როგორ დავიწიოთ მაღალი წნევა წამლების გარეშე რამდენიმე წუთში – მარტივი ტექნიკა - მშობლები

როგორ დავიწიოთ მაღალი წნევა წამლების გარეშე რამდენიმე წუთში – მარტივი ტექნიკა

2026-11-04 09:40:09+04:00

არტერიული წნევის მომატების ერთ-ერთი შესაძლო და ძალიან გავრცელებული მიზეზი დაძაბულობა, შფოთვა და სტრესია. როდესაც ადამიანი შფოთავს ან ქრონიკულ სტრესს განიცდის, ორგანიზმში აქტიურდება სტრესზე რეაგირების მექანიზმი, რამაც შესაძლოა გულისცემის აჩქარება, სისხლძარღვების შევიწროება და არტერიული წნევის დროებითი მატება გამოიწვიოს.

როგორ შეიძლება ასეთ დროს ორგანიზმის დამშვიდება და წნევის შემცირების ხელშეწყობა მედიკამენტების გარეშე? ერთ-ერთი მარტივი მეთოდი სუნთქვითი ვარჯიშია, რომელიც ნერვული სისტემის დაძაბულობის შემცირებას უწყობს ხელს.

ყველაფერი თავის ტვინის რეაქციით იწყება. როდესაც ადამიანი შფოთავს, ნერვიულობს ან საფრთხეს გრძნობს, ტვინი ორგანიზმს თავდაცვისთვის ამზადებს. აქტიურდება სიმპათიკური ნერვული სისტემა და გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც აჩქარებს გულისცემას და ცვლის სისხლძარღვების ტონუსს. შედეგად შესაძლოა არტერიულმა წნევამ მოიმატოს.

თუ ადამიანი ხშირად განიცდის შფოთვას, ორგანიზმი ზოგჯერ უმნიშვნელო ემოციურ დაძაბულობაზეც კი მსგავსი რეაქციით პასუხობს.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის დამშვიდება და ამისთვის სამი მარტივი ნაბიჯი.

1. ყურადღება სუნთქვაზე გადაიტანეთ და ისუნთქეთ ცხვირით.

შეეცადეთ, სუნთქვა იყოს მშვიდი და ბუნებრივი.

2. გონებაში დაითვალეთ ყოველი ამოსუნთქვა ერთიდან ათამდე.

ყურადღების სუნთქვაზე კონცენტრირება ხელს უწყობს დაძაბულობისა და შფოთვის შემცირებას.

3. გააკეთეთ მშვიდი, მოდუნებული ამოსუნთქვები.

ეცადეთ, ამოსუნთქვა იყოს ნელი და თავისუფალი, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ეს ტექნიკა ნერვული სისტემის დამშვიდებასა და სტრესით გამოწვეული წნევის მატების შემცირებაში შეიძლება დაგეხმაროთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ?

სტრესი და შფოთვა არტერიული წნევის მომატების ერთ-ერთი შესაძლო მიზეზია, თუმცა არა ერთადერთი. მაღალი წნევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლების, ჰორმონული რეგულაციისა და სხვა ფაქტორებთან.

თუ ადამიანს მაღალი წნევა ხშირად აღენიშნება, აუცილებელია მისი მიზეზების გარკვევა და ექიმთან კონსულტაცია. სუნთქვითი ვარჯიშები შეიძლება იყოს დამხმარე მეთოდი, მაგრამ არ უნდა ჩაანაცვლოს დანიშნული მკურნალობა.

თუ წნევა 180/120 მმ-ს აღწევს ან აღემატება, საჭიროა მისი განმეორებით გაზომვა და დაუყოვნებლივი სამედიცინო შეფასება. გულმკერდის ტკივილის, ქოშინის, მეტყველების ან მხედველობის დარღვევისა და სხვა საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

​როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები და რა შეცდომებს ვუშვებთ წნევის გაზომვისას - თამარ დაუსის რეკომენდაციები
დავლიე და წნევა მაინც მაღალი მაქვს - შეცდომები წნევის დამწევის და წნევის მარეგულირებლების მიღებისას