​როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები და რა შეცდომებს ვუშვებთ წნევის გაზომვისას - თამარ დაუსის რეკომენდაციები - მშობლები

​როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები და რა შეცდომებს ვუშვებთ წნევის გაზომვისას - თამარ დაუსის რეკომენდაციები

2026-10-07 11:48:49+04:00

ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში "მარი მალაზონია პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები:

- ინსულტის დროს ხშირად დროს ვკარგავთ. ვამბობთ: "აბა, ტილო, ცხელი აბაზანა, შხაპი, მეზობელს ამან უშველა..." ამასობაში დრო გადის. სინამდვილეში კი ტვინი უჟანგბადობის მიმართ ბევრად უფრო მოწყვლადია, რის გამოც დრო ძალიან ცოტა გვაქვს. ​რას უნდა დავაკვირდეთ და რა უნდა გავაკეთოთ?

არსებობს სამი ძირითადი კომპონენტი, რომლებიც უნდა შევაფასოთ: ​

  1. ღიმილი/კბილები: სთხოვეთ ადამიანს, გაიღიმოს ან კბილები გვიჩვენოს. დააკვირდით, ხომ არ არის სახის ასიმეტრია, ანუ ხომ არ ჩამორჩება სახის ერთი მხარე მეორეს. ​
  2. ხელების აწევა: სთხოვეთ, თვალები დახუჭოს, ხელები ხელისგულებით ზემოთ ამოაბრუნოს და მაღლა აწიოს. თუ ერთი ხელი ჩამორჩება ან ქვემოთ ეშვება, ეს საგანგაშო ნიშანია. ​
  3. მეტყველება: სთხოვეთ მარტივი წინადადების გამეორება, მაგალითად: "გარეთ კარგი ამინდია". თუ სიტყვებს ურევს, ვერ იმეორებს ან გამეორება უჭირს, ეს მესამე საგანგაშო სიმპტომს წარმოადგენს.

​ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთის გამოვლენისას, პაციენტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

ამავე გადაცემაში თამარ დაუსი საუბრობს, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად წნევის გაზომვის დროს:

- რაც შეეხება წნევის გაზომვას და იმ შეცდომებს, რომლებსაც ამ დროს ვუშვებთ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არასწორად შერჩეული მანჟეტია. ოჯახში შესაძლოა, სხვადასხვა აღნაგობის ადამიანი ცხოვრობდეს, წნევას კი ყველას ერთი აპარატით ვუზომავდეთ. აფთიაქებშიც, როგორც წესი, ძირითადად სტანდარტული ზომის მანჟეტები იყიდება. ​წნევის აპარატის მანჟეტის ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: პატარა მანჟეტი ცრუდ მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს, ხოლო დიდი - ცრუ დაბალს. იმისათვის, რომ მანჟეტი სწორად შევარჩიოთ, რთული სანტიმეტრების დამახსოვრება საჭირო არ არის. ​

როგორ შევამოწმოთ მანჟეტის ზომა? ​

მანჟეტი მკლავს კარგად უნდა ეკვროდეს. შეკვრისას ფხრიწიანი ნაწილი არც ზედმეტად გადაფარებული უნდა დარჩეს და არც მხოლოდ ნაწილობრივ ეჭირებოდეს. ​სიგრძის მიხედვით, მანჟეტი იდაყვიდან იღლიამდე მხრის დაახლოებით ორ მესამედს უნდა ფარავდეს. იგი არც იდაყვზე უნდა გადადიოდეს და არც იღლიის ფოსოში შედიოდეს. ​ამ წესების დაუცველად გაზომვისას, აპარატი ძირითადად მცდარ მაჩვენებელს გვიჩვენებს.

დავლიე და წნევა მაინც მაღალი მაქვს - შეცდომები წნევის დამწევის და წნევის მარეგულირებლების მიღებისას
მექანიკური წნევის აპარატი უფრო ზუსტად ზომავს თუ ელექტრონული — რომელი უფრო სანდოა და რა შემთხვევაში?
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ წნევის შემოწმება მაინცდამაინც მარცხენა ხელზეა აუცილებელი… - სინამდვილეში რომელ ხელზე უნდა გავიზომოთ წნევა? გიორგი ღოღობერიძის პასუხი