუძლებელია. ოროთახიანი ბინა ვიპოვეთ, მაგრამ წინასწარ გირაოს ითხოვენ, რისი გადახდის საშუალებაც არ გვაქვს. არ ვიცი, დახმარებისთვის ვის მივმართო", - წერს აიზა.

როგორც აღვნიშნეთ, ყველაფერი 2023 წლის იანვარში დაიწყო. ბიჭი სკოლის ეზოში მდებარე საპირფარეშოში სამმა უფროსკლასელმა გააუპატიურა. პორნოგრაფიული ვიდეოების ყურების შემდეგ, რაც მოგვიანებით გამომძიებლებმაც დაადასტურეს, მოზარდები ბავშვს თავს დაესხნენ. ძალადობა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

აიზამ შვილის ქცევის ცვლილება მალევე შეამჩნია. ოდესღაც აქტიური და მხიარული ბიჭი საკუთარ ოთახში ჩაიკეტა, მოგვიანებით კი დედას ჰკითხა: "სიკვდილი მტკივნეულია?" დედამ შვილის გამოკითხვა 22 იანვარს შეძლო. იმავე დღეს კი გამომძიებლების მაგიდაზე მისი განცხადებაც აღმოჩნდა.

თითქოს ასეთ ვითარებაში სიმართლის დამახინჯება შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდგომი მოვლენები სრულიად წარმოუდგენელი მიმართულებით განვითარდა. დაზარალებული ბავშვი ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე, სულ მცირე, ცხრა საათის განმავლობაში გამოკითხეს. მოგვიანებით ქალაქში, ექსპერტიზაზე სასწრაფოდ წასვლა გახდა საჭირო, სადაც ბავშვს ექსპერტის მხრიდან კიდევ არაერთი დამამცირებელი მოპყრობის ატანა მოუწია. მომზადდა ყალბი დასკვნები ფორმულირებით - "ყველაფერი წესრიგშია". ადგილი ჰქონდა გამომძიებლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და მოძალადეების აშკარა მფარველობასაც.

მრავალშვილიან ოჯახს მთელი სოფელი დაუპირისპირდა: დუმილს ურჩევდნენ, თავად აიზას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ოჯახს ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაც დაუწვეს.

zaladoba-12-1793598924.png

უცნობია, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია, საქმე მხოლოდ ადგილობრივ დონეზე რომ განხილულიყო. ვითარება საჯაროობამ შეცვალა: მომხდარზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდა და საერთაშორისო მედიაშიც მოიპოვა გამოხმაურება, სამართალდამცავ ორგანოებს კი მოძალადეების დასჯა მოსთხოვეს.

ბრალდებულთა მშობლებმაც სცადეს, ინტერნეტში შვილების დამცველები მოეძებნათ. დედები მათ დასაცავად გამოვიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ყველაფერი ფულის გამო დაიწყო. დაზარალებულ ბიჭზე კი ამბობდნენ: "თვითონაც არ არის ანგელოზი, ცელქია და სულ ტყუის"..."ამ ვითომ დაზარალებული ბიჭის დედა ჩვენ გვდევნის. ეს ბიჭი ჩვენს შვილებს არ გაუუპატიურებიათ, ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან", - ამბობდა მაშინ ერთ-ერთი ბრალდებული უფროსკლასელის დედა.

2024 წლის 15 ივნისს სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა: უფროსკლასელებს რეალური პატიმრობა მიესაჯათ - ერთს 9 წელი და 10 თვე, მეორეს 7 წელი, მესამეს კი 8 წელი. იმავე პერიოდში აიზას შვილს მესამე ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგიული ჩარევები მოსკოვში ჩატარდა, რადგან ბავშვის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი უმძიმესი აღმოჩნდა.

zaladoba-13-1793598939.png

"შვილმა მითხრა: "დედა, ოპერაციის არ მეშინია, მე ხომ მებრძოლი ვარ, ნუ ნერვიულობ". ღამის საფენებმა და დიდმა პამპერსებმა დაღალა. მადლობა პირადი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის... პირად ფსიქოლოგთან მუშაობას კიდევ დიდხანს გავაგრძელებთ. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა იმედი გვაქვს. გულს არავინ იტეხს. ყველას გვჯერა, რომ ჩემი შვილისა და ჩვენი ოჯახის ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება - გამოძიებისა და სასამართლო პროცესების გარეშე. მადლობელი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები!" - ამბობდა აიზა 2024 წლის ზაფხულში.

2023 წლის იანვრიდან თითქმის ოთხი წელი გავიდა, თუმცა ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ხელს აფარებდნენ, კვლავ დაუსჯელები არიან.

აიზას სიტყვებს საერთაშორისო მედია ვრცლად ციტირებს:"მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს ეს საშინელება დაემართა, თითქმის ოთხი წელი გავიდა. ამჟამად სამ მოძალადეს პატიმრობა მიესაჯა და ციხეში სხედან. ამის მიღწევა ძალიან ძნელი იყო, თუმცა სამართალმა იზეიმა. ამისთვის მადლობას ვუხდი ტუველ ხალხსა და ყველას, ვინც სხვა ქალაქებში ცხოვრობს. ისინი ჩემს შვილზე დარდობდნენ, კომენტარებს წერდნენ და სამართლიან სასამართლოს ითხოვდნენ. ჟურნალისტები, ბლოგერები და უბრალოდ გულშემატკივარი ადამიანები დაგვეხმარნენ.ხალხი მთელი მსოფლიოდან გვეხმარებოდა. შეგროვებული თანხით ადვოკატების მომსახურებას ვაფინანსებდით. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოსკოვიდან ტუვაში, ქალაქ კიზილში, სასამართლო პროცესებზე დავდიოდით, შემდეგ კი მკურნალობის გასაგრძელებლად უკან ვბრუნდებოდით.საცხოვრებლის შეცვლა მოგვიწია, რადგან სახლში დაბრუნება საშიში იყო - მოძალადეთა მშობლები და ნათესავები ღიად გვემუქრებოდნენ. ის სახლი, სადაც სოფელში ვცხოვრობდით, ახლა ცარიელია: ფანჯრები ჩამსხვრეულია, ეზოში არსებული ნაგებობები კი დამწვარი...შვილმა ახალ სკოლაში ადაპტაცია ვერ შეძლო, თანატოლები აბულინგებდნენ. ამიტომ საცხოვრებელ ადგილს ხშირად ვიცვლიდით, სანამ ისეთ სკოლას არ მივაგენით, სადაც ბავშვმა თავი ფსიქოლოგიურად კომფორტულად იგრძნო. ეს ყველაფერი უზომოდ რთულია... სამყარო კეთილი ადამიანების გარეშე არ არსებობს - უამრავი ადამიანი დაგვეხმარა და ყველას ვერც ჩამოვთვლი. ისინი დღემდე გვწერენ, ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე დარდობენ და გვკითხულობენ.

რატომ გადავწყვიტე, მომეყოლა ყველაფერი, რაც ჩემს შვილს გადახდა? იმიტომ, რომ ხანდახან სასოწარკვეთისგან ძალას ვკარგავ. ოჯახთან ერთად სოფლის მიტოვება, სხვა რეგიონში გადასვლა, ბინის ქირის გადახდა და ძლივს თავის გატანა მოგვიწია.დიახ, მოძალადეები ციხეში სხედან და დასჯილები არიან. თუმცა ზრდასრული ადამიანები სიმართლის დამალვას ცდილობდნენ, დოკუმენტებს აყალბებდნენ და ცრუ ჩვენებებს იძლეოდნენ - არც ერთი მათგანი არ დასჯილა! მხოლოდ სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს.

მოძალადეების მშობლები, მასწავლებლები, სკოლის მედიკოსი, სპორტული სკოლის მწვრთნელი - ყველა კვლავ მუშაობს. ერთ-ერთი მოძალადის დედა მასწავლებელი და კლასის დამრიგებელია, ბავშვებს ზრდის. მწვრთნელი არ გაუთავისუფლებიათ, მხოლოდ სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. დანარჩენები კი არა მხოლოდ არ გაუთავისუფლებიათ, არამედ დააწინაურეს კიდეც.

zaladoba-14-1793598962.png

ყველაზე საწყენი ის არის, რომ ქალი, რომელიც რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა და კამერის წინ აღიარა, ალკოჰოლს ვეტანებიო, დააწინაურეს და სკოლის დირექტორად დანიშნეს. დამრიგებელმა მეოთხეკლასელ ბავშვზე უარყოფითი დახასიათება შეადგინა. წერდა, რომ ის ტყუილისკენ არის მიდრეკილი და ცუდად სწავლობს. ეს ადამიანი კვლავ მუშაობს, თითქოს არანაირი დოკუმენტი არ გაუყალბებია. მუშაობას აგრძელებენ ის ადამიანებიც, რომლებიც წერდნენ, რომ ჩემი შვილი თითქოს არასრულწლოვანთა საქმეთა კომისიაში აღრიცხვაზე იმყოფებოდა.ტუვის რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი გვპირდებოდა, რომ თუ ბიჭების ბრალეულობა დამტკიცდებოდა, ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ მიიღებდნენ ზომებს, ვისაც მომხდარში ბრალი მიუძღოდა. ველოდები შემოწმების დაწყებას და დოკუმენტების ხელახლა შესწავლას. ასეთი დანაშაული - როდესაც უფროსკლასელები პორნოგრაფიული ვიდეოების ყურების შემდეგ ბიჭს სკოლის ტუალეტში აუპატიურებენ - სწორედ მასწავლებლების დანაშაულებრივი გულგრილობის პირობებში მოხდა.

ღმერთს ვევედრები, მსგავსი რამ არც ერთ ბავშვს არ დაემართოს და ისინი, ვისაც ბავშვებს ვანდობთ - მასწავლებლები თუ სპორტსკოლის მწვრთნელები - მათ იცავდნენ. ასეთი დანაშაულების მიჩუმება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კვლავ და კვლავ განმეორდება.

ჩემი შვილის შემთხვევის შემდეგ ბავშვებზე ძალადობის კიდევ ორი შემთხვევა მოხდა მეზობელ სოფლებში: ჯერ ბიჭების ჯგუფმა მიმღებ ოჯახში მცხოვრები გოგონა გააუპატიურა, შემდეგ კი ღვიძლმა მამამ საკუთარ პატარა ქალიშვილზე იძალადა. ეს არ მოხდებოდა, ჩემი შვილის მოძალადეები რომ არ დაეცვათ. ამგვარი დაუსჯელობა მოძალადეებს აფიქრებინებს, რომ მათაც არაფერი დაემართებათ.

ახლა, როგორც დედა, ჩემი შვილის ჯანმრთელობასა და მომავალზე ვდარდობ. ბოლო ოპერაციიდან ორი წელი გავიდა - სულ სამი ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მოსკოვში გამოკვლევის ჩატარება ვერ შევძელით. მგზავრობისთვის საჭირო თანხა არ გვაქვს, ჩვენ კი სხვა რეგიონში ვცხოვრობთ. ეს გამოკვლევა ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს...შვილს რცხვენია და ამბობს, რომ მხოლოდ თავის ქირურგთან წავა. როდესაც ცუდად ხდება, სასწრაფო დახმარებას ვიძახებთ. ექიმები ეკითხებიან: რა ოპერაცია გაუკეთეს? ჩემი შვილი პასუხს ვერ სცემს, დუმს... ძალიან მტკივა, მეც არ ვიცი, რა ვთქვა. უზომოდ ვნერვიულობ იმაზეც, მომავალში, როდესაც ექიმები ამ კითხვას დაუსვამენ, რას უპასუხებს.

მინდა, სამართლიანობა აღდგეს იმის გამო, რაც ჩემმა შვილმა გადაიტანა და რამაც მისი ცხოვრება დაამახინჯა. პასუხი მხოლოდ მოძალადეებმა კი არა, ზრდასრულებმაც უნდა აგონ - ისინიც დამნაშავეები არიან.დიდხანს ველოდი, რომ მათ შეამოწმებდნენ და დასჯიდნენ, თუმცა ამაოდ. მარტო ამის გაკეთებას ვერ შევძლებ. მის გარდა, კიდევ სამი პატარა ბავშვი მყავს და არ მინდა, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდეს".

საშინელი კაცები... ისინი ძალადობდნენ, ამაზრზენად იქცეოდნენ... საკუთარი სხეული შემზიზღდა... - Playboy-ს დამფუძნებლის ქვრივის სკანდალური აღიარება ქმარზე, დონალდ ტრამპზე, ჯეკ ნიკოლსონზე და სხვა ცნობილ მამაკაცებზე
ქალს მამაკაცმა 250-მდე ტატუ ძალით გაუკეთა და თავისი სახელით დაუფარა კანი... - მორიგი ეჭვიანობის, ძალადობის და ცემის შემდეგ ახალი ტატუ ჩნდებოდა, სანამ ქალმა თავს არ უშველა
8 წლის გოგონა, რომელიც სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა და მისი საქმე ბავშვზე ძალადობის პირველ სასამართლო პროცესად იქცა - ამ ამბავმა მსოფლიოში ბავშვთა დაცვის პირველი ორგანიზაციის შექმნას ჩაუყარა საფუძველი